GE

59, 58, 56 – გაიცანით გოგონები და ბიჭი რომელთაც მათემატიკის გამოცდაზე უმაღლესი ქულები აიღეს

სტერეოტიპი, რომ მათემატიკა და ზოგადად, ტექნიკური საგნები და სპეციალობები კაცების საქმეა, მათ უფრო კარგად გამოსდით და რომ კაცებს „ტექნიკური ტვინი“ აქვთ, დღეს, კიდევ ერთხელ, არაერთმა გოგონამ დაამსხვრია, რომელთაც 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მათემატიკაში, უმაღლესი ქულები აიღეს. მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც ეს ყოველგვარი რეპეტირორებისა და დამატებითი მომზადების გარეშე შეძლეს.

რუსუდანი, ელენე და თამარი ის გოგონები არიან, რომლებმაც ათასობით ბიჭი უკან მოიტოვეს და  ძალიან მარტივად დაამტკიცეს, რომ მათემატიკისა თუ სხვა ტექნიკური საგნების ათვისება გოგონებს არანაკლებ კარგად შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ სტატიაზე მუშაობისას არა მხოლოდ ეს სამი, არამედ  უამრავი, უმაღლეს ქულიანი აბიტურიენტი გოგო ვიპოვეთ. იმაზე ბევრად მეტიც კი, ვიდრე ბიჭი. შეგახსენებთ, რომ მათემატიკაში უმაღლესი ქულაა 59.

თამარ ბანძელაძემ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა დაამთავრა. დამატებით რეპეტიტორების დახარება მას აღარ დასჭირვებია – თითოეული საგნის გამოცდაზე სკოლაში მიღებული ცოდნით გავიდა და შედეგებიც წარმატებული სტარტით დაიწყო – მათემატიკაში მან უმაღლესი, 59 ქულა აიღო.

ასეთ ქულას ელოდა ისიც და მისი ოჯახიც. ამბობს, რომ ოჯახის წევრებისათვის შედეგი სიურპრიზი არ ყოფილა, შესაბამისად გაკვირვებულები არა, თუმცა გახარებულები, რა თქმა უნდა, არიან.

თამარ ბანძელაძე: მათემატიკა თავიდანვე მიყვარდა, მაგრამ სკოლამ კიდევ უფრო შემაყვარა. სწავლის გაგრძელებასაც ჯავახიშვილში, მათემატიკის ფაკულტეტზე ვაპირებ. თუმცა, შეიძლება შევცვალო. ჯერ არც იმაში ვარ ჩამოყალიბებული რა მინდა ვაკეთო სამომავლოდ.

-ასეთ შედეგს ელოდი?

გამოცდიდან კმაყოფილი გამოვედი, თუმცა მაინც ვნერვიულობდი, რამე რიგზე რომ ვერ ყოფილიყო. მართლა ძალიან მადლიერი ვარ სკოლის, რადგან ბავშვებს დამატებით მომზადების საჭიროება აღარ აქვთ. თავად სკოლის მასწავლებლები ძალიან აქტიურად ერთვებიან, რათა მათმა მოსწავლეებმა მომზადების გარეშე კარგად ჩააბარონ. მადლობა ყველა მასწავლებელს და ამჯერად, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მათემატიკის მასწავლებელს.

-ჩვენ სტატიაც გვეწერა იმის თაობაზე, რომ მათემატიკის გამოცდების დროს, საგამოცდო ცენტრებთან შეკრებილი მშობლები აქტიურად ეთანხმებოდნენ სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც „მათემატიკა ბიჭის საქმეა“.  შენ რას ფიქრობ ამაზე?

-ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ გოგოები არანაკლებ კარგ შედეგებს დებენ. ჩემი კლასელები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ეროვნულ თუ სხვა სახის ოლიმპიადებში. მგონი, უკვე კარგად გამოჩნდა ის, რომ ტექნიკური საგნების სწავლა გოგონებს არანაკლებ კარგად შეგვძლებია. ვფიქრობ, ადრე მათ უბრალოდ შანსი არ ეძლეოდათ საკუთარი შესაძლებლობები წარმოეჩინათ. მაქსიმალურად შევეცდები ასეთი სტერეოტიპები მომავალშიც დავამსხვრიო.

რუსუდან ქელდიშვილმა მათემატიკაში 58 ქულა აიღო და დაკლებული 1 ქულის გასაჩივრებასაც გეგმავს. მან დიდი ლილოს 217-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და ამით განსაკუთრებულად ამაყობს, რადგან ერთბაშად ორი სტერეოტიპის დამსხვრევა შეძლო – რომ გოგონები მათემატიკას ვერ სწავლობენ და რომ მათემატიკის კარგად  შესწავლა მხოლოდ სპეციალურ, ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებშია შესაძლებელი.

სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა და ახლა სწავლის გაგრძელებას თავისუფალ უნივერსიტეტში, პროგრამირების ფაკულტეტზე აპირებს. ბოლო ერთი წელი  მათემატიკაში ემზადებოდა და მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ყოველთვის კარგად სწავლობდა, მიაჩნია, რომ ამ წარმატების მიღწევა, დიდწილად, სწორედ ბოლო ერთ წელიწადში გაწეული შრომით შეძლო.

რუსუდან ქელდიშვილი: მათემატიკა ბავშვობიდან მიყვარდა. ოლიმპიადებზეც გავდიოდი. სკოლამაც დიდი ცოდნა მომცა და რეპეტიტორმაც, მარიკა მექვევრიშვილმა, რომლის ღვაწლი, ჩემთვის, ფასდაუდებელია.

-გამოცდიდან რამდენად კმაყოფილი გამოხვედი, ელოდი ასეთ მაღალ ქულას?

-სხვათაშორის, დიახ. თავიდანვე კმაყოფილი ვიყავი. ტესტები რომ გამოქვეყნდა მასწავლებელთანაც მივედი, ყველაფერი მახსოვდა  და შევამოწმეთ. 59 ქულასაც ველოდი. სამწუხაროდ, მეორმოცე, 4 ქულიან ამოცანაში 1 ქულა დამაკლდა და შეიძლება აპელაციაზეც შევიტანო განაცხადი. ყველაფერი მეწერა, პასუხიც სწორად მქონდა მიღებული და ვერ მივხვდი ქულა რატომ მომაკლდა.

-მოგეხსენება, საქარველოში გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ მათემატიკას ბიჭები უკეთ სწავლობენ, რადგან მათ „სხვანაირი ტვინი“ აქვთ, რომ არსებობს „ქალური პროფესიები“ და „კაცური პროფესიები.“ რას ფიქრობ ამაზე და როგორი შეგრძნებაა მსგავსი სტერეოტიპების დამსხვრევა?

-მთელი ცხოვრება მაგ სტერეოტიპის დამსხვრევა მინდოდა და რომ გამომივიდა, ძალიან ბედნიერი ვარ. ოლომპიადებზეც უკვირდათ გოგო რომ გავდიოდი, რადგან ეს იშიათი იყო, სულ ბიჭები გადიოდნენ. ეს კი მე სტიმულს მაძლევდა, რომ უფრო მეტი გამეკეთებინა და ეს სტერეოტიპი დამემსხვრია. ჩემს სანაცნობოში არც ჩემნაირი და არც ჩემზე მაღალი ქულა არც ერთ ბიჭს არ მიუღია.

შრომა აუცილებლად ფასდება. არ აქვს მნიშვნელობა ბიჭი ხარ თუ გოგო.მთავარია გიყვარდეს და ბევრი გააკეთო. „ტექნიკური ტვინის“ გამომუშავება შეიძლება, მაგრამ უნდა გიყვარდეს რასაც აკეთებ და მონდომებული უნდა იყო.

-როგორი რეაქცია ჰქონდა შენს მშობლებს, ოჯახს?

-ალბათ ჩემზე მეტად გაუხარდათ. მე იმ ერთ ქულაზე გული მეთანაღრებოდა და აქეთ მაწყნარებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ 58-ც ძალიან კარგი ქულაა.

-სხვა საგნებშიც ასეთ მაღალ შედეგს ელი?

-დიახ, წესით კი. ქართულშიც მაღალ ქულას ველი და ინგლისურში კიდევ უფრო მეტად. გრანტის იმედიც მაქვს. მინდა ჩემს სკოლას დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მათემატიკაში მაღალ ქულებს, როგორც წესი, ვეკუა-კომაროვის მოსწავლეებისაგან ელოდებიან ხოლმე. ესეც ერთგვარი სტერეოტიპია.  ამაყი ვარ, რომ ლილოს 217-ე სკოლის მოსწავლემასეთი ქულა ავიღე.

ელენე ჩიკვილაძემ კი სკოლა-ლიცეუმი პრომეთე დაამთავრა. ის არც ერთ საგანში დამატებით, რეპეტიტორებთან, არ მომზადებულა. გამოცდებზე სკოლაში მიღებული ცოდნით გავიდა და უმაღლეს შედეგებსაც აჩვენებს.

ელენე თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე აბარებს. ამბობს, რომ სათანადო განათლების მიღება სკოლაშიც შესაძლებელია, თუმცა სკოლას და მასწავლებელს გააჩნია.  ელენეს ოჯახში, ახლა, შვილის წარმატებას ზეიმობენ.

ელენე ჩიკვილაძე: ალბათ ნიჭიც მქონდა, რადგან მასალას ყოველთვის ადვილად ვითვისებდი და ბევრჯერ გამეორება არ მჭირდებოდა.  ასეთ ქულას ველოდი, გამოცდიდანაც კმაყოფილი გამოვედი. 4 ქულიან ამოცანაში მაქვს ეს 3 ქულა დაკლებული, მაგრამ ამ ქულითაც კმაყოფილი ვარ.  სხვა საგნებშიც მაღალ ქულებს ველი, მაგრამ ქართული ცოტა მაეჭვებს. ზუსტი მეცნიერება რომ არ არის, არ ვიცი რა ქულას ავიღებ. ინგლისურშიც კარგი ქულის იმედი მაქვს.

ძალიან მიხარია, რომ ამ სტერეოტპს ვამსხვრევ. გოგოს და ბიჭის გონება არ განსხვავდება. ის, რომ ბიჭს „ტექნიკური ტვინი“ აქვს, სიმართლე არაა. მეამაყება, რომ მაღალი ქულით ბევრ ბიჭს ვჯობნი. ისიც მგონია, რომ ტექნიკური სპეციალობებით უფრო მეტად კაცები რომ ინტერესდებიან, ეგეც სტერეოტიპების გავლენაა. ქალები არანაკლებ წარმატებებს აღწევენ ამ სფეროებში და იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთი მათგანი მომავალში მეც ვიქნები.

-რას გეგმავ სამომავლოდ? სად მუშაობა, ან რისი კეთება გინდა სწავლის დასრულების შემდეგ?

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ისეთ ადგილს ავირჩევ, სადაც ხალხთან კონტაქტი მექნება. იმედია ცოტა პოზიტიურ ენერგიას მივცემ მათაც, რაც ქართველებს ცოტა გვაკლია.

-უცხოეთში ხომ არ აპირებ სწავლის, ან მუშაობის გაგრძელებას?

არა, ბოლომდე საქართველოს ვემსახურები.

ბუნებრივია, უმაღლესქულიან აბიტურიენტებში ბიჭებიც მრავლად არიან. ერთ-ერთი მათგანი რატი მენაღარიშვილია, რომელმაც კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა დაამთავრა, ახლა  თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე (MACS) აბარებს და სურს პროგრამირებას პროფესიონალურ დონეზე დაეუფლოს.

ფიქრობს, რომ წლინა წლებთან შედარებით ტესტი მარტივი იყო და მაქსიმალური ქულის აღებასაც ელოდა. საბედნიეროდ, რატი არ მიეკუთვნება მამრობითი სქესის იმ წარმომადგენელთა რიგებს, რომლებსაც „განსაკუთრებული და განსხვავებული ტვინის“ ქონის იდეა და ამის გამო პრივილეგირებულად ყოფნა მოსწონს. რატი მიიჩნევს, რომ ტექნიკური სპეციალობები ქალების საქმე ისევეა, როგორც კაცების.

„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მათემატიკა ბიჭების საქმე უფროა, ვიდრე გოგონების, რადგან, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ სტერეოტიპული შეხედულებაა და ჩემს სკოლაში არაერთ გოგოს ვიცნობ განსაკუთრებული მათემატიკური უნარით დაჯილდოებულს.

„ჩემი ოცნებაა წარმატებულად დავასრულო პროექტები, რომლებზეც ვმუშაობ და ვიმუშავებ, შედეგად კი შევქმნა რაიმე ღირებული სხვებისათვის, ამის შემდეგ შემეძლება ვთქვა, რომ ჩემი პროფესინალიზმი შედგა და მიზნები ასრულდა” – ამბობს რატი.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დღეს, მათემატიკისა და ხელოვნების ქულების გამოქვეყნებით დაიწყო.

იხილეთ ჩვენი რესპონდენტების ქულები:

„კაცებისთვის მათემატიკის სწავლა უფრო ადვილია, ქალს უჭირს“ – მშობლების სტერეოტიპული მიდგომები მათემატიკის გამოცდის დროს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური