1500 სკოლის შემოწმების შემდეგ ჯანდაცვის მოთხოვნები 81-მა ვერ დააკმაყოფილა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების ფონზე, სკოლებში ზომების გამკაცრება არ იგეგმება, თუმცა მთავარია არსებული რეკომენდაციების დაცვა მოხდეს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით კი, შემოწმებული 1500 სკოლიდან სწავლის გაგრძელების ნებართვა ამ ეტაპზე მხოლოდ 614 სკოლას მისცეს.
„სკოლის გარემო უნდა იყოს სანიტარულად მოწესრიგებული, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ხელების ხშირად დაბანის შესაძლებლობა და ასევე ხელის სანიტაიზერების გამოყენების საშუალება. მშობლებმა სიცხიანი ბავშვები არ უნდა გაუშვან სკოლაში და თუ მოხდება ყველა რეკომენდაციის დაცვა, რისკები იქნება შემცირებული“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
რაც შეეხება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მონაცემებს, უწყების ხელმძღვანელ ბექა ფერაძის განცხადებით, სკოლებს რომლებმაც რეკომენდაციები ვერ დააკმაყოფილეს, მიეცათ მითითებები და დარღვევების აღმოფხვრაზე მუშაობენ.
„გრძელდება შემოწმებები, დღეის მდგომარეობით შემოწმებულია ფაქტობრივად 1500-მდე სკოლა, საიდანაც ჩვენ ნებართვა გავეცით 614 სკოლაზე. მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 81-მა სკოლამ, დანარჩენი გარკვეულ პროცესშია, ველოდებით გარკვეულ დოკუმენტაციას, რომ შესაბამისი ნებართვა იყოს გაცემული. ასევე შემოწმებულია 10-ზე მეტი უნივერსიტეტი თითოეულ მათგანზე ნებართვა გაცემულია და ეს პროცესი გრძელდება. პროცესში ჩართულია სხვადასხვა საზედამხედველო უწყება, ესენია შრომის ინსპექცია, შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. საზედამხედველო სამსახურების მიერ ხდება შემოწმება, დასურათება, კითხვარის შევსება, რაც შესაბამის პორტალზე იტვირთება და გადაწყვეტილებას იღებს შრომის ინსპექცია“, – განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსპექტირების პროცესი გრძელდება და უწყებას ჰყავს საკმარისი თანამშრომლები იმისთვის, რომ შემოწმება 15 სექტემბრამდე დასრულდეს.
„ჩვენი ინსპექტორთა რაოდენობა არის დაახლოებით 400-მდე, ამიტომ აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ რამდენიმე დღეში ეს პროცესი იყოს დასრულებული და სწავლის დაწყებას ამ კუთხით არავითარი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ განათლების სამინისტროსთან, შესაბამისი პროცედურების დაცვას სჭირდებოდა გარკვეული დრო. ხვალ უკვე აქტიური და სრულმასშტაბიანი შემოწმება დაიწყება სკოლების მიმართულებით, რასაც 15 სექტემბრამდე დავასრულებთ. ყველა სკოლის დირექტორი და მასწავლებელი გაფრთხილებულია და პროცესი მომზადებულია, ამიტომ სკოლებისგან მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით რაიმე გართულებებს არ ველოდებით“, – ამბობს ბექა ფერაძე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 2313 სკოლა და 62 უმაღლესი სასწავლებელია.
სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აიკრძალა
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება