500-ზე მეტი მოსწავლე და 23 საუკეთესო იდეა – ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონი აქტიურ ფაზაში გადადის
ალტე უნივერსიტეტის მასშტაბური სასკოლო პროექტის – START-UP მარათონის სარეგისტრაციო ეტაპი წარმატებით დასრულდა. წელს პროექტმა კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია და კონკურსში მონაწილეობის სურვილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა.
START-UP მარათონი X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში მეწარმეობის, ინოვაციური აზროვნებისა და ბიზნეს უნარების განვითარებას. მონაწილეები 3-4 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ გუნდებად მუშაობენ საკუთარ START-UP იდეებზე და ეტაპობრივად გადიან იმ პროცესს, რომელიც იდეის რეალურ ბიზნეს მოდელად ჩამოყალიბებას მოითხოვს.
სარეგისტრაციო ეტაპის დასრულების შემდეგ ინოვაციური იდეების საფუძველზე შეირჩა 78 მოსწავლე, რომლებიც ჯამურად 23 გუნდად არიან გაერთიანებული. მონაწილეთა შერჩევა განხორციელდა ალტე უნივერსიტეტის ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლების კვალიფიციური წარმომადგენლების მიერ, რომლებმაც წარმოდგენილი სტარტაპ იდეები მათი ინოვაციურობისა და განვითარების პოტენციალის მიხედვით შეაფასეს.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ პროექტი მნიშვნელოვან ეტაპზე – ონლაინ ტრენინგების სერიაზე გადავიდა, რომელსაც შეიძლება ნახევარფინალური ეტაპიც ვუწოდოთ. ამ ეტაპზე მონაწილეები საკუთარი იდეების განვითარებაზე მუშაობენ და ონლაინ ტრენინგ სესიებში იღებენ მონაწილეობას, სადაც სფეროს პროფესიონალებისგან პრაქტიკულ ცოდნას იღებენ.
ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან სტარტაპ ეკოსისტემის ძირითად პრინციპებს და ისეთ მნიშვნელოვან თემებს გადიან, როგორებიცაა:
- რა არის სტარტაპი და რით განსხვავდება ის ტრადიციული ბიზნესისგან;
- Lean Startup მეთოდოლოგია – როგორ ჩამოვაყალიბოთ სწორი ჰიპოთეზები და დაშვებები ბიზნესში;
- MVP და პროდუქტის განვითარება (Product Development);
- ბიუჯეტირება და ფინანსური დაგეგმვა სტარტაპისთვის.
ტრენინგების დასრულების შემდეგ გუნდები გააგრძელებენ მუშაობას საკუთარი იდეების დახვეწაზე და მოემზადებიან ფინალური ღონისძიებისთვის, რომელიც 2 აპრილს ალტე უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართება.
წელს START-UP მარათონი კიდევ უფრო მასშტაბურია - მისი საერთო საპრიზო ფონდი 13 000 ლარს შეადგენს და გამარჯვებული გუნდებისთვის ფინანსურ და ინტელექტუალურ მხარდაჭერას მოიცავს.
ალტე უნივერსიტეტი რჩეული იდეის ავტორს გადასცემს 5 000 ლარს იდეის განხორციელების მხარდასაჭერად. დამატებით, უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის“ მხარდაჭერით, გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება, განავითაროს საკუთარი პროექტი და მოიძიოს ინვესტორები.
პროექტის გენერალური სპონსორი - ლიბერთი ბანკი - საკუთარ რჩეულ პროექტს 5 000 ლარით დააფინანსებს. ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ლიბერთი ბანკი მონაწილეებს ასევე შესთავაზებს:
- სტაჟირებას (3 მოსწავლეს);
- სპეციალურად გოგონებისთვის შექმნილ ლიდერშიფის ტრენინგს;
- წვდომას LMS სასწავლო პლატფორმაზე;
- AI მასტერკლასებს;
- სოც.მედია მხარდაჭერას.
პროექტის სპონსორი EasyPay რჩეულ გუნდს 3 000 ლარს გადასცემს.
კომპანია FINO საკუთარ რჩეულ გუნდს გადასცემს 3 000 ლარის ღირებულების სერვის პაკეტს.
Პროექტის მედია მხარდამჭერი - Entrepreneur Georgia - თავის რჩეულ იდეას მედია მხარდაჭერას გაუწევს, ხოლო GITA Tech Park გამარჯვებულ გუნდს პროტოტიპის შექმნაში დაეხმარება.
START-UP მარათონი უკვე რამდენიმე წელია აერთიანებს ახალგაზრდებს, რომლებიც ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით ინტერესდებიან და საკუთარი იდეების რეალურ პროექტებად ქცევა სურთ. პროექტი მათ აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, იმუშაონ პროფესიონალ მენტორებთან და ექსპერტების წინაშე საკუთარი START-UP იდეები წარმოადგინონ.
პროექტის ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან, რომლებიც მიიღებენ როგორც ფინანსურ მხარდაჭერას, ისე პროფესიულ რესურსებს საკუთარი იდეების შემდგომი განვითარებისათვის.
-
ალტე უნივერსიტეტის სამმა პროექტმა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დაფინანსება მოიპოვა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ბიზნესისა და IT სკოლებმა START-UP ეკოსისტემის ბიზნეს ფორუმს უმასპინძლეს
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტი პროფესიების რეგიონულ ტურნეს იწყებს
by ალტე უნივერსიტეტი