GE

5 რჩევა  მოზარდებისგან – როგორ შევაყვაროთ მეამბოხე მოსწავლეებს მეცადინეობა

მოზარდის ფსიქოლოგია რთული შესასწავლია. უფროსებმა რაც უნდა ბევრი ვიშრომოთ ბავშვების ცვალებადი და მეამბოხე ბუნების ამოსაცნობად, ყველაზე უკეთ ერთმანეთს მაინც ბავშვები იცნობენ, ჩვენ კი მხოლოდ დამკვირვებლები ვართ. შესაბამისად, თვითონ უკეთ იციან, თუ  როგორი მიდგომაა შედეგიანი. როგორ შევაყვაროთ მეცადინეობა მეამბოხე ბავშვებს ისე, რომ მათი კეთილგანწყობაც დავიმსახუროთ  – ეს სკოლის მოსწავლეებმა EDU.ARIS.GE-ს თავადვე უთხრეს:

1. დაუდეთ სანაძლეო, უთხარით რომ ვერ შეძლებს სწავლას და ის ყველაფერს გააკეთებს ნიძლავის მოსაგებად.

ითველბა, რომ ბავშვის გამუდმებული ქება-დიდება მას მეცადინეობისკენ უბიძგებს. ხდება პირიქითაც – მეამბოხე ბავშვებს სურთ დაამტკიცონ, რომ არც ისე ცუდები არიან, როგორც მასზე ფიქრობენ. თუ ბავშვს ღიმილით, დამაჯერებლად ეტყვით, რომ კონკრეტული დროის განმავლობაში ის ვერ მოახერხებს  გაკვეთილის სწავლას, გაუჩნდება ინტერესი არა გაკვეთილის, არამედ თქვენ მიმართ. მას თქვენი დამარცხების სურვილი ისე შეიპყრობს, დავალებას ზედმიწევნით კარგად შეასრულებს.

ეს, რა თქმა უნდა, არც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს მუდამ ვუსაყვედუროთ.

2. თქვენ მოსწავლე იყავით, ის – მასწავლებელი.

თუკი მოსწავლე გაკვეთილის მსვლელობის დროს ყურადღებით არ გისმენთ, შესთავაზეთ შემდეგ ჯერზე თვითონ  აგიხსნათ იგივე. ის მასწავლებელი იქნება, თქვენ – მოსწავლე. დაჰპირდით წითელ კალამს და თქვენს სავარძელს. მაშინ ის არამხოლოდ მოგისმენთ, არამედ ჟესტების შესასწავლად ყურადღებითაც დაგაკვირდებათ.

3. 1 სწორი პასუხი ტოლია 1 სტიკერის

წარმატების აღსანიშნად ყოველ სწორ პასუხზე ჩაუკარით სტიკერი. მალე ის შეგროვებას დაიწყებს და თქვენც სტიკერის მოპოვების შანსს თუ გაურთულებთ, მეცადინეობა უფრო ნაყოფიერი გახდება.

4. დაუმსხვრიეთ კლასის “იდეალები”

დაარწმუნეთ, რომ კლასის ყველაზე კარგი მოსწავლე არც ისე გონიერია, როგორც მას ჰგონია. გაახსენეთ, რომელიმე ფაქტი, სადაც მისი და მასწავლებლების “იდეალი” არასათანადოდ მოიქცა. მიეცით სტიმული შეეჯიბროს მას, მაგრამ “დუელს” ნუ დაუნიშნავთ, რადგან პირველივე მცდელობა ბავშვის მარცხით რომ დასრულდეს, თქვენი შერცხვება და  მაშინვე ფარხმალს დაყრის. თუ ჩათვლის, რომ ამ ქიშპობის შესახებ თქვენ არაფერი იცით, ის უფრო თამამად გადადგამს ნაბიჯებს.

5. ჰკითხეთ, თუ როგორ ამეცადინოთ

შესთავაზეთ მეცადინეობის 2 მეთოდი (შესაძლოა, განსხვავება სინამდვილეში უმნიშვნელო იყოს) და ჰკითხეთ, თუ რომელი მეთოდით ურჩევნია მეცადინეობა. როცა არჩევანს გააკეთებს, კვლავ გაუმეორეთ კითხვა, უთხარით, რომ თქვენ მეორე მეთოდი უფრო მოგწონთ და გამოიწვიეთ – აბა, ვნახოთ ვისი აჯობებს… ის ყველანაირად ეცდება მის მიერ არჩეულმა მეთოდმა იმედები გაუმართლოს და დაგიმტკიცოთ, რომ ცდებოდით.

13 შეკითხვა რომელზე პასუხიც ყველა მოსწავლემ იცის, თქვენ?

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური