„35 წელია პედაგოგი ვარ და ვიცი, რომ გამოცდებით ვერც სკოლას და ვერც მომავალ თაობას ვერ ეშველება“ – შეფასებები ტესტირების შემდეგ
დღეს, 9 ივლისს, ზაფხულის გამოცდების პირველ სესიაზე მასწავლებლებმა და მასწავლებლობის მსურველებმა გამოცდები შემდეგ საგნებში ჩააბარეს: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები); მათემატიკა (I-VI კლასები).
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე გამოცხადდა 82%-ზე მეტი აპლიკანტი და დაიგვიანა ერთმა გამოსაცდელმა.
სხვადასხვა საგამოცდო ცენტრებიდან ტესტირების შემდეგ გამოსული მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებთან აცხადებენ, რომ წერა ნახევარი საათით გვიან დაიწყეს და გვიან დაასრულეს [დრო დაემატათ], რადგან როგორც მათ ადგილზე განუმარტეს, “საერთო სერვერის პრობლემა შეიქმნა”.
“ნახევარი საათით გვიან დაიწყო გამოცდა, გვითხრეს საერთო სერვერი გაიჭედაო და შემდეგ დაამატეს ის დრო. ამიტომ მომიწია გვიან გამოსვლა, თორემ გამოცდა უცებ დავწერე. ძალიან მარტივი საკითხები იყო. ისეთი კითხვებია, რომ პატარა ბავშვიც კი ჩააბარებდა. ამიტომ ვერ ვიგებ, რატომ დაგვატარებენ ამ გამოცდაზე. იმშისორე სოფლიდან ჩამოვედი გორში, რომ ახლა, ამ სიცხეში უკან დაბრუნება რა იქნება ხომ წარმოგიდგენიათ?! მივმართავ მათ, იცით ვისაც, რომ ხალხნო, ნუ გვაწვალებთ რა”, – გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა პედაგოგმა.
პედაგოგების აზრით, რომლებიც საკუთარი გვარ-სახელების დასახელებას ერიდებიან, გამოცდის ჩაბარება დამწყები მასწავლებლებისთვის არის აუცილებელი, მაგრამ გამოცდილები ამაში დროს კარგავენ:
“35 წელია პედაგოგი ვარ და ვიცი, რომ გამოცდებით ვერც სკოლას და ვერც მომავალ თაობას ვერ ეშველება. არ უნდა იყოს გამოცდები. მთლიანად განათლების სისტემაა შესაცვლელი. ამაზე ბევრი არგუმენტი მაქვს და სულ ვსაუბრობ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს ჩავაბარე გამოცდა ქართულში, პირველი და მეექვსე კლასები. საკითხები რთულიც იყო და მარტივიც, გააჩნია როგორ შეხედავს კაცი. სამსჯელოდ იყო თემა: “როგორ ადამიანთან ისურვებდი ურთიერთობას, შენისთანასთან თუ განსხვავებულთანო”, საინტერესო სამსჯელო თემა იყო”.
გასულ წელს გამოცდაზე უკვვე გასული პედაგოგი კი ამბობს, რომ წელს ტესტი უფრო მარტივი იყო:
“წინა წელთან შედარებით, გამოცდა იყო მარტივი, არაფერი პრობლემა არ ყოფილა. მაგალითად, ბუნებაში იყო საოცარი კითხები: იყო მოცემული ფოტოები და გვეკითებოდნენ, აქედან რომელია მეწყერიო. ამას ვინ ვერ დაწერს?! აი, ასეთი გამოცდების გამო ვკარგავთ დროს და რატომ?!”, – კითხულობდა ჩვენთან გამოცდაზე გასული პედაგოგი.
EDU.ARIS.GE მასწავლებლობის მსურველსაც ესაუბრა, რომელიც ასევე თვლის, რომ გამოცდებს დამწყებები უნდა აბარებდნენ:
“ირიბი და პირიდაპირი დამატება იყო, ლომგულები მოვიდა, ლიტერატურაში ლექსი იყო უცხო. საინტერესო სამუშაო ტესტი იყო და კარგად გავართვი თავი. კარგ შედეგსაც ველოდები. ვფიქრობ, დამწყები მასწავლებლებისთვის გამოცდები აუცილებელია, რასაც ვერ ვიტყვი უკვე მოქმედი პედაგოგებისთვის დაწესებულ გამოცდებზე. ისინი უკვე კარგად ჩამოყალიბებული პედაგოგები არიან და პროფესიონალები საკუთარ საქმეში. ჩვენ, ახლები კი, ახლა ვიწყებთ და კარგია საკუთარი თავის გამოცდა, რადგან მასწავლებლობა მარტივი არაა”.
9 ივლისის დილის სესიაზე გამოცდის დაწყების დროის გადაწევას გვიდასტურებს გამოცდების ცენტრიც, როგორც EDU.ARIS.GE -ის NAEC-ში განუმარტეს: “ტექნიკური მიზეზის გამო საგამოცდო ცენტრებში საგამოცდო პროცესი დაახლოებით ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. მიუხედავად ამისა, გამოცდისთვის განსაზღვრული დრო არ შეცვლილა და ყველა მონაწილეს ჰქონდა შესაძლებლობა, სრულად ესარგებლა გამოცდისთვის დადგენილი დროით”.
ცნობისთვის, 2026 წელს მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის 29 000-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული.
ესაუბრა ნიკა გაბლიშვილი
ასევე იხილეთ:
-
„წერა ერთ საათში დავასრულე, მერე მომწყინდა და გამოვედი“ – აბიტურიენტები ინგლისურის ტესტს მარტივად აფასებენ
by ARIS.GE-განათლება
-
„თავი ქუდში გვაქვს?“ – თელავის საგამოცდო ცენტრთან მისულ მშობლებს განათლების რეფორმის მამებთან კითხვები აქვთ
by ARIS.GE-განათლება
-
ინგლისურში ეროვნული გამოცდის წინ საკითხავი – „თქვენი ნაშრომი მაღალ შეფასებას ვერ დაიმსახურებს თუ…“
by ARIS.GE-განათლება