GE

67 000 მასწავლებლიდან 2 000-ს უმაღლესი განათლება არ აქვს – აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დასაქმებული 67,000 მასწავლებლიდან 2,000-ს, რომლებიც ასწავლიან ძირითად საგნებს, არ აქვს მიღებული უმაღლესი განათლება და აქვს მხოლოდ ზოგადი ან პროფესიული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საგნის გამოცდა სკოლის მასწავლებელთა მხოლოდ 4% აქვს ჩაბარებული. არსებული რეგულაციით, 2015 წლიდან სისტემაში ვერ უნდა ხვდებოდნენ ისეთი კადრები, რომელბსაც არ აქვთ უმაღლესი განათლება მიღებული, თუმცა მაინც ფიქსირდება მსგავსი შემთხვევები.

გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშის მიხედვით პრობლემას წარმოადგენს სისტემაში ახალი კადრის აყვანის მეთოდი და გაწეული შრომის ანაზღაურების შეუსაბამობა. კადრის მიღების არსებული მექანიზმები ვერ ფარავს იმ რისკს, რომ არაკვალიფიციური კადრები ისევ მოხვდებიან სისტემაში.

ანგარიშის მიხედვით, სისტემაში არსებული კვალიფიკაციის ნაკლოვანებები სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება. წლების განმავლობაში მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების თანმიმდევრული პოლიტიკის არქონამ და არასაკმარისმა რესურსმა, ვერ უზრუნველყო მასწავლებლების პროფესიული ზრდა. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არსებული კადრების კვალიფიკაციის ნაკლოვანებები უარყოფით გავლენას ახდენს სწავლების ხარისხზე. მასწავლებლებში აკადემიური ხარისხის არარსებობის ფაქტები და სერტიფიცირების დაბალი მაჩვენებელი ზრდის სწავლა-სწავლების პროცესის არასათანადოდ წარმართვის რისკებს. სისტემაში ახალი კადრის შესვლის ნაკლოვანებები – კადრის აყვანის პროცესი სრულიად დამოკიდებულია სკოლაზე და სამინისტროს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების ან მონიტორინგის ბერკეტი. შედეგად, სკოლებში კადრის მიღების პროცესი არ არის საკმარისად გამჭვირვალე, კერძოდ: გამოცხადებულ ვაკანსიებში სწორად არ არის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ხოლო რიგ შემთხვევებში მითითებულია ზოგადი ან პროფესიული განათლების საჭიროება და უგულებელყოფილია უმაღლესი განათლების აუცილებლობა.

ამასთანავე, ანაზღაურების ოდენობა უმეტეს შემთხვევაში განსაზღვრულია გაცილებით ნაკლები ოდენობით, რასაც რეალურად მოცემულ პოზიციაზე მყოფი პირი იღებს. შედეგად, კვალიფიციურ კადრს არ აქვს მოტივაცია, დაინტერესდეს მოცემული ვაკანსიით, რაც ამცირებს კონკურენციას.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული დაკვირვებით გამოვლინდა, რომ სკოლებში არსებულ ვაკანსიებზე სპეციალურად შექმნილი და გაგზავნილი კვალიფიციური რეზიუმეთი დაინტერესდა სკოლების მხოლოდ 50%, ხოლო დანარჩენ 50%-ის მხრიდან არ ყოფილა დაინტერესება და მოცემულ პოზიციაზე მიღებულია დაბალკვალიფიციური კადრი. სამინისტროს ახალი კადრის მოზიდვის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, არ აქვს შემუშავებული საკმარისი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სკოლების მიერ ვაკანსიის ფორმირებისა და კადრის შერჩევის პროცესში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას.

სკოლების მიერ გამოცხადებული ვაკანსიის შინაარსობრივი პრობლემები, რომლებიც უკავშირდება საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ანაზღაურების განსაზღვრას, ამასთანავე, კადრის შერჩევის პროცესის არასაკმარისი გამჭვირვალობა, ზრდის სისტემაში  დაბალი კვალიფიკაციის მქონე კადრების შესვლის რისკს, რაც თავის მხრივ, გავლენას მოახდენს სწავლა-სწავლების ხარისხზე.

ამავე თემაზე:

რომელ სკოლას ჰყავს ყველაზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი საქართველოში

„გამოდის, სამსახურს იმიტომ ვერ ვშოულობ, რომ მაღალი კვალიფიკაცია მაქვს?“ – პედაგოგი

„ლამის ბოდიში მოვიხადო იმაზე, რომ გავბედე და გავხდი სერტიფიცირებული პედაგოგი“

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური