გახდება თუ არა რეზიდენტურა და დოქტორანტურა უფასო? – რა დავალება მიიღო პრემიერ-მინისტრისგან განათლების სამინისტრომ
„ახალი დავალება გვაქვს მიღებული და დაწყებულია მუშაობა, თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ როგორც დოქტორანტურა, ისე რეზიდენტურა გახდეს უფასო“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განუცხადა.
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა) უფასოდ ისწავლიან. რეფორმის ფარგლებში ცვლილება ეხება ორივე საფეხურზე სწავლების წლებსაც – ბაკალავრიატი 3-წლიანი, ხოლო მაგისტრატურა 1-წლიანი ხდება. ის მაგისტრანტები კი, რომლებიც სწავლის გაგრძელებას მესამე საფეხურზეც (დოქტორანტურა) აპირებენ, მაგისტრატურაზე ერთი წლის ნაცვლად, ორი წელი დაჰყოფენ.
არც დაფინანსებისა და არც სწავლის ხანგრძლივობის მიხედვით, ჯერჯერობით ცვლილებები არ შეხებია დოქტორანტურას, თუმცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, დაწყებულია მუშაობა, რათა დაადგინონ, შესაძლებელია თუ არა, როგორც დოქტორანტურა, ისე რეზიდენტურა, უფასო გახდეს.
საკითხზე მინისტრის მოადგილემ თავდაპირველად პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, რითაც უპასუხა ამავე კომიტეტის წევრ ლადო კახაძის შეკითხვას – „შეეძლო თუ არა დადასტურება, რომ მსჯელობენ საკითხზე, რომლის მიხედვითაც, 2026 წლიდან ჩარიცხულებისთვის სამედიცინო უნივერსიტეტში რეზიდენტურა უფასო გახდება“.
„ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს. ჩვენი რეფორმა უფასო სწავლებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის ეხება მხოლოდ პირველ და მეორე საფეხურებს, ანუ ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას. დოქტორანტურა არც აქამდე არსებულ მოქმედ რედაქციაში იყო პირდაპირი გაგებით უფასო. შესაბამისად, უნივერსიტეტების დიდ ნაწილში არის ფასიანი და საკმაოდ ძვირადღირებული პროგრამები გახლავთ. თუმცა, არის უნივერსიტეტები, რომლებსაც უფასო პროგრამებიც ჰქონდათ, რაც ძალიან კარგია და ძალიან მოგვწონს. რაც შეეხება უფასო სწავლებას, პრემიერ-მინისტრისგან ჩვენ, სამინისტროს, გვაქვს მიღებული დავალება, რომლის მიხედვითაც, უნდა ვიმუშაოთ და ვმუშაობთ მესამე საფეხურთან დაკავშირებულ მოდერნიზებულ საკითხზე – ვგულისხმობ დოქტორანტურას. ეს ეხება როგორც შინაარსობრივ, ისე დაფინანსების ნაწილს და აქვე ვგულისხმობთ რეზიდენტურის ნაწილსაც“, – აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ პარლამენტში.
მისივე განმარტებით, ასევე მსჯელობენ, შესაძლებელია თუ არა, რომ სტუდენტმა დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტები მეორე საფეხურის მაგისტრატურაზე [+1] გაიაროს.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, უფრო კონკრეტულად, რა მიზანს ემსახურება უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე დაგეგმილი შინაარსობრივი ცვლილებები და ხომ არ უნდა ველოდოთ ახალ გადაწყვეტილებებს დოქტორანტურაზე სწავლების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, რაზეც ზვიად გაბისონიამ გვიპასუხა:
კარდიოლოგიის რეზიდენტი: „ყურადღების მიღმა რჩება ის მიზეზები, რასაც ექთნების დეფიციტთან მივყავართ“
„დოქტორანტურის სამწლიანი მოდელი არის ევროპული სტანდარტი. შესაბამისად, არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ევროპულ სტანდარტსა და ბოლონიის პროცესს გადავუხვევთ. დოქტორანტს მინიმუმ სამი წელი ექნება სწავლის შესაძლებლობა, კორექტირება შეეხება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ვფიქრობთ, რომ უფრო მკაცრი მოთხოვნები უნდა იყოს, კარგი გაგებით, სამეცნიერო პოტენციალის გამოსავლენად. უფრო ნაკლები აკადემიური კომპონენტები უნდა იყოს ლექციების ნაწილში, რადგან მიგვაჩნია, რომ მესამე კატეგორია არის წმინდა კვლევითი კომპონენტის შემცველი. ამიტომ, არ მგონია, რომ ცვლილება წლოვანების ნაწილში იყოს, უფრო ხარისხობრივი პარამეტრების ნაწილში იქნება, უფრო მეტი კვლევა იქნება. ვფიქრობთ, რომ ცუდი არ იქნება, თუ იგივე საგნების სწავლების ნაწილი ჩამოიწევს მაგისტრატურის მეორეწლოვან კომპონენტზე და გამოთავისუფლებული ადგილი იქნება იმისთვის, რომ დოქტორანტმა უფრო მეტად სამეცნიერო კონფერენციებსა და პუბლიკაციებზე იმუშაოს. ანუ, უფრო გაზარდოს თავისი აკადემიურ-სამეცნიერო პოტენციალი…“.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
სახელმწიფო უნივერსიტეტების „შფოთვა“ დაფინანსებაზე და მინისტრის მოადგილის ხისტი პასუხი – როდის ამოქმედდება ახალი მოდელი
by ARIS.GE-განათლება
-
აბიტურიენტებმა ეს მნიშვნლოვანი ინფორმაცა ისევ არ იციან – „სწავლის ხარჯების გათვლაც გაუჭირდებათ“
by ARIS.GE-განათლება
-
ისევ იზრდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შეუძლიათ, განათლების სფეროს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სამუშაო შეითავსონ – ჩამონათვალი
by ARIS.GE-განათლება

