GE

2017-2018 სასწავლო წელი იწყება – სიახლეები, ცვლილებები, გეგმები

გაორმაგებული რაოდენობის თავისუფალი გაკვეთილები, ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად განხორციელებული კამპანიები, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, გადამზადებული პედაგოგები და სკოლების ადმინისტრაცია, შრომითი უნარების განვითარების პროგრამები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ სიახლეებისა, რომლითაც განათლების სამინისტრო და საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს იწყებენ.

განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ჩვენთან ინტერვიუში დეტალურად საუბრობს ყველა იმ ცვლილებაზე, რაც სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს 2017-2018 სასწავლო წელს ელით.  ასევე იმაზეც, რაც პრველკლასელებს სკოლაში მისვლის პირველ დღეს დახვდებათ. მისი თქმით, სავარაუდოდ რამდენიმე სკოლაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სწავლა  15 სექტემბერს არ დაიწყება.

ლია გიგაური: საჯარო სკოლაში წელს 50 400 მოსწავლეა დარეგისტრირებული, კერძო სკოლაში კი 5 428.

–შარშანდელთან შედარებით მონაცემები შეცვლილია?

ლ.გ: შარშანდელთან შედარებით მოსწავლეების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა ისეთი დიდი მატება, როგორიც წინა წლებში გვქონდა, არ გვაქვს.  სკოლები ამ კონტინგენტის მისაღებად მზად არიან.

-რამდენ საჯარო სკოლაში  გადაიდო სწავლის დაწყება, რამდენი ხნით და რატომ?

ლ.გ: იმაზე საუბარი, თუ რამდენ სკოლაში არ დაიწყება სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს, ჯერ ნაადრევია, რადგან მოგეხსენებათ, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობდა. ზოგ სკოლაში ეს კვლავ გრძელდება და სწავლის დაწყება იმაზეა დამოკიდებული, დასრულდება თუ არა სამუშაოები რამდენიმე დღით ადრე მაინც, რომ სკოლის მომზადება მოესწროს.

დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე სკოლაზე გვაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლებელია დასრულება ვერ მოესწროს და სასწავლო წლის დაწყება  3-4 დღით დაგვიანდეს.  თუმცა, თვითონ ის კომპანიები, რომლებიც სკოლებში მუშაობენ და ასევე სკოლების ადმინისტრაციაც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პროცესი მალე დასრულდეს. შესაბამისად, დღეს არ შეგვიძლია ვთქვათ რამდენ სკოლაში გადაიწევს სასწავლო პროცესი.

-3-4 დღეზე მეტი არც ერთ სკოლას არ დასჭირდება?

ლ.გ:  ერთ კვირაზე მეტი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება.  შემდგომ გაცდენილი გაკვეთილები უნდა ანაზღაურდეს შაბათი დღეების ხარჯზე, შესაბამისად, ამაზე მეტი ხნით გადადება მიზანშეწონილი არაა.

-კერძო სკოლებს რაც შეეხება, აქ როგორი მდგომარეობაა?

ლ.გ: მოგეხსენებათ, ახალი რეგულაციების შესაბამისად, თუკი კერძო სკოლას გადაუდებელი მდგომარეობა აქვს და სასწავლო წლის დაწყება უნდა გადაწიოს, მას სამინისტროსთან შეთანხმება სჭირდება. რამდენიმე კერძო სკოლიდან იყო ასეთი მომართვა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება  და შესაძლოა რეაბილიტირებული შენობების მომზადება ვერ მოასწრონ 15 სექტემბრამდე. შესაბამისად, რამდენადაც ჯერ სასწავლო წლის დაწყებამდე დრო კიდევ დარჩენილია, არც ერთ სკოლაზე სწავლის გადადების გადაწყვეტილება არ არის  მიღებული. ერთი კვირით ადრე ალბათ კიდევ მოგვმართავენ თუ როგორ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და რამდენად ასწრებენ 15 სექტემბრისათვის სკოლის მომზადებას.

-სწავლის გადადების მიზეზი მათ შემთხვევაშიც მხოლოდ რემონტია და არა რაიმე სხვა?

ლ.გ: დიახ, ძირითადად გახანგრძლივებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

-ჯამში რამდენი საჯარო და კერძო სკოლა გარემონტდა გასული ზაფხულის განმავლობაში?

ლ.გ: მოგეხსენებათ, ზაფხულის არდადეგები საკმაოდ ხანგრძლივია, ამიტომ ყველა სკოლა ცდილობს სხვადასხვა მასშტაბის სარებილიტაციო სამუშაოები განახორციელოს. ზოგან ეს სრული რეაბილიტაციაა, ზოგიერთ სკოლაში ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ზოგან კოსმეტიკური და ა.შ. სხვადასხვა ტიპის სამუშაოები ყველა სკოლაში მიმდინარეობს. თუმცა, მასშტაბურ პროექტებზე თუ ვისაუბრებთ, საჯარო სკოლებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ  დასრულდა 5 და მიმდინარეობს 6 სკოლის მშენებლობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი 200-მდე სკოლას ჩაუტარდა.

გარდა იმისა, რასაც ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აკეთებდა, პარალელურად მიდიოდა ათსწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები და 14 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ამ 14 სკოლაში 6 ათასი მოსწავლე ფაქტიურად სრულიად განახლებულ ინფრასტრუქტურაში შევა.  ეს პროექტი მხოლოდ რეგიონებში ხორციელდება.

-ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, განსაკუთრებით კი სწორედ რემონტების შემდეგ, აქტუალურია შემდეგი პრობლემა- მშობლებს მუდმივად უწევთ შვილების საკლასო ოთახების დალაგება. ბევრ სკოლაში ისინი იძულეულები არიან, რომ ეს არა მხოლოდ სწავლის დაწყების წინ გააკეთონ, არმედ მთელი წლის განმავლობაშიც. რატომ დგას მუდმივად ეს პრობლემა, დამლაგებლების რაოდენობა არაა საკმარისი?

ლ.გ: ზოგადად, სკოლაში მშობლის ჩართულობა და სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ორმხრივ სურვილს უნდა ეფუძნებოდეს. არავინ არაა ვალდებული მივიდეს და რაიმე ტიპის სამუშაოები განახორციელოს. სკოლას არ აქვს უფლება ვინმე დაავალდებულოს.

-მშობლები ამბობენ ხოლმე, რომ იძულებულები არიან, რადგან კლასები სათანადოდ არაა დასუფთავებული..

ლ.გ: ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს პრობლემა გადაჭრილი არაა. თითოეულ სკოლას სამინისტროსთან შეთანხმებული აქვს საშტატო განრიგი და ჩვენ არ გვაქვს სკოლა, რომელშიც დამლაგებლები ხელშეკრულებით დასაქმებულები არ არიან. შესაბამისად, თუ სადმე დამატებითი საჭიროებაა და ვინმე სრულფასოვნად და ჯეროვნად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და ამას მშობელი ხედავს, სკოლის დირექტორს უნდა მიმართო, რათა პრობლემა ადგილზე დროულად გადაიჭრას.

-თითოეულ სკოლას ალბათ ინდივიდუალური საჭიროება აქვს, მაგრამ რამდენი დამლაგებელი ყოფნის თბილისის ჩვეულებრივ სკოლას მოსწავლეთა საშუალო რაოდენობით?

ლ.გ: საშუალო რაოდენობაზე ვერ ვისაუბრებთ. დამლაგებლების რაოდენობა განისაზღვრება იქიდან გამომდინარე, თუ რა ფართი აქვს სკოლის შენობას და რამდენ მოსწავლეს ემსახურება იგი. სკოლა ამ საჭიროებას თავად ადგენს და შემდეგ საშტატო განრიგს სამინისტროსთან ათანხმებს.

-რომელი ფირმის კომპიუტერებს მიიღებენ პირველკლასელები წელს და არის თუ არა შეცვლილი პროგრამა?

ლ.გ: პირველკლასელები, ტრადიციულად, პორტატულ კომპიუტერებს კვლავ მიიღებენ. მათში საინტერესო, განახლებული პროგრამები, საგანმანათლებლო თამაშები იქნება ჩაწერილი. ეს მათ სტანდარტით განსაზღვრული შედეგის მიღწევაში დაეხმარება და სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს გახდის. რაც შეეხება ფირმას, წელს მათ „acer“-ის კომპიუტერები გადაეცემათ.

– რაც შეეხება პირველკლასელების წიგნებს, იქნება თუ არა მათში მეორადი წიგნები?

ლ.გ: როგორც წესი, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, როდესაც მოსწავლეები სახელმძღვანელოებს აგროვებენ, სკოლას აქვს ვალდებულება  ისინი გადაარჩიოს. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი წიგნის გამოყენება შეიძლება ხელახლა, რა რესური აქვს დარჩენილი, სკოლა  ახალ სახელმძღვანელოებს ითხოვს. შესაბამისად მოსწავლეები მიიღებენ სახელმძღვანელოებს, რომელთაგან ზოგიერთი გასულ წელს უკვე გამოყენებული, მაგრამ კარგ მდგომარეობაში იქნება და ასევე იქნება სრულიად ახალი სახლმძღვანელოებიც. პირველკლასელები ძირითადად ახალ სახელმძღვანელოებს იღებენ.

-მკითხველისთვის რომ კიდევ ერთხელ განმარტოთ, რა ეტაპზეა განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის ჩაშვება?

ლ.გ: 1-6 კლასების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, მოგეხსენებათ, დამტკიცებულია. სახელმძღვანელოებზე კონკურსი გამოცხადებულია. მოველით, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში გამომცემლები და ავტორები სახელმძღვანელოების პროექტებს წარმოგვიდგენენ. თავად ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა კი მას შემდეგ დაიწყება, რაც შესაბამისი გრიფირებული  რესურსი მზად იქნება. ანუ, 2018-2019 სასწავლო წელს. თუმცა, თავად ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პილოტირება შერჩეულ სკოლებში და დანერგვის მონიტორინგი, რა თქმა უნდა, წელს განხორციელდება.

როგორც წესი, ეს წინმსწრები პროცესია ხოლმე და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი საპილოტე სკოლებში იმუშავებს, რათა სრული მონიტორინგი და ანალიზი გაკეთდეს თუ რა დამატებითი რესურსები გვაქვს მოსამზადებელი ეროვნული სასწავლო გეგმის ეფექტიანად დანერგვისათვის.

– გარდა იმ ყველაფრისა, რაზეც უკვე ვესაუბრეთ, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ სექტემბრიდან?

ლ.გ: მოსწავლეებს ნამდვილად ძალიან საინტერესო სასწავლო წელი ელით. ეს წელი უფრო მეტად აქტიური და შინაარსიანი იქნება როგორც ფორმალური განათლების ნაწილში, ისე დამატებითი აქტივობების თვალსაზრისით. საინტერესო იქნება ის გაკვეთილები, რომლებსაც ჩვენი მასწავლებლები ჩაატარებენ, ვინაიდან ზაფხული გამოყენებული იყო მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ძალიან ბევრი საინტერესო ტრენინგი ჩაუტარდათ ინტერაქტიული სწავლების მეთოდიკაში, თითოეული თემის უფრო ეფექტურად გადაცემის თვალსაზრისით. ასევე ჩაუტარდათ ტრენინგები სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგლებს და დირექტორებს – როგორ გახდნენ ისინი სასწავლო პროცესის ლიდერები, როგორ დაეხმარონ მასწავლებლებს იმაში, რომ საგაკვეთილო პროცესი უფრო უკეთესი, საინტერესო, ინტერაქტიული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს. ამიტომაც ველით, რომ წელს გაკვეთილები მეტად ეფექტური და საინტერესო იქნება.

რაც შეეხება სასკოლო ცხოვრების გააქტიურებას, მოგეხსენებათ, გასულ წელს დაიწყო ძალიან მასშტაბური პროექტი -თავისუფალი გაკვეთილების პროგრამა. ეს გაკვეთილები მე-7 და მე- 8 კლასების მოსწავლეებს შევთავაზეთ. სკოლების გარკვეულ ნაწილში, დაახლოებით 900-მდე სკოლაში ეს გაკვეთილები დაინერგა და ძალიან საინტერესო გამოდგა. სხვა სკოლებიც ითხოვენ გაკვეთილების ჩაშვებას და ამისათვის პროექტებიც წარმოადგინეს, რომელთა შეფასებაც მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. ამიტომ, ვგეგმავთ, რომ უფრო მეტ, ფაქტიურად ყველა სკოლაში დაინერგოს თავისუფალი გაკვეთილების პროგრამა. ჩვენი გათვლებით, სექტემბრიდან თავისუფალი გაკვეთილების რაოდენობა ალბათ გაორმაგდება.

ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით ძალიან ბევრი საინტერესო პროექტია დაგეგმილი. გარდა ჯანსაღი კვების მიმართულებით დაგეგმილი კამპანიური და საგანმანათლებლო პროცესებისა, რომლებიც მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზეა ორიენტირებული, დიდი მნიშვნელობა აქვს სასკოლო სპორტის გააქტიურებას. გასულ სასწავლო წელს 20 სკოლის სპორტის მასწავლებელი გადამზადდა  საგაკვეთილო პროცესის გააქტიურებისა და გამრავალფეროვნების კუთხით. წელს ამ პროგრამაში უკვე ყველა საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი იქნება ჩართული. პლიუს, რამდენადაც სასკოლო სპორტის განვითარება დამატებით აქტივობებსაც გულისხმობს, სპორტის მასწავლებლებთან ერთად გადამზადდნენ სკოლის მანდატურებიც. ვგეგმავთ ძალიან აქტიურ, სპორტულ, ჯანსაღ ცხოვრებაზე ორიენტირებულ პროცესებს. გასულ სასწავლო წელს 430 სკოლის მანდატური გადამზადდა და კვირის განმავლობაში ისინი ბავშვებს სხვადასხვა, საინტერესო სპორტულ აქტივობებს სთავაზობდნენ.

მშობლებისათვის ასევე საინტერესოა ისიც, რომ ზაფხულის ბანაკების პროგრამა გაგრძელდება და მას ინტენსიური ბანაკების პროგრამა დაემატება, რომელიც აქტიურ დასვენებასა და სასწავლო პროცესს შეათანხმებს. გასული ზაფხულის განმავლობაში 10 000–ზე მეტმა ბავშვმა ისარგელა საბანაკე პროგრამებით. ძალიან  საინტერესო იყო შინაარსობრივადაც და სხვადასხვა აქტივობის თვალსაზრისითაც. ფაქტიურად ყველა მცირე ზომის სკოლა მოვიცავით, სადაც 200-მდე მოსწავლეა, მაგრამ ბანაკების პროგრამაში ჩართვის სურვილი ფაქტიურად ყველა სკოლამ გამოთქვა და იმისათვის, რომ ეს სურვილი დაკმაყოფილდეს, პროგრამა პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ შრომითი უნარების განვითარებას ვგეგმავთ საჯარო სკოლებში. ეს პროგრამა პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით განხორციელდება, ოღონდ სკოლის ბაზაზე და მოსწავლეებს ძალიან საინტერესო მოდულებს შესთავაზებს. იგი ძალიან მასშტაბურია. ვგეგმავდით, რომ საპილოტე რეჟიმში 100 სკოლა იქნებოდა ჩართული, მაგრამ სკოლების მხრიდან მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ სავარაუდოდ პროგრამა უფრო გაფართოვდება და მასში ჩართვის საშუალება მეტ სკოლას მიეცემა.

თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ასევე შესაძლებელია საგანმანათლებლო ექსკურსიების პროგრამების განხორციელება. ამ მიმართულებითაც სკოლებს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ, რომ მათ გააკეთონ ექსკურსიები არა მხოლოდ ძალიან ცნობილ ადგილებში, სადაც მოსწავლეები ტრადიციულად დაჰყავთ ხოლმე, არამედ მუზეუმებში, გეოგრაფიულად საინტერესო ადგილებში, ეროვნულ პარკებში, ნაკრძალებში. რა თქმა უნდა,  გაკვეთილების მიზნიდან გამომდინარე.

„ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში“ – როდის დაინერგება სკოლებში ახალი ესგ

სექტემბრიდან სკოლებში ვაშლის დარიგება დაიწყება – ალექსანდრე ჯეჯელავა

ჯეჯელავას ახალი ინიციატივით, სკოლებში შრომის გაკვეთილები დაბრუნდება

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური