9 აპრილის სკოლის მოსწავლე გმირების ორი ისტორია – თამარ ჭოველიძე და ეკა ბეჟანიშვილი
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორი სახით შევიდა – 1989 წლის ტრაგედიის მოვლენათა ჯაჭვით და 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებით.
დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან კი 35.
თამარ ჭოველიძე, 16 წლის
ერთი თვეც და სკოლას დაამთავრებდა გოგონა, რომელმაც, 16 წლისა რომ გახდა, მამას უთხრა: „აღარ დამიძახო თამრიკო ან თამუნა, მე თამარი ვარო“. ეს თამარ ჭოველიძე იყო, 51-ე სკოლის ნამდვილი ლიდერი.
ძალიან კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით – ისტორიას. ოლიმპიადებზე მოპოვებული უამრავი ჯილდო ჰქონდა შინ. ამ სიფრიფანა გოგოს იმასაც კი ეკითხებოდნენ, „შატალოზე“ წასულიყვნენ თუ არა. უკვე იცოდა, სად ჩააბარებდა. მიუხედავად დედ-მამის სურვილისა, სამედიცინოზეც და იურიდიულზეც უარი თქვა. გადაწყვეტილი ჰქონდა, აღმოსავლეთმცოდნე გამხდარიყო.
მამა თამარის კუმირი იყო, მისი გმირი. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. კვირაში ორჯერ საბაგიროთი ადიოდნენ მთაწმინდაზე და უკან ფეხით ბრუნდებოდნენ. გზაში ათას რამეზე საუბრობდნენ.
თამარი შესანიშნავად თამაშობდა ჩოგბურთს, კარგად ქსოვდა.
ერთ დღეს პატარა ლეკვი მიუყვანეს, რომელსაც ლესი დაარქვა. ლესი მალევე დაიკარგა. თამარმა ძალიან განიცადა. სულ ეძებდა. მისი გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ საოცარი ამბავი მოხდა: ლესი შინ დაბრუნდა, თამარის საწოლზე დაწვა, იტირა და წავიდა.
ეკა ბეჟანიშვვილი 16 წლის
ეკას, კომაროვის სკოლის მეათე კლასის მოსწავლეს, მომავალი პროფესია უკვე არჩეული ჰქონდა: საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე უნდოდა ჩაბარება.
ბავშვობიდან იზიდავდა ტექნიკური საგნები. მუსიკის სიყვარულში ამას ხელი არ შეუშლია – მუსიკალური შვიდწლედი დაამთავრა, ფორტეპიანოზე დაკვრა შეისწავლა. მხიარული ბუნებისა იყო და უმეტესად ასეთივე ნაწარმოებებს ასრულებდა. ცეკვაზეც დადიოდა. განსაკუთრებით უყვარდა „შალახო“. აქტიური, ბობოქარი, ემოციური გოგონა იყო, თუმცა, იმავდროულად, დამთმობიც.
ფეხბურთი იტაცებდა და თვითონაც სიამოვნებით თამაშობდა ეზოში.
ზრუნავდა ადამიანებზე, ბუნებაზე. ერთხელ, დავითგარეჯში ექსკურსიაზე ჩასულმა, საკუთარი ხელით დაასუფთავა იქაურობა. თუ ვინმე ცუდად იყო ან რამე უჭირდა, ყველას შინ წაყვანაზე ოცნებობდა – დედა მოუვლისო.
წერდა დღიურებს, სადაც ბევრ საინტერესო ფრაზას ამოიკითხავდით. აი, ერთი მათგანი:
„ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ ამქვეყნად კვალი არ დატოვოს“.
1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დაარბიეს ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად – ქალები. დაშავდა აქციის ასობით მონაწილე.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა 1918 წელს მოპოვებული და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს ქვეყნის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. დამოუკიდებლობის აქტის მიღებას წინ უძღოდა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა 99,08%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.
წყარო: 9აპრილი
-
სად და როგორ ჩავრიცხოთ თანხა და რა უნდა ვიცოდეთ – 2026 წლის აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო (ვიდეოინსტრუქცია)
by ARIS.GE-განათლება
-
„მასწავლებლებს საქართველოს განათლების სამინისტროსთვის ინფორმაციისა და ანგარიშების გადაგზავნა ბრალდებათ“ – ზოგადი და უმაღლესი განათლება ოკუპირებულ რეგიონებში
by ARIS.GE-განათლება
-
აბიტურიენტის ცნობარი 2026
by საცნობარო