ბზარების გაჩენამ 174-ე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვიტა – რას ამბობს დირექტორი
თბილისის 174-ე საჯარო სკოლა, რომელიც მუხიანში მდებარეობს მთლიანად ონლაინ სწავლების რეჟიმზეა გადასული. ამის მიზეზი კი სკოლის შენობის სავარაუდო ავარიულობაა. სკოლის დირექციამ შენობის კორპუსებს შორის დამაკავშირებელ ხიდზე ბზარები შენიშნა და სწავლა შეაჩერა.
EDU.ARIS.GE-ს 1-ელ აპრილს სკოლის მოსწავლეების მშობლებმა მომართეს და მდგომარეობის გარკვევა სთხოვეს. მშობლები ღელავენ, რადგან მათთვის გაურკვეველია, რამდენად უსაფრთხო გარემოში მოუწევთ ბავშვებს სწავლა.
„წინა კვირას ჩვენი სკოლის დირექციამ ონლაინ გადაიყვანა ბავშვები იმ მიზეზით, რომ სკოლაში კორპუსებს შორის დამაკავშირებელი ხიდი არის დაზიანებული. 21 მარტს შეგვატყობინეს ეს ინფორმაცია. სამინისტროდან უნდა მოსულიყვნენ ექსპერტები შესაფასებლად, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს მშობლებს იმის შესახებ, იყვნენ თუ არა შემოწმებაზე. გვითხრეს, რომ 5 აპრილიდან ჩვეულებრივ ბრუნდებიან ბავშვები სკოლაში. მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ უსაფრთხო გარემოში იქნებიან ჩემი შვილები“, – ამბობს მოსწავლის მშობელი.
EDU.ARIS.GE-მ ინფორმაციის გადასამოწმებლად სკოლის დირექტორს, ნანა კვანტალიანს მიმართა, რომელიც ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდება და იმედი აქვს, სკოლაში სწავლა 5-ში კი – არა, 4 აპრილს, ორშაბათს აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
„შენობის შემოწმების აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ კორპუსებს შორის შემაკავშირებელ ხიდზე ბზარები შევნიშნეთ. მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე არის ონლაინ სწავლების პლატფორმა და შესაბამისად, სწავლას ხელი არ ეშლება და საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს. თუ საფრთხე იარსებებს, მაშინ სხვა შენობაში გადაგვიყვანენ. ერთი და ორი სკოლა კი არ არის ქვეყანაში, რომელიც სხვადასხვა კორპუსებში გადაანაწილეს და ისე სწავლობენ… როგორც იცით, არაერთი მიწისძვრა იყო ბოლო პერიოდში, ძლიერი ქარებიც იყო და შესაბამისად, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გამო ველოდებით, რომ დაიდოს დასკვნა და იმის შესაბამისად ვიმოქმედოთ“, – ამბობს დირექტორი.
174-ე საჯარო სკოლა 1982 წელს აშენდა და 1983 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ნანა კვანტალიანი ფიქრობს, რომ სკოლის კორპუსების დამაკავშირებელ ხიდზე ბზარები ისეთი სერიოზული დაზიანება არ იქნება, რომ შენობის დანგრევა გახდეს საჭირო. პირველკლასელთა რეგისტრაციის მიმდინარეობის პერიოდში გამოჩენილი პრობლემის გამო მშობელთა წუხილზე და ჩვენს მინიშნებაზე, ბავშვების უსაფრთხოება ხომ უპირველესია და მშობელთა ღელვა ბუნებრივია, ასე პასუხობს:
„თუ ძალიან უნდათ, ბავშვი ამ სკოლაში დაარეგისტრირონ, დაარეგისტრირებენ. სკოლა არ არის მხოლოდ შენობა. სკოლა არის ასევე სასკოლო თემი და საზოგადოება. თუ ამ საზოგადოებას ენდობა და უნდა ჩვენნაირ ხალხთან ურთიერთობა, სადაც არ უნდა წავიდეთ, ჩვენთან ერთად იქნებია. მე-11 საჯარო სკოლა გადავიდა თემქაზე და ახლა ბავშვები ნახალოვკიდან, ცოტნე დადიანის ქუჩიდან თემქაზე დადიან. ასე რომ, ვინც ეგ კითხვა დასვა, ის იკითხოს, ადგილი თუ იქნება, რომ დაარეგისტრიროს. ჩემით კი არ ვიწყებ სწავლა. არავის გამოუცხადებია, 5 აპრილს მოხვალთო. თუ დაწყებაა, 4 აპრილს, ორშაბათს დავიწყებთ, ოღონდ, ნებართვის შესაბამისად“.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მშობლებს, რომლებსაც კითხვები აქვთ სკოლაში სწავლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შეუძლიათ სკოლაში მივიდნენ, სადაც თავად დახვდება და ყველა კითხვაზეც გასცემს პასუხს.
„თუ ვინმეს რამე აინტერესებს, მე ამ წუთასაც სკოლაში ვარ და თავი მომძულებია, რომ ვიყო ავარიულ შენობაში, რომელიც ინგრევა? კიდევ არ დაინგრევა 100 წელი! იმ ხიდთან, რომელზეც ბზარები ვნახეთ, ბავშვებს ასე შეხება არ აქვთ. ხიდთან მე მაქვს შეხება, როცა ადმინისტრაციულ კორპუსში გადმოვდივარ. ბავშვები ყველაზე მეტი, ამ ხიდით გადავიდნენ სპორტის დარბაზში. დაბლა კარია და ეზოთიც ისარგებლებენ იქ შესასვლელად და ხიდთან სულ არ ექნებათ შეხება, თუ ეს ავარიულობა დადასტურდა“, – ამბობს კვანტალიანი.
სკოლის დირექტორის განმარტებით, სოციალური ქსელის მეშვეობით ყველა კლასს დამრიგებელი შეატყობინებს, სკოლაში განახლდება სწავლა თუ ონლაინ გაგრძელდება და თავად, სანამ ხელში საბუთი არ ექნება, სადაც ეწერება, უსაფრთხოა შენობა და სწავლა დაიწყეთო, სასწავლო პროცესის განახლებას დასწრებით ფორმატში არაფრით აპირებს.
ასევე იხილეთ:
რომელი სკოლები მიიღებენ კომპიუტერებს და ვისთვის იყიდიან 5 567 ლეპტოპს
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება