GE

2019 წელს სახელმწიფო პედაგოგთა პროფესიული განვითარებისთვის 11 მილიონ 755 ათას ლარს დახარჯავს – როგორ ნაწილდება თანხები ბიუჯეტის პროექტის თანახმად

2019 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დაფინანსების სიდიდით სხვა სამინისტროებს შორის ერთ-ერთი ლიდერი იქნება და თავდაცვის სამინისტროს ხარჯებსაც კი გადააჭარბებს. ამის შესახებ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია საუბარი. დოკუმენტი პარლამენტშია და განხილვის პროცესში მასში გარკვეული ცვლილებები კიდევ შევა.

არსებული პროექტის თანახმად კი, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო 2019 წელს მილიარდ 485 მილიონ ლარს მიიღებს. ფინანსების ზრდა სამი სამინისტროს შერწყმამაც გამოიწვია (განათლება, კულტურა და სპორტი), თუმცა, საინტერესოა, რა თანხების გაღებას აპირებს სახელმწიფო კონკრეტულად განათლების მიმართულებებზე.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მე-6 თავის თანახმად, მომდევნო წლისთვის კვლავ იგეგმება უფასო სახელმძღვანელოების პროექტის გაგრძელება, რისთვისაც 18 მილონი ლარი იქნება გამოყოფილი. ასევე გაგრძელდება მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის პროგრამა და მისთვის 22 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯება. სახელმწიფო 2019 წელსაც გეგმავს საჯარო სკოლების პირველკლასელთათის ნეტბუქების გადაცემას და ამ პროგრამას 25 მილიონ 120 ათასი ლარით დააფინანსებს.

პროექტის თანახმად, სკოლამდელი და ზოგადი განათლება ჯამში 738 მილიონ ლარზე მეტით იქნება დაფინანსებული. აქედან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სახელმწიფო 90 მილიონის დახარჯვას აპირებს.  საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სისტემის განვითარებისთვის კი- 4 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. წარმატებული მოსწავლეების წახალისებისთვის ბიუჯეტის არსებულ პროექტში 730 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც შეეხება პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას ამ საკითხისთვის ჯამში 11 მილიონ 755 ათასი ლარია განსაზღვრული.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, უმაღლესი განათლებისთვის სულ – 168 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. მათ შორის გამოცდების ორგანიზება 11 მილიონ 900 ათასი ლარით იქნება დაფინანსებული. სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტებისა და ახალგაზრდების წახალისებისთვის 135 მილიონ 185 ათასი ლარი იქნება  გამოყოფილი. მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისთვის კი – 65 მილიონ 470 ათასი ლარი. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას ეს სფერო 2019 წელს  48 მილიონ 690 ათასი  ლარით იქნება დაფინანსებული.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში განათლების რეფორმა ერთ-ერთ პრიორიტეტადაა დასახელებული. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „საგანმანათლებლო პროცესი ორიენტირებული იქნება განათლების მიმღებ პირზე (ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა და განათლების მიღების ზრდასრული მსურველი), უზრუნველყოფილი იქნება მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის (LLL) პრინციპის დაცვა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეთავაზებული იქნება უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო.

უზრუნველყოფილი იქნება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება განათლების ყველა საფეხურისათვის. გაგრძელდება ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით უზრუნველყოფა. ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ბანკის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში დაიწყება სკოლებში ენერგო ეფექტიანობის გაზრდაზე მიმართული სარეაბილიტაციო სამუშაოები.“

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ განათლების რეფორმა განხორციელდება განათლების სისტემის ყველა საფეხურზე: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. 

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური