GE

„აბიტურიენტები წნეხის ქვეშ ვართ და არა უშავს, ზოგჯერ თუ ვწუწუნებთ“ – აბიტურიენტი ყველაზე დამღლელი წლის მიწურულს

მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ეტაპი – აბიტურიენტობა დასასრულს უახლოვდება. ფიქრობს, რომ რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და ამ მხრივ, საკუთარი თავით კმაყოფილია, თუმცა დაღლილი და ხშირად გამოფიტულიც, ისევე როგორც, ალბათ, ყველა მისი თანატოლი, მათთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული წლის ბოლოს.

უნივერსიტეტიცა და პროფესიაც არჩეული აქვს და რაც მთავარია, ამ არჩევანში დარწმუნებულია. გადაწყვეტილება თავად მიიღო, თუმცა მას შემდეგ, რაც უფროსების, გამოცდილი ადამიანების რჩევები მოისმინა. გვეუბნება, რომ ამ მხრივ გაუმართლა – მის არჩევანში უხეშად არავინ ჩარეულა, საკუთარი აზრი თავზე არავის მოუხვევია, მისი ბევრი თანატოლისგან განსხვავებით, რომლებსაც მომავალი პროფესია და ცხოვრების გზა ოჯახის წევრებმა განუსაზღვრეს. შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ სტუდენტობა და ახალი პროფესიის შესწავლის ოთხწლიანი გზა, მისთვის, რუტინული და მოსაწყენი კი არა, საინტერესო და სიახლეებით სავსე იქნება.

თამთა შეროზიაზე გიყვებით, ერთ ჩვეულებრივ, მეთორმეტეკლასელ გოგოზე, რომელიც ლანჩხუთის წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიას ამთავრებს და ერთგვარად, განასახიერებს ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც, სწორედ ახლა, აბიტურიენტობის რთული, დამღლელი, საპასუხისმგებლო და სტრესული გზის ბოლოშია. მას სწორედ ის პრობლემები, ფიქრები და გამოწვევები აქვს, სწორედ ის სათქმელი, რაც მის ტოლ ათასობით ახალგაზრდას. გადაწყვიტა ეს სათქმელი EDU.ARIS.GE-ს გაუზიაროს რჩევებთან ერთად, რომლებიც გამოადგებათ მათ, ვინც ამ გზის დასაწყისშია. ანუ, მოსწავლეებს, რომლებიც მომდევნო წლიდან აბიტურიენტები გახდებიან.

თამთა შეროზია: აბიტურიენტობის წელი, ჩემთვის, საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული, ასევე ემოციებით დატვირთული და მნიშვნელოვანი იყო. გამოცდებისთვის მზადება გასული წლის სექტემბერში დავიწყე, როგორც ამას აბიტურიენტების უმეტესობა აკეთებს. რეპეტიტორებთან დავდივარ, რადგან მგონია, რომ ასე ერთიან ეროვნულ გამოცდებს უფრო მომზადებული შევხვდები.

რომელ საგნებს აბარებთ და რა მეთოდებით მეცადინეობთ?

3 საგანს ვაბარებ: ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხო ენას (ინგლისურს) და, ისტორიას. ვმეცადინეობ ჩემივე შემუშავებული მეთოდით, რაც ითვალისწინებს ჯერ წინა გაკვეთილების გადამეორებას, ხოლო შემდეგ ახალის სწავლას. წინა დღეს ნასწავლი, გამეორების მერე, ბევრად უკეთ მამახსოვრდება. მგონია, რომ ასე უფრო ხარისხიანად ვმეცადინეობ.

რამდენად დატვირთული ხართ და გრჩებათ თუ არა თავისუფალი დრო? რას აკეთებთ განსატვირთად და რამდენად ხშირად ახერხებთ ამას?

მე, პირადად, ძალიან გადატვირთული ვარ. მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი დღე მაქვს მეცადინეობისგან თავისუფალი. ცოტაოდენი დრო მრჩება მეგობრებთან დროის გასატარებლად. ჩვენი გართობა, ძირითადად, ასეთია – საღამოობით ჩვენი ქალაქის ცენტრში ვიკრიბებით და მომავლის გეგმებზე ვსაუბრობთ. ყველა აბიტურიენტები ვართ, ყველას გამოცდები გველის წინ და ერთმანეთს ჩვენი ყოველდღიურობის შესახებ ვუყვებით.

რა არის თქვენი მომავალი პროფესია და როგორ აირჩიეთ იგი? იყო ეს პირადად თქვენი გადაწყვეტილება, თუ სხვების რჩევებმა, ან გამოცდილებამ იქონია გავლენა?

ჩემი მომავალი პროფესია ინგლისური ფილოლოგიაა. პირადად მე ძალიან ვიწვალე და ბევრი დრო დამჭირდა პროფესიის არჩევისთვის. პირველ რიგში, პრიორიტეტებს გადავხედე, ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონე და საბოლოოდ ერთ აზრზე ჩამოვყალიბდი. ავირჩიე პროფესია, რომლის ფლობაც, დღევანდელი გადმოსახედიდან, ყველაზე მოთხოვნადი და საჭიროა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, სანამ გადავწყვეტდი, მოვისმინე ყველანაირი რჩევა როგორც მშობლებისგან, ისე ამ სფეროში გამოცდილი ადამიანებისგან და ზემოთხსენებულ ფაკულტეტზე ჩაბარება მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე.

რომელი უნივერსიტეტი გიწერიათ პირველი და რა ნიშნით შეარჩიეთ ის? რა არის ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ეს უნივერსიტეტი პირველ ნომრად ჩაწერეთ?

პირველ ნომრად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მიწერია. ის ავირჩიე, რადგან ბევრი გაცვლითი პროგრამა აქვს, სხვადასხვა ქვეყანაში. ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტთან და კვლევით ცენტრთან თანამშრომლობს. ეს, ჩემთვის, გადამწყვეტი იყო. ასევე, მნიშვნელოვანია გარემო, სადაც მთელი 4 წლის განმავლობაში სწავლას ვაპირებ. მნიშვნელოვანია ლექტორებსა და სტუდენტებს შორის კარგი და მეგობრული დამოკიდებულება და ჩემი ახლობლები, რომლებიც ილიას უნივერსიტეტში სწავლობენ ამ ყოველივეს ადასტურებენ. ესეც კიდევ ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა რომ პირველ ნომრად ილიაუნი ჩამეწერა.

რამდენად სტრესული იყო ეს წელი და რა იყო ყველაზე რთული თქვენთვის?

საკმაოდ დამღლელი და სტრესული წელი იყო. თუმცა, ამასთანავე, ყველანაირი ემოციით დატვირთული. სწავლაზე ვარ კონცენტრირებული, მაგრამ ყოველდღიურობა ძალიან დამღლელია – დილას ადრე გაღვიძება, სკოლაში წასვლა, მერე მასწავლებლებთან წასვლა, მერე სახლში დაბრუნება და ისევ მეცადინეობა. ყოველ დღე ერთი და იგივეს კეთება ძალიან მოსაბეზრებელია. ამ ყოველდღიურობამ მომწყვიტა იმ გარემოს, რაც აქამდე მქონდა. ხშირად მოწყენილი და უკმაყოფილო ვარ იმის გამო, რომ ვერ ვაქტიურობ, დრო არაფრისთვის მყოფნის. დღის ბოლოს, სახლში დაბრუნებული, სულ დაღლილი და დაქანცული ვარ და ამის მერე რაიმეს გაკეთება მიჭირს. თავისუფალ დროსაც ვერ ვიყენებ ხშირად. დასვენებისა და შემდეგი დღისთვის ძალების მოკრების მეტს ვეღარაფერს ვაკეთებ. ყველანაირ სიამოვნებას მოკლებული ვარ და თვიდან ბოლომდე მხოლოდ და მხოლოდ სწავლაში ვარ ჩართული. აბიტურიენტები ამ წნეხის ქვეშ ვართ არაუშავს, ზოგჯერ თუ ვწუწუნებთ.

იმატებს თუ არა ნერვიულობის დონე გამოცდების მოახლოებასთან ერთად? რაიმე ხერხები ხომ არ გაქვთ შემუშავებული იმისთვის, რომ გამოცდების წინ და უშუალოდ გამოცდებზე თავის ხელში აყვანა მოახერხოთ?

ჯერ მაინც კარგად ვერ ვიაზრებ, რომ სკოლა დავასრულე, რომ უნდა ჩავაბარო და საერთოდ, ცხოვრების ახალ ეტაპზე რომ მიწევს გადასვლა. ეს ყოველივე, ჩემთვის, საკმაოდ სენსიტიური თემაა. ახლა არ ვნერვიულობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გამოცდის დღეებში ვინერვიულებ. სულ ასე მემართება – სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდები, მანამდე ვერ აღვიქვამ. იმისათვის კი, რომ არ ვინერვიულო და თავი ხელში ავიყვანო, მომავალზე ვფიქრობ. ეს მამშვიდებს და სტრესსა თუ ნერვიულობას მიქრობს. როცა საკუთარ მომავალს წარმოვიდგენ, უფრო მეტის გაკეთება მინდება და ასე რომ ვთქვათ, მომავალია, ჩემთვის, სტიმულის მომცემი.

რა ეტაპზე ხართ ახლა, განვლილი მასალის გადამეორების რა მეთოდებს მიმართავთ?

მეცადინეობის მხრივ საკმაოდ წინ ვართ. იმ პროგრამას თითქმის ვამთავრებთ, რაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზეა საჭირო. რაც გასავლელი გვაქვს – ვსწავლობთ და პარალელურად, ძველ მასალასაც ვიმეორებთ. მასწავლებლები მეხმარებიან – გამოცდებზე წინა წლებში გამოყენებული ტესტებს ვაკეთებთ, ან ზეპირი კითხვა-პასუხით ვიმეორებთ.

თქვენი აბიტურიენტობა, თითქმის, დასრულდა. შესაბამისად, უკვე გაქვთ ამ წლის გამოცდილება. რა რჩევები გექნებოდათ მომავალი წლის აბიტურიენტებისთვის? როგორ იმეცადინონ? რა გაითვალისწინონ? როგორ აარჩიონ პროფესია?

პირველ რიგში, ყველას ვურჩევ რომ მოინდომონ და ბოლომდე დაიხარჯონ. ვურჩევ, სწავლის საკუთარი ხერხი მოიფიქრონ. იმეცადინონ დამშვიდებულ გულსა და გონებაზე. გაითვალისწინონ, რომ ამაზე მათი მომავალია დამოკიდებული. ასევე, არ მოიკლონ მეგობრებთან დროის გატარება. ეს აუცილებელია, რათა ამ ცოტა არ იყოს დამღლელ ყოველდღიურობას გავექცეთ. პროფესიის არჩევა, ჩემი გამოცდილებით, ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საკითხია. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, პირველი დაწერონ ის ფაკულტეტი, რაც მთელი სულით და გულით სურთ, რათა ინტერესით ისწავლონ. ბევრს ვიცნობ, ვისი პროფესიის არჩევაშიც ოჯახი ერეოდა და ახლა ის ბავშვები უმოტივაციოდ არიან. მათი ინტერესები და მიზნები ყველამ უგულებელყო. სწორედ ამიტომ, მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ ყველას რჩევა და დარიგებები მოისმინონ, მაგრამ რაზე სურთ ჩაბარება, ეს თავად გადაწყვიტონ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm