მოსწავლის შეფასება – ყველაფერი, რაც მშობელმა სკოლის ან პედაგოგის ვალდებულებებზე უნდა იცოდეს
მიმდინარე 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლის მოსწავლე განსხვავებული წესით შეფასდება. ახალ მიდგომებს განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს და რიგ ვალდებულებებს აკისრებს როგორც სკოლას, ისე მასწავლებელს. შეფასების პრინციპის ცოდნა კი მოსწავლის მშობელსაც მოეთხოვება, რომელმაც შვილის მიღწევებსა თუ ჩავარდნებს ელექტრონული ჟურნალის დახმარებით უნდა ადევნოს თვალი.
მაშ ასე, ახალი წესი ადგენს, რომ სემესტრის განმავლობაში საჯარო სკოლის მოსწავლე ფასდება შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:
მიმდინარე საშინაო დავალება;
მიმდინარე საკლასო დავალება;
შემაჯამებელი დავალება.
სკოლის ვალდებულებები ასეთია
თუ საჯარო სკოლა გადაწყვეტს რომელიმე საგანში/საგნებში მოსწავლის შეფასების მიზნით მხოლოდ შემაჯამებელი კომპონენტის გამოყენებას, საჯარო სკოლა ვალდებულია სათანადო დასაბუთება შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ეს სკოლა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში დასაბუთება იმავე პროცედურების დაცვით წარედგინება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროს.
V კლასის მეორე სემესტრის, VI კლასის და საბაზო-საშუალო საფეხურების თითოეული საგნისათვის საგნობრივი თემების მიხედვით სასკოლო სასწავლო გეგმით უნდა განისაზღვროს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა.
შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა შემოქმედებითი და კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება, რომლებიც მოითხოვს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრას (მაგ., ესე, პროექტი, კვლევითი/საველე ანგარიში, შემოქმედებითი პროდუქტი, მონაცემთა ანალიზი და სხვა). შემაჯამებელი დავალების ვალიდურობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, სავალდებულოა წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების (შეფასების რუბრიკის) გამოყენება, რომელიც სასწავლო პროცესის გამჭვირვალობის მიზნით წინასწარ მიეწოდება მოსწავლეს.
თუ საჯარო სკოლის მოსწავლე გაცდენის გამო ვერ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ დავალებას, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება. შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და მისი ჩატარების ფორმა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით;
მოსწავლის სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად მხედველობაში უნდა იყოს მიღებული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შემაჯამებელი დავალებების სრული რაოდენობა;
სკოლიდან სკოლაში გადასვლის გარემოება
სემესტრის განმავლობაში საჯარო სკოლაში გადასვლისას მოსწავლის შეფასებაში აისახება გამშვებ სკოლაში მოსწავლის მიერ შესრულებული და მიმღებ სკოლაში მოსწავლის სწავლის პერიოდში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების შედეგები.
თუ მოსწავლეს, სკოლიდან სკოლაში სემესტრის მიმდინარეობისას გადასვლის გამო, გავლილი აქვს მიმღები სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმით შესაბამისი კლასისთვის გათვალისწინებული საგნებისგან განსხვავებული საგანი და მასში მიღებული აქვს დადებითი შეფასება, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის წლიურ ქულად. ამასთან, მიმღებმა სკოლამ უნდა შეაფასოს მოსწავლე ახალ განსხვავებულ საგანში;
მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან სკოლაში გადასვლის გამო, მიმღებ სკოლაში განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა (მაგ., თუ მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი ფრანგულის ნაცვლად – გერმანულს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის ფრანგული ენის წლიურ ქულად, ხოლო გერმანული ენის სემესტრული ქულა – გერმანული ენის წლიურ ქულად)“.
განმსაზღვრელი (ნიშანი) და განმავითარებელი შეფასება
განმსაზღვრელი შეფასების ფორმატში მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ოთხი დონის მიხედვით:
განმავითარებელი შეფასება
I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში შეფასების ყველა კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. ამასთან, საშინაო დავალების კომპონენტი დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) ფასდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით.
განმსაზღვრელი შეფასება შეიძლება იყოს დიფერენცირებული (ნიშნით) და არადიფერენცირებული (ჩათვლით).
საჯარო სკოლაში არადიფერენცირებული შეფასება (ჩათვლა) გამოიყენება სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში, არჩევით საგნებსა და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებით შეთავაზებულ საგნებში. საშუალო საფეხურზე პროექტებში – მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით (წერილობითი და /ან ზეპირი ფორმით);
რესურსსკოლებს, რომლებსაც შესაძლებელია აქვთ დაწყებითი საფეხური, თუმცა ერთი ან რამდენიმე საგნის გაძლიერებულ სწავლებას ახორციელებენ საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, დაწყებითი სამხედრო მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას, შეუძლიათ გამოიყენონ განმსაზღვრელი დიფერენცირებული შეფასება;
განმსაზღვრელი შეფასება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს განმავითარებელი მიზნებისთვისაც. მისი შედეგების ანალიზი გამოიყენება სწავლისა და სწავლების პროცესის შემდგომი დაგეგმვისა და გაუმჯობესებისთვის. იგი აწვდის მასწავლებელსა და მოსწავლეს ინფორმაციას მიღწეული პროგრესისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც საჭიროებს დამატებით მუშაობას;
როგორ გამოიანგარიშება საგნის საფეხურის ქულა
საგნის საფეხურის ქულა – საფეხურის განმავლობაში თითოეულ კლასში მიღებული საგნის წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული. საგნის საფეხურის ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით;
მოსწავლის ჰოლისტური განვითარებისა და აკადემიური მიღწევების ვალიდური ასახვისთვის, სემესტრული შეფასებისას, განმსაზღვრელ შეფასებასთან ერთად, სისტემატურად უნდა იქნეს გამოყენებული განმავითარებელი შეფასებაც, რაც უზრუნველყოფს მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების დიაგნოსტირებასა და სასწავლო პროგრესის დინამიკურ მხარდაჭერას;
რესურსსკოლებს გაძლიერებული საგნის/საგნებისთვის და ასევე „ზოგადი განათლების შესახებ“ სამხედრო მომზადების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ დააწესონ შეფასების განსხვავებული ბარიერი, მაგრამ დადგენილი ბარიერის შესაბამისად.
თუ მოსწავლემ კონკრეტულ კლასში ვერ გადალახა კერძო სკოლების ან საჯარო სკოლების მიერ კონკრეტული საგნის/საგნებისთვის დადგენილი ბარიერი, მაგრამ დაძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ბარიერი, უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს სხვა სკოლის მომდევნო კლასში.
თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე;
გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია სსსმ მოსწავლეს არ ჰქონდეს სემესტრული შეფასება ერთ ან რამდენიმე საგანში. გამონაკლისი დაიშვება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა წარმოადგენს საგნის წლიურ ქულას. თუ სსსმ მოსწავლე რომელიმე საგანში მოცემულ სემესტრში არ ფასდება, ეს ხელს არ უშლის მას გადავიდეს მომდევნო კლასში.“.
ჰოსპიტალიზაციით გამოწვეული სწავლის სირთულის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია მოსწავლის სწავლება და შეფასება განახორციელოს რემედიაციის პროგრამით და/ან შინ სწავლების შესაძლებლობით.
ასევე იხილეთ:
-
„რეფორმით ვცვლით დამახინჯებულ სისტემას, რომელსაც ლიბერალური იდეოლოგიის გავლენამ დაღი დაასვა“
by ARIS.GE-განათლება
-
ვიდრე სკოლას ან მასწავლებელს შვილისთვის ნიშნის მოსამატებლად მიაკითხავთ, ეს უნდა წაიკითხოთ – ქულების განმარტებები
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებს ანგრევთ და ვეღარ აშენებთ, თქვენი რეფორმა ყველაფერს ითვალისწინებს ხარისხიანი განათლების გარდა“ – დეპუტატი პარლამენტის სხდომაზე
by ARIS.GE-განათლება
