GE

აბიტურიენტებმა არჩევითი საგნების ჩაბარება დაიწყეს – გეოგრაფიის გამოცდის საკითხები და გამოხმაურება

ერთიან ეროვნულ გამოცდებს დღეს აბიტურიენტები გეოგრაფიაში აბარებენ. გლდანის საგამოცდო ცენტრის აპლიკანტების შეფასებით, გამოცდა მარტივი ნამდვილად არ იყო და როგორც ამბობენ, ერთ- ერთი ყველაზე რთული ტექსტის ანალიზი  იყო.

ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის აბიტურიენტების უმეტესობა კი გეოგრაფიის გამოცდას მარტივს უწოდებს. პირველი სესია ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა აპლიკანტების დიდი ნაწილი საგამოცდო ცენტრებს დროზე ადრე ტოვებს.

EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ისინი საკითხებს იხსენებენ და დასძენენ, რომ არცერთი კითხვა არ იყო ისეთი, რასაც არ ელოდნენ.ზოგიერთი მათგანის შეფასებით, წლევანდელი ტესტები შარშანდელზე მარტივიც კი იყო.

„რთული არ იყო, მაგრამ ვერც მარტივად შევაფასებ. კარგად უნდა დაკვირვებოდი რას გეკითხებოდნენ. მაგალითად მოცემული იყო სატელიტური რუკიდან ზღვების ფოტოები და უნდა დაგეწერა რომელი ზღვა იყო. მეორე დავალება იყო  ენდემური სისტემიდან უნდა გვეპასუხა, რომელი ცხოველი რომელ კონტინენტზე ცხოვრობდა და ეს უნდა დაგეწერა. ასევე იყო შიდა და ქვემო ქართლის შესახებ კითხვები. მოცემული იყო კარტოგრაფიული რუკები რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის დროშები იყო მოცემული და უნდა დაგელაგებინა, რომელი დროშა რომელი ქვეყნის იყო. ყველაზე მეტად ტექსტის ანალიზი გამიჭირდა, რადგან ტექსტში არ იყო დასახელებული ის უღელტეხილები, რომელზეც შემდგომ კითხვები მოდიოდა. დასახელებული იყო მხოლოდ მათი სიმაღლე და შემდგომ შენ უნდა გენახა. თუ კარგად დააკვირდებიან ბავშვები, მაშინ გამოცდის ჩაბარება ჩემი აზრით არ უნდა გაუჭირდეთ”, – გვითხრა გლდანის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

“პრაქტიკულად ყველა კითხვაზე  პასუხი წინ გვედო. უბრალოდ რუკის ცოდნა და მისი წაკითხვა უნდა სცოდნოდა აბიტურუენტს. ვფიქრობ, გეოგრაფია ყველაზე კარგად დავწერე”, – ამბობს მეორე აპლიკანტი.

“უფრო მრავალფეროვან კითხვებს ველოდებოდი. მომეჩვენა, რომ ტესტის სირთულე შარშანდელთან შედარებით ნაკლები იყო.  მეგონა, რომ მეტი დრო დამჭირდებოდა, მაგრამ იმაზე მარტივად გავართვი თავი, ვიდრე ველოდი.”

ჟალი მამედოვა: „მე რუსულად ჩავაბარე გამოცდა და ერთი საათით ადრე გამოვედი. ნამდვილად არ გამრთულებია. მარტივი საკითხები იყო. ძირითადად ისეთი კითხვები იყო, რასაც რუკა სჭირდებოდა. რუკები კი იქვე იყო მოცემული. მათ შორის ტოპოგრაფიულიც. ეს მუშაობას ამარტივებდა.“

სალომე კვარაცხელია: „ადვილი იყო. ყველა საკითხი, რაც შემხვდა, გავლილი მქონდა. არაფერი მოსულა ისეთი, რასაც არ ველოდი მაგალითად, ერთი საკითხი მოგზაურებზე იყო. მოცემული იყო მარშრუტები და უნდა დაგეწერა რომელი მარშრუტი რომელ მოგზაურს ეკუთვნოდა. ასევე შიდა ქართლის რეგიონზე შემხვდა კითხვები. უნდა დაგეწერა რომელი ქედები ესაზღვრება  მას დასავლეთით და სამხრეთით. ესეც ძალიან ადვილი იყო. კიდევ, დიაგრამა იყო მოცემული და ორი ქალაქის ტემპერატურა უნდა გამოგეთვალა. მოკლედ, კმაყოფილი ვარ.“

მარიამ ბრეკაშვილი: „მარტივი იყო. კითხვების დიდი ნაწილი რუკებიდან მოვიდა. ეთნიკურ ჯგუფებზე კითხვები, დიგარამები და ა.შ.

„მართალია, მე სტუდენტი მაინც ვერ გავხდები, რადგან უნარების გამოცდაზე დამაგვიანდა, მაგრამ გეოგრაფიის გამოცდაზე მაინც გამოვედი, რადგან გამოცდილებას მივიღებ. სამოქალაქოს გამოცდაზეც გავალ. ტექნიკურ უნივერსიტეტში ვაბარებდი ევროპისმცოდნეობაზე. მომავალ წელს  აუცილებლად ჩავაბარებ ხელახლა.

უნარების გამოცდაზე იმიტომ დამაგვიანდა, რომ მამა გახდა ღამე ცუდად, საავადმყოფოში ვიყავით და ვერ მოვედი დროულად. იმის მერე მეც ცუდად გავხდი, ნერვიულობისაგან გული წამივიდა, სასწრაფო გამოვიძახეთ. ორი განცხადება დავწერე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მაგრამ არაფერმა გაჭრა“.

გეოგრაფიის გამოცდა დღეს ორ სესიად ჩატარდება. პირველ სესიაზე აპლიკანტთა 95%–ზე მეტი გამოცხადდა.

ინფორმაცია გამოცდებზე

მოამზადეს თაკო მათეშვილმა და გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური