„4 წელიწადში ჩვენ მასწავლებელს ვერ მოვამზადებთ, რატომღაც ამ სირთულეზე არავინ საუბრობს“ – ნათელა მაღლაკელიძე
„მთავარი სირთულე მასწავლებლის მომზადებაში ისაა, რომ ბაკალავრიატი არანაირად არ არის საკმარისი მასწავლებლობისთვის“, – ამის შესახებ ქართული ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელოების ავტორმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნათელა მაღლაკელიძემ EDU.ARIS.GE-ს უთხრა. მან ჩვენთან მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამებისა და მასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ ისაუბრა.
მასწავლებლის განახლებულ სქემაში კარგად არის გაწერილი, ვის შეუძლია გახდეს მასწავლებელი. როგორ მზადდებოდა ადრე პედაგოგი, რა პროგრამებია ახლა და რა ხდება მასწავლებლის მომზადების კუთხით უნივერსიტეტებში?
15 წლის წინ საქართველოში პედაგოგი მზადდებოდა პედაგოგიურ უნივერსიტეტში. ასევე ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც ე.წ. მაინორ სპეციალობას აძლევდა პედაგოგიკაში. ძირითადი მიმართულება ჰქონდათ ქართული ენა და ლიტერატურა, მეორე – ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი. ჩვენი პედაგოგიური უნივერსიტეტი უშვებდა ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელს. 2005 წელს ინტეგრაცია-ოპტიმიზაციის გამო პედაგოგიური უნივერსიტეტი, პირდაპირ რომ ვთქვათ, ფაქტობრივად, გაუქმდა. პედაგოგის პროფესიაში შესვლაც ცოტა შეიცვალა.
თუ ადრე დიპლომი გაძლევდა პედაგოგის პროფესიაში შესვლის უფლებას, 2005 წლიდან დაისვა კითხვები, რადგან გაჩნდა ორსაფეხურიანი განათლება: ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს უნდა ესწავლებინათ დაწყებით კლასებში, ხოლო მაგისტრატურის კურსდამთავრებულები საგნის მასწავლებლები ყოფილიყვნენ მეშვიდე-მეთორმეტე კლასებში. ეს მოდელი ფუნქციონირებდა რამდენიმე წელი. მინდა გითხრათ, რომ ამან ვერ გაამართლა. აღმოჩნდა, რომ ბაკალავრიატი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ თუნდაც დაწყებითი კლასების მასწავლებელი მოგვემზადებინა.
დავიწყოთ იქიდან, ვინ უნდა იყოს დაწყებითი კლასების მასწავლებელი? – ის, ვინც ექვსწლედში ასწავლის, თუ ვინც – ოთხწლედში? ძალიან დიდხანს იმასაც ვერ ხვდებოდნენ, რომ, ფაქტობრივად, ექვსწლედში ჩვენ ორი ტიპის მასწავლებელი გვჭირდებოდა. ერთი ე.წ. მულტიდისციპლინარული საგნის სწავლების, პირველ-მეოთხე კლასებში, სადაც მასწავლებელი 3 საგანს ერთად ასწავლის – ქართული, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება და მეორე ტიპის, პირველი-მეექვსე კლასების საგნის მასწავლებელი. აქ ცოტა ხანი, რომ იტყვიან, თეთრი ლაქა გაჩნდა. საგნის მასწავლებელს პირველ-მეექვსე კლასებში, ფაქტობრივად, არცერთი უმაღლესი სასწავლებელი არ ამზადებდა. ის ჩვენი პროგრამები ისევ შედგენილი იყო მულტიდისციპლინარული საგნის მასწავლებლებისთვის.
როდესაც პედაგოგიური უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა, ილიაუნის ბაზაზე, გვქონდა მცდელობა, დამატებითი პროგრამა შემოგვეტანა საგნის მასწავლებლის. კარგი შედეგები მივიღეთ, მაგრამ რატომღაც მერე გაუქმდა ეს პროგრამა და დარჩა რა? ოთხწლედში ვამზადებთ ჩვენ დაწყებითი კლასების მასწავლებელს და არ ვიცით, ეს ოთხწლედის მასწავლებელია, თუ ექვსწლედის!
მეორე – მაგისტრატურაში ძალიან ხშირად მოდიოდნენ ისეთები, რომლებსაც არ ჰქონდათ სათანადო ჰუმანიტარული განათლება. ჩვენ კი აქ მხოლოდ პედაგოგიური მეთოდიკა უნდა გვესწავლებინა. ფაქტობრივად, არც ისინი იყვნენ, გამონაკლისების გარდა, სკოლაში მუშაობისთვის მზად.
ასეთი სიტუაცია იყო 2012 წლამდე. 2012 წელს ცვლილება მოხდა. მასწავლებლობის უფლება მიეცა აბსოლუტურად ყველას, ვინც ჩააბარებდა სასერტიფიკატო გამოცდას და გადალახავდა ბარიერს. ასე რომ ქართულის მასწავლებელი შეიძლებოდა გამხდარიყო აგრონომი, ექიმი გამხდარიყო ბუნების მასწავლებელი და ა.შ. იმ პერიოდის მასწავლებლები დღესაც ბლომად არიან სკოლებში, ვინც საგნის გამოცდა ჩააბარა და შევიდა სკოლაში. არადა ბაკალავრიატში სათანადო განათლება არ მიუღია. ამან ცოტა არ იყოს, ჩვენც დაგვაბნია, პროფესურა. რაღა აზრი ჰქონდა მაშინ ჩვენს ყოფნას, თუ ტექნიკურის კურსდამთავრებულებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ მასწავლებლები?
მარტო ბარიერის გადალახვა გამოცდაზე არ შეიძლება იყოს მასწავლებლობის კრიტერიუმი! ახლა გაჩნდა ეს მოთხოვნა: მასწავლებელმა აუცილებლად უნდა დააგროვოს 60 კრედიტი პედაგოგიკასა და მეთოდიკაში. ეს 60-კრედიტიანი მოდული უნდა გაიაროს აბსოლუტურად ყველამ, ვისაც სკოლაში შესვლის უფლების მოპოვება უნდა. ეს თავისთავად ძალიან კარგია!
ამ პროგრამას, რა თქმა უნდა, ხარვეზები აქვს. თავისთავად ეს 60 კრედიტი რომ აღიარეს, წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ის, რომ მასწავლებლის პროფესიის დადასტურება საგნობრივ გამოცდაზე არ გულისხმობს აუცილებლად განათლებას შენს სპეციალობაში, ეს ალბათ, ხარვეზია. ფაქტია, რომ ლექტორებს სირთულეებს გვიქმნის.
რა სირთულეებს აწყდებით მასწავლებლის მომზადებასთან დაკავშირებით?
მთავარი სირთულე მასწავლებლის მომზადებაში ისაა, რომ ბაკალავრიატი არანაირად არ არის საკმარისი მასწავლებლობისთვის. ბაკალავრიატში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი. აქედან 60 კრედიტი არის მოსამზადებელი, საერთო კურსები, რომელიც ყველამ უნდა მოისმინოს. დანარჩენი 180 კრედიტიდან სტუდენტს 60 აქვს არჩევითი. რომელი სპეციალობაც უნდა მაინორად, იმას გაივლის ამ 60 კრედიტში. დარჩა სპეციალობისთვის 120 კრედიტი. ეს 120 კრედიტი საკმარისია იმისთვის, რომ მე დაწყებითებისთვის მოვამზადო სამი საგნის მასწავლებელი, ქართულის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, თავ-თავისი მეთოდიკებით, პედაგოგიკით, ფსიქოლოგიით, პედაგოგიური პრაქტიკით? რომ არაფერი ვთქვათ საბაზო და საშუალო საფეხურზე, სადაც საგნობრივი კომპეტენცია გაცილებით მაღალი უნდა იყოს. 120 კრედიტი საგნობრივ კომპეტენციას არანაირად არ ყოფნის!
რამდენიმე წლის წინ ამის გამოსწოროების მცდელობა იყო, რომ გადავსულიყავით, 5-წლიან, 300-კრედიტიან სწავლებაზე. გავაკეთეთ კიდეც სილაბუსები, სასწავლო გეგმა, მაგრამ გაჩერდა ეს ყველაფერი. 4 წელიწადში ჩვენ მასწავლებელს ვერ მოვამზადებთ! ეს სირთულეა დღესაც. რატომღაც ამ სირთულეზე არავინ საუბრობს!
მასწავლებლები, ხშირ შემთხევაში, არ ტყუიან. მათ 20-25 წლის წინ დაამთავრეს უნივერსიტეტი, ისინი დღესაც ყოჩაღები არიან და არ არის საჭირო მათი პენსიაზე გაშვება, მაგრამ 20-25 წლის წინ მათ რომ მეთოდიკაში კომპეტენცია შეიძინეს, იმ კომპეტენციის გაღრმავება შემდეგ აღარ მოხდარა.
ნაირნაირი ტრენინგებს ვატარებთ, მაგრამ ეს ტრენინგები არის მხოლოდ მეთოდური ხასიათის. საგნობრივ ცოდნაზე ორიენტირებული არცერთი არ არის. მიაჩნიათ, რომ საგანი ისედაც უნდა იცოდეს მასწავლებელმა. კი, ბატონო, მაგრამ ამ 120 კრედიტში მე ვერ ვასწავლი იმ საგანს, როგორც საჭიროა. 20 წლის წინ რომ ისწავლა მასწავლებელმა, იმის ცოდნას სჭირდება გაღრმავება. მით უმეთეს, ლიტ. მცოდნეობაში, ენათმეცნიერებაში, ფილოლოგიაში სიახლეები გაჩნდა. ის სიახლეები მასწავლებელს არ უნდა გავაცნოთ?
ჩემი სურვილია, მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამა იყოს 300-კრედიტიანი და მეორე – საგნობრივი ტრენინგებიც შევთავაზოთ მასწავლებლებს.
წელს ილიას უნივერსიტეტს ქართული ენის და ლიტერატურის მიმართულების მაგისტრატურაზე სტუდენტების მიღება არ ჰქონია. რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება?
ეს ძალიან ცუდია. ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელს, რომელმაც ბაკალავრიატი დაამთავრა, რატომ უნდა წავართვათ იმის უფლება, რომ გახდეს მაგისტრი თავის მიმართულებაში? მას აღარ აქვს საშუალება ილიას უნივერსიტეტში, სადაც საუკეთესო ბაზაა და საუკეთესო რესურსებია, მოვიდეს და მიიღოს მაგისტრის ხარისხი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ან საერთოდ საგნის მასწავლებლის კუთხით. მარტო განათლების ადმინისტრირება გვაქვს. თავისთავად კარგია განათლების ადმინისტრირება, მაგრამ არის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელსაც მაგისტრის ხარისხი თავის საგანში უნდა.
ეს გადაწყვეტილება, ალბათ, იმან განაპირობა, რომ გარკვეული ხარვეზები იყო პედაგოგის პროფესიაში შესვლასთან დაკავშირებით. მაგისტრის ხარისხი არ აძლევდა მასწავლებელს სკოლაში შესვლის უფლებას, თუმცა ის 60 კრედიტსაც ისმენდა პედაგოგიკა-მეთოდიკაში და 120 კრედიტსაც ისმენდა. მაგრამ რატომ არ უნდა ჰქონოდა მას სკოლაში შესვლის უფლება, არ მესმის. რატომღაც მაგისტრს არ აქვს სკოლაში შესვლის უფლება, თუ არ აქვს დადასტურებული კომპეტენცია.
ახლა ვინც მაინორი აირჩია, იმას აქვს სკოლაში შესვლის უფლება, 60 კრედიტის გავლის შედეგად და იმან, ვინც ბაკალავრიატი დაამთავრა ჰუმანიტარული განხრით, მერე მოვიდა მაგისტრატურაში, მოისმინა 120 კრედიტი პედაგოგიკა – მეთოდიკაში, იმას არ აქვს სკოლაში შესვლის უფლება. ამიტომაც მარტივი გამოსავალი მოიძებნა და გაუქმდა მაგისტრატურა. სხვა უნივერსიტეტებში, საბედნიეროდ, ასე არაა.
სახელფასო დანამატი მხოლოდ 225 მასწავლებელს გაეზრდება – პედაგოგთა შეფასებები
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება
- პაატა სალია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ აირჩიეს by ARIS.GE-განათლება
- თინათინ სადუნიშვილი: „ძალიან მინდა, მეცნიერება საქართველოში რეალურად იყოს პრიორიტეტული“ by გაიციანით მეცნიერი