GE

აბიტურიენტის თვითშაფასება – რა (არ) უნდა გააკეთოს მშობელმა

როდესაც საქმე ერთიან ეროვნულ გამოცდებს ეხება, აბიტურიენტისთვის ყველაფერი კიდევ უფრო საშინლად გამოიყურება – წლების განმავლობაში ბავშვს ხშირად ეუბნებიან, რომ ამ გამოცდების შედეგები მთელ მის მომავალ ცხოვრებაზე აისახება. არჩეული პროფესიის მიღების შესაძლებლობა და, შესაბამისად, საყვარელი სამუშაოს პოვნა და ფულის შოვნა, სხვების მიერ მისადმი სიმპათია – ყველაფერი სასწორზეა. ყველა ამ გარემოებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვზე და გამოცდის შედეგზე.

მაგრამ, თუ აბიტურიენტს ადეკვატური თვითშეფასება აქვს, პოზიტიური ფიქრები, ემოციები და განწყობა გამოცდის ჩაბარებაში აუცილებლად დაეხმარება.

EDU.ARIS.GE-სთან მოზარდთა და ზრდასრულთა ფსიქოლოგი, მედეა გილდიაშვილი საუბრობს:

– მედეა, პირველ რიგში გვითხარით, რა არის თვითშეფასება და ცვალებადია თუ არა ის, ყოველთვის ერთნაირი თვითშეფასება შეიძლება ჰქონდეს მოზარდს?

– თვითშეფასება გულისხმობს საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებას, შეხედულებებსა და წარმოდგენებს. როგორ ვხედავ საკუთარ თავს, რამდენად მჯერა ჩემი შესაძლებლობების, როგორ ვაფასებ ჩემს რეალურ რესურსებს. მოზარდობის ასაკში ადამიანი მოწყვლად ფაზაშია და იგი ასე ვთქვათ, ირეკლავს გარე გზავნილებს, ოჯახის წევრების შეფასებებს, მეგობრების შეფასებებს.. ხშირად ხდება, რომ მოზარდს დაბალი თვითშეფასება აქვს, გამომდინარე იქიდან თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ზრდასრულებს მის მიმართ, რამდენად აღიქვამენ მის უნარიანობას, როგორ აკეთებენ ამის აღნიშვნას. გეტყვით, რომ თვითშეფასება იცვლება ცხოვრებისეულ გამოცდილებებთან ერთად, ყოველთვის ცხოვრების ყველა ეტაპზე, ერთნაირი თვითშეფასება ვერ გექნებათ. პიროვნებას აქვს პოტენციალი გადააფასოს, აღმოაჩინოს საკუთარი მე, შეიყვაროს და მიიღოს, როგორც ფუნქციური, ასევე დისფუნქციური ნაწილი საკუთარი თავის. შესაბამისად, გაიუმჯობესოს თვითშეფასებაც.

– როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენს შვილს არაჯანსაღი თვითშეფასება აქვს. დაბალი თვითშეფასება ან პირიქით, გადაჭარბებული, ორივე არაჯანსაღად ითვლება?

როგორც დაბალი, ისე გადაჭარბებული თვითშეფასება ითვლება, არაჯანსაღად. გეტყვით, როგორ ამოიცნობ მშობელმა არაჯანსაღი თვითშეფასება :

მოზარდს უჭირს თავის წარმოჩინება და სოციუმის წინაშე თვით პრეზენტაცია;

უჭირს სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში ჩართვა და ახალი სოციალური ურთიერთობები;

ნებისმიერი გარემო მშფოთვარესა და დაძაბულს ხდის. მაგალითად, სკოლაში წასვლის წინ, რეპეტიტორთან წასვლის წინ, მეგობრებთან წასვლის წინ, ზოგადად სოციუმში გამოჩენამდე აქვს რაიმე სომატური ჩივილი: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ე.წ „მტვრევის“ შეგრძნება..

მოზარდს არ გააჩნია ჯანსაღი კრიტიკის უნარი, რეალური რესურსების მიხედვით კი არ მოქმედებს, არამედ ილუზორული მოლოდინები აქვს. არ შესწევს უნარი გარემო პირობების ადეკვატური შეფასება. მაგალითად ხშირია შემთხვევა, როცა მოზარდი არ მეცადინეობდეს და ფიქრობდეს, რომ ის გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, რადგან ნიჭიერია, ან პირიქით, ძალიან ბევრს მეცადინეობდეს ჰქონდეს ცოდნა, მაგრამ ფიქრობდეს, რომ ვერ ჩააბარებს გამოცდას, ეს მოცემულობები ნამდვილად არის თვითშეფასებასთან დაკავშირებული.

– რას ურჩევდით მშობლებს, როგორ დაეხმარონ შვილს, რომელსაც აქვს დაბალი, არაჯანსაღი თვითშეფასება გამოცდები კი ახლოვდება?

– მშობლებს, აღმზრდელებს ვურჩევდი, რომ შეფასება, აქცენტი მიმართონ კონკრეტულ ქცევაზე და არა პიროვნებაზე ან მის შესაძლებლობებზე. პიროვნების გაკრიტიკება ბუნდოვან წარმოდგენებს უჩენს მოზარდს, უჩნდება ეჭვი – არის თუ არა კარგი და მნიშვნელოვანი სხვებისათვის, იმსახურებს თუ არა სიყვარულსა და აღიარებას, აქ კრიტიკის აკრძალვაზე არ ვსაუბრობთ, კრიტიკა უნდა აიყოს ჯანსაღი და არა დამაკნინებელი, მშობელმა უნდა დაიცვას ზომიერება და შვილის შეფასებით ნაწილში იყოს ობიექტური, არ მოერიდოს მის გამხნევებას განსაკუთრებით საგამოცდო პერიოდში, ფრაზა რომ „შენ ნიჭიერი ხარ და მაინც ჩააბარებ“ ან „უნიჭო ხარ და ვერ ჩააბარებ“ არ შეიძლება უთხრათ შვილს. მოუწოდეთ მათ მეტი მუშაობის და შრომისკენ.საჭიროების შემთხვევაში თუ სასიკეთო და აუცილებელია სპეციალისტსაც მიმართეთ.

– და ბოლოს, რით უნდა დაიწყოს მოზარდმა თუ ხვდება, რომ არაჯანსაღი თვითშეფასება აქვს და წინ უამრავი ბარიერი აქვს გადასალახი, თუნდაც საგამოცდო?

– თვითდაკვირვებით და იმის გააზრებით, რომ არაჯანსაღი თვითშეფასება ვნებს მას და მისი ცხოვრების ხარისხს. მნიშვნელოვანია მოზარდმა დასვას კითხვები საკუთარ თავთან: რა არის ის, რაც მაფერხებს მივაღწიო მიზანს, ვიყო სოციალურად აქტიური, მივიღო სიამოვნება სიახლეებისაგან, ურთიერთობებისაგან; რა შემთხვევებში ვგრძნობ თავს არაკომფორტულად, როგორია ეს სიტუაციები და რას ვაკეთებ ასეთ შემთხვევებში; რა კონცეფციები, რწმენა-წარმოდგენებია ჩემთვის დესტრუქციული, შემაფერხებელი..

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm