GE

„პროფესორის მდგომარეობა რთულია“ – 5 ნაბიჯი, რომელიც ლექტორმა სასწავლო ცხოვრების წახალისებისთვის უნდა გადადგას

იმისათვის, რომ სტუდენტი სალექციო თუ სასემინარო პროცესში მოდუნებულ და ე.წ მწოლიარე რეჟიმში არ იყოს, ლექტორიც ფიქრობს, „რისი მოფიქრება შეიძლება“. უნივერსიტეტის ლექტორებსა თუ პროფესორებსაც სჭირდებათ სწავლების ისეთი მეთოდებისა თუ ტექნიკის შერჩევა, რომელიც ერთის მხრივ, საგანმანათლებლო მიზნებსაც სრულფასოვნად მოემსახურება და თან, სტუდენტებსაც პოზიტიურად განაწყობს.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა სტრატეგიების გამოყენება შეუძლიათ ლექტორებს ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად. ვესაუბრეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დოქტორანტს, დემეტრე მოდებაძეს. ჩვენი რესპონდენტი გეტყვით, როგორ გაახალისოთ სტუდენტებისთვის სალექციო თუ სასემინარო პროცესი ისე, რომ თქვენც კმაყოფილი დარჩეთ და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებიც.

– პირველ რიგში, გვითხარით, როგორი არის და როგორი უნდა იყოს დღეს უნივერსიტეტებში სასემინარო თუ სალექციო პროცესი?

– უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სალექციო და სასემინარო სწავლება. ორივეს განსხვავებული სპეციფიკა აქვს. მათი ერთ კონტექსტში განხილვა შეცდომაა, მაგრამ ლექტორისა და სტუდენტის გადმოსახედიდან მაინც დამკვიდრებულია ჩვენს ყოველდღიურობაში. ლექცია და სემინარი არ უნდა იყოს მიმდინარეობით ერთგვარი, საერთო უნდა იყოს მხოლოდ სასწავლო თემის შინაარსობრივი მხარე, სხვა ყველაფერი კი, სრულიად უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. როგორც წესი, ჩვენს რეალობაში, ეს ასე არაა.

– რას გულისხმობთ?

– ხშირია ამ ტიპის შეცდომები. უმეტესად, ლექტორი სემინარზე ლექციაზე წაკითხული საკითხის გადამეორებას ახორციელებს. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც სემინარი უფრო ადრე ტარდება, ვიდრე – ლექცია. აქვე აღვნიშნავ, რომ ლექტორის მხრიდან ხშირად გვაქვს სრულიად იგნორირებული სემინარის ე.წ. „ხუთი ნაბიჯი“, რომელსაც როგორც წესი, პროფესორი უნდა მიჰყვებოდეს.

– როგორ უნდა წარიმართოს სასწავლო პროცესი ისე, რომ სტუდენტს „არ ჩაეძინოს“?

– „არ ჩაძინების“ თემა საკმაოდ რთულია ჩვენს რეალობაში. ე.წ. „ჩაძინებას“ და პირდაპირი მნიშვნელობით ჩაძინებას ბევრი მიზეზი განაპირობებს. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა აიძულებს სტუდენტს, იმუშაოს. ეს კი, სტუდენტის სასწავლო პროცესში ჩართულობაზე პირდაპირ აისახება. არიან სტუდენტები, რომლებიც სამუშაოდან პირდაპირ უნივერსიტეტში მიდიან და მათი ჩართულობა თავისთავად ისეთი პროდუქტიული ვერ იქნება, როგორიც შესაძლოა ყოფილიყო რომ არა მისი ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვა საუნივერსიტეტო სივრცის მიღმა.

– რა გამოსავალი აქვს ლექტორს, რა შეცდომები არ უნდა დაუშვას მან?

– რთულია პროფესორის მდგომარეობა, რადგან მას იდეალურ სიტუაციაში არ უწევს სასწავლო პროცესის წარმართვა. იცის, რომ სტუდენტები გამოწვევების წინაშე დგანან და თავის მხრივ, ეს პროფესორის საქმიანობაზეც აისახება. საკმაოდ რთულია ჩვენ რეალობაში და პროფესორების დატვირთვის პირობებში, მოვთხოვოთ მათ, რომ ინდივიდუალურად იმუშაონ სტუდენტის თანაბარჩართულობის გაზრდაზე ან პროცესის წარმართვაზე ახალგაზრდების ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისიწინებით. თუმცა, შეცდომა ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული იმ მიმართულებით, რომ სასემინარო სწავლების წარმართვისას, პროფესორმა მხოლოდ რამდენიმე აქტიური სტუდენტის ლექტორად ჩათვალოს თავი. ხედავდეს რა მათ აქტიურობას, აქცენტირებული იყოს მხოლოდ მათი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მსგავსი მიდგომებით, იმ არააქტიური სტუდენტების ჩართვის ალბათობა კიდევ უფრო მეტად იკლებს და მათი სასემინარო ჩართულობა გამოხატულია მხოლოდ ე.წ „დაპლიუსებით“(სემინარზე დასწრებისათვის). ვფიქრობ, ჯერ კიდევ იწერება სემინარზე დასრების ქულა, რომელიც მხოლოდ დასწრებას გულისხმობს. ეს არის წარსული და უნდა დავტოვოთ წარსულში. სასემინარო ქულის დაწერა სტუდენტის აქტივობებში ჩართულობით უნდა მოხდეს. თავის მხრივ კი, პროფესორი ვალდებულია, შექმნას იმ სახის გარემო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ყველა სტუდენტს, გამოავლინოს საკუთარი თავი და იგრძნოს, რომ ჯგუფის სრულყოფილი წევრია, ვისი პროცესში ჩართულობაც მნიშვნელოვანია.

– თქვენ ხუთი ნაბიჯი ახსენეთ, რას ითვალისწინებს პროფესორის ქცევები, რომელსაც შეუძლია, სალექციო ან სასემინარო პროცესი წაახალისოს?

– ჩვენ აუცილებლად უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც თანაბრად საინტერესო იქნება ყველა სტუდენტისათვის და ვიზრუნოთ იმაზე, რომ მათი საუნივერსიტეტო ცხოვრება გახდეს უფრო საინტერესო და მარვალფეროვანი.

  • სტუდენტის ფაქტორის გათვალისწინება სასემინარო ჩონჩხის მომზადებისას  – ლექტორმა სემინარის დაწყებამდე უნდა გააცნოს სტუდენტებს მათი დღის განრიგი. ამ მიდგომით ის დაანახებს თითოეულს, რომ ჩართულობა მოუწევთ;
  • ჯგუფებად დაყოფა – ლექტორმა უნდა შექმნას რამდენიმე ჯგუფი, რომლის წევრებიც, სასემინარო პროცესში, თემასთან დაკავშირებულ აქტივობებზე ერთად იმუშავებენ (განხილვები, დისკუსები, პრაქტიკული სამუშაოები, პრეზენტაციები);
  • საუკეთესო პასუხის პრინციპი – დასაწყისში ლექტორმა უნდა გააჟღეროს საკითხი და შესთავაზოს ამ საკითხის რამდენიმე ვარიანტი. სტუდენტმა კი, სასემინარო პროცესის დასრულებამდე პასუხის საუკეთესო ვარიანტზე იფიქროს;
  • ჩანაწერი წუთში – სემინარის დარულებამდე, სტუდენტმა თემას მოკლე შეჯამება უნდა გაუკეთოს;
  • ე.წ. სემინარსგარე აქტივობა – აქ იგულისხმება შემდეგ სემინარამდე მცირე საპრეზენტაციო მასალის მომზადება ლექტორის შეთავაზებულ თემაზე.

ასევე იხილეთ:

როგორ უნდა გამოიყურებოდეს სრულყოფილი სილაბუსი – ინტერვიუ პროფესორთან

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური