GE

ამ ეტაპზე 2021 წლის მისაღები გამოცდებისთვის 19 200-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ ეტაპისთვის 19200-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული, მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე კი -14 ათასამდე მსურველი. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აბიტურიენტებს მოუწოდა, რომ რეგისტრაცია აუცილებლად 2021 წლის 31 მარტამდე დაასრულონ, რადგან დადგენილი თარიღის შემდეგ სისტემა დაიხურება და ისინი რეგისტრაციას ვეღარ შეძლებენ. მისივე განმარტებით, ხვალ გამოქვეყნდება განახლებული ცნობარი, სადაც აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნება უნივერსიტეტების პროგრამების ჩამონათვალს გაეცნონ.

„ცნობარში პერიოდულად შედის გარკვეული ცვლილებები და აბიტურიენტის მიერ მიმართულების არჩევის პარალელურად, შეიძლება რომელიმე პროგრამას გაუუქმდეს აკრედიტაცია, ჩვენ უკვე ხვალიდან განვაახლებთ ინფორმაციას პროგრამების აკრედიტაციის შესახებ და აბიტურიენტებს ვთხოვ ხვალიდან ყურადღებით გაეცნონ ჩვენს ვებვეგრდს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

მისივე თქმით, მომავალ კვირას გამოცდები ეროვნული ცენტრი გამართავს ონლაინ ღია კარის დღეს ყველა აბიტურიენტისთვის, რომელიც რეგისტრაციის საკითხებს დაეთმობა.

2021 წლის გამოცდებთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული  ცენტრის მონაცემები, 22 მარტის 11:00 საათისთვის ასეთია:   

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 19200 – მდე აბიტურიენტმა გაიარა;

• სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 1000 – მდე სტუდენტმა გამოთქვა;

• საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 3 400 – ზე მეტმა შეავსო;

• მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად 14 000 – მდე მსურველი დარეგისტრირდა – ამ ჩამონათვალში არიან ის კანდიდატები, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე და მათი გამოცდა პანდემიის მიზეზით გადაიდო.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური