GE

2017-2018 ახალი სასწავლო წელი დღეს დაიწყო

ახალი 2017-2018 სასწავლო წელი სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის დღეს, 15 სექტემბერს, დაიწყო. წელს სკოლებში დაახლოებით 50 300 პირველკლასელია რეგისტრირებული, მათ წიგნებთან ერთად პორტაბელური კომპიუტერები – Acer TravelMate B117 Notebook PC-ი გადაეცათ საჩუქრად.

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და სტუდენტებს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.

21769187_10212466267805392_632244952_o (1),,გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დღეიდან იწყება ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დღეს პირველად შეაღო სკოლისა და უნივერსიტეტის კარი. მჯერა, რომ თითოეული მათგანი, გაათმაგებული ენერგიითა და შემართებით შეუდგება ცოდნის გადაცემისა და დაუფლების პროცესს, რომელიც არსებითია საზოგადოების განვითარებისთვის. სწორედ თითოეული მოქალაქის ინტელექტითა და შესაძლებლობების გამოყენებით უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში“, – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

რაც შეეხება ახალ სასწავლო წელს დაგეგმილ სიახლეებს, მისი არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება: გაორმაგებული რაოდენობის თავისუფალი გაკვეთილები, ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად განხორციელებული კამპანიები, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, გადამზადებული პედაგოგები და სკოლების ადმინისტრაცია, შრომითი უნარების განვითარების პროგრამები.

,,მოსწავლეებს ნამდვილად ძალიან საინტერესო სასწავლო წელი ელით. ეს წელი უფრო მეტად აქტიური და შინაარსიანი იქნება როგორც ფორმალური განათლების ნაწილში, ისე დამატებითი აქტივობების თვალსაზრისით. საინტერესო იქნება ის გაკვეთილები, რომლებსაც ჩვენი მასწავლებლები ჩაატარებენ, ვინაიდან ზაფხული გამოყენებული იყო მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

21767142_10212466267565386_1528118475_o (1)ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით ძალიან ბევრი საინტერესო პროექტია დაგეგმილი. გარდა ჯანსაღი კვების მიმართულებით დაგეგმილი კამპანიური და საგანმანათლებლო პროცესებისა, რომლებიც მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზეა ორიენტირებული, დიდი მნიშვნელობა აქვს სასკოლო სპორტის გააქტიურებას. მშობლებისათვის ასევე საინტერესოა ისიც, რომ ზაფხულის ბანაკების პროგრამა გაგრძელდება და მას ინტენსიური ბანაკების პროგრამა დაემატება, რომელიც აქტიურ დასვენებასა და სასწავლო პროცესს შეათანხმებს.

კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ შრომითი უნარების განვითარებას ვგეგმავთ საჯარო სკოლებში. ეს პროგრამა პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით განხორციელდება, ოღონდ სკოლის ბაზაზე და მოსწავლეებს ძალიან საინტერესო მოდულებს შესთავაზებს“, – აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

2017-2018 სასწავლო წელი იწყება – სიახლეები, ცვლილებები, გეგმები

რა ჯდება სკოლისთვის მომზადება 2017-2018 სასწავლო წელს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური