GE

რა ჯდება სკოლისთვის მომზადება 2017-2018 სასწავლო წელს

ახალი, 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებამდე 3 დღე რჩება. 15 სექტემბრამდე სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სურთ ახალი სამოსი, ჩანთა თუ საჭირო ნივთები მოიმარაგონ. არჩევანი დიდია, ფასები კი განსხვავებული. იმ შემთხვევაში, თუ მშობელს შვილი კერძო სკოლაში მიჰყავს, მაშინ, ამ ყველაფერთან ერთად, თანხა სასკოლო წიგნების შესაძენადაც უნდა გადადოს. საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წიგნები სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ.

რა ღირს სკოლაში წასვლა? ამის დასადგენად სხვადასხვა სავაჭრო ცენტრსა და ბაზრობებს ვესტუმრეთ.

სასკოლო ჩანთების ფასი ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე მსხვილ სავაჭრო ცენტრებში ხარისხის, ზომისა და ფუნქციების მიხედვით 39 ლარიდან – 150 ლარამდე მერყეობს. ბაზრობებზე ეს ფასი შედარებით ნაკლებია და ის 30 ლარიდან – 100 ლარამდეა. რამდენიმე მსხვილ ქსელურ სავაჭრო ცენტრში კი ჩანთას – 9.90 ლარადაც შეხვდებით.

download-5გაყიდვაშია სხვადასხვა ბრენდის ძვირადღირებული ჩანთები, მათ ნაწილს ორთოპედიული საზურგე აქვს და ფასსაც ეს ზრდის, ნაწილი კი გორგოლაჭებითაა აღჭურვილი. ჩანთების ფასს ასევე განაპირობებს ფუნქციური უჯრების ოდენობა და ქსოვილი, რომელიც წვიმას უძლებს და ამასთან მსუბუქია, მოსწავლისთვის დამატებითი ტვირთი რომ არ იყოს. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ჩანთის ყიდვისას ბავშვების აზრი, განსაკუთრებით თუ ის პირველად მიდის სკოლაში, გავითვალისწინოთ. ამით მათთვის სკოლაში წასვლას უფრო სახალისოს გავხდით.

ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩანთის მწარმოებელ ქვეყანასაც, რათა ქსოვილი, რომლითაც ჩანთაა დამზადებული ბავშვისთვის ქიმიურად მავნე ნივთიერებებს არ შეიცავდეს.

თეთრი პერანგები და შარვლები 25-70 ლარამდე ღირს. გოგონებისთვის ქვედაბოლო 30-60 ლარამდე. წელს ბაზრობებზე დიდი არჩევანია გოგონებისთვის ე.წ. შავ კაბა-კომბინიზონებზე, რომელზეც მოთხოვნაც ასევე დიდია და ის 50-70 ლარი ღირს. ბავშვის ფეხსაცმელი 40-დან 150-ლარამდე დაგიჯდებათ. ძვირადღირებული ფეხსაცმლის ფასს ორთოპედიული ძირი, ტყავის ფაქტურა და ხარისხი განაპირობებს.

download-1რაც შეეხება სასკოლო საკანცელარიო ნივთებს, ბაზრობებსა და სხვადასხვა საკანცელარიო მაღაზიებში ფასები განსხვავებულია. ზოგან რამდენიმე შენაძენზე ფასდაკლებაც მოქმედებს. ასევე, საგანგებოდაა გახსნილი მსხვილ ქსელურ სავაჭრო ცენტრებში სპეციალური სასკოლო ბაზრობები, სადაც როგორც მოსწავლეების, ასევე მათი მშობლების დიდ ნაწილს ნახავთ. ისინი წინასწარ არჩევენ და იმარაგებებენ სკოლისთვის საჭირო საკანცელარიო ნივთებს.

რვეულების ფასი ფურცლების რაოდენობის მიხედვით, 50 თეთრიდან 1. 95 ლარამდე მერყეობს. კალმები 30 თეთრიდან 1.5 ლარამდე. ფერადი ფანქრები 2,50 ლარიდან – 14 ლარამდე ღირს. გუაშების, სახატავი რვეულების, ფლომასტერების, საშლელებისა და სათლელების ფასებიც განსხვავებული და მერყევია. ამ ყველაფრის შესანახად კი პენალი დაგჭირდებათ, მისი ფასი 3,5 ლარიდან იწყება და ხარისხის მიხედვით 15-20 ლარიც ღირს. თუმცა ზოგიერთ ძვირადღირებულ მაღაზიაში ფასმა შესაძლოა 50-60 ლარსაც მიაღწიოს.

download-6მიუხედავად იმისა, რომ მშობლები სასკოლოდ საჭირო ტანისამოსისა და ნივთების ფასის მომატების გამო წუხან, ბაზრობებზე, დიდ თუ პატარა სავაჭრო ცენტრებში მშობლებისა და სკოლის მოსწავლეების რაოდენობა მაინც შესამჩნევია.

უხეში დათვლით, სასკოლოდ ბავშვის მომზადება, თუ ყველა საჭირო ნივთსა და სამოსს ბაზრობაზე შეიძენთ, მინიმუმ 250–ლარამდე ჯდება. მაგრამ თუ მოთხოვნა ბრენდულ სამოსსა და სასკოლო აქსესუარებზე გაქვთ, ამ შემთხვევაში შვილის სასკოლოდ მომზადება საშუალოდ 500 ლარამდე დაგიჯდებათ.

არჩევანისა და შესაძლებლობის თავისუფლება საფულის სისქეზე გადის, რადგან ბაზრობებსა თუ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში ამგვარი ტიპის საქონელის არჩევანი მრავალფეროვანი, მრავალფერიანი და მრავალფასიანია.

განათლების სამინისტრო 10 სკოლისთვის 78 000 ლარის ღირებულების ვაშლს შეიძენს – ტენდერის პირობები

სკოლის ბუფეტებში ზოგიერთი საკვების გაყიდვა აიკრძალება – სია

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური