GE

2022 წლისათვის სკოლების დიაგნოსტიკური თვითშეფასების პროცესი უნდა დაიწყოს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განახლებაზე მუშაობს, რასაც საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესში ჩართვა უნდა მოჰყვეს. სკოლების ავტორიზაციის პროცესის დაწყება კი, როგორც EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის ცნობილია, არაერთხელ გადავადდა. ჩვენთვის არსებული ბოლო ინფორმაციით კი, ავტორიზაციის პროცესი 2026 წლამდე უნდა დასრულდეს.

სკოლების ავტორიზაციისკენ მიმავალი პროცესის ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლების, ასევე რესურსცენტრების წარმომადგენლებს ონლაინ ფორმატში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის კონცეფცია წარუდგინეს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 27 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, რომელმაც პრეზენტაცია წარმოადგინა, პლატფორმის კონცეფცია ცენტრში მიმდინარე ინსტიტუციური თვითშეფასების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში შემუშავდა.

„დიაგნოსტიკური თვითშეფასება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვის პირველი ეტაპია და ავტორიზაციის განახლებულ სტანდარტებთან მიმართებით განხორციელებულმა რეალისტურმა თვითშეფასებამ ნათელი სურათი უნდა მოგვცეს სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ეს საფუძვლად დაედება სკოლებში ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ღონისძიებებს“, – განაცხადა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძემ.

როგორც ცენტრი განმარტავს, კონცეფციის დაინტერესებულ მხარეებთან განხილვის შემდეგ, მისი იმპლემენტაცია დაიწყება, რაც 2022 წლისათვის სკოლების დიაგნოსტიკური თვითშეფასების მასშტაბური პროცესით უნდა გაგრძელდეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური