GE

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები განახლდა – ახალი დოკუმენტი

საქართველოს პრემიერ-მინისტის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №488 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

კერძოდ, განახლდა 108 გვერდიანი დანართი, რომელიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს ადგენს.

დადგენილება, რომელიც 24 ივლისიდან უკვე ამოქმედდა, მნიშვნელოვანია, როგორც აღსაზრდელთა მშობლებისა და შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციისთვის, ასევე იმ პირთათვის, ვინც დაწესებულების დაფუძნებას გადაწყვეტს.

სტანდარტები აერთიანებს ორ ძირითად, ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტს, რომელიც მოიცავს სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს და პროგრამის ხარისხის მახასიათებლებს.

მესამე თავი, პროგრამის ხარისხის სტანდარტი ადგენს, რომ ამ თავში მოცემული სტანდარტების შესრულება მნიშვნელოვანი წინაპირობაა დაწესებულებაში ბავშვთა და ზრდასრულთა კეთილდღეობის შესაქმნელად. 

კეთილდღეობა. ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, დაცულობისა და უსაფრთხოების განცდა, არაძალადობრივ გარემოში საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა – სწორედ ამ ასპექტებით ხასიათდება ადამიანის კეთილდღეობა. კვალიფიციური და ხარისხზე ორიენტირებული დაწესებულების უმთავრესი ამოცანა ამგვარი სივრცის შექმნა და მოწყობაა. კეთილდღეობის შეგრძნება თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც თითოეული ბავშვისთვის, ისე – დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის. მხოლოდ ასეთი გარემო ხდის შესაძლებელს და ხელს უწყობს, ერთი მხრივ, თითოეული ბავშვის მრავალმხრივ, ჰარმონიულ განვითარებას და მეორე მხრივ, თანამშრომლების მოტივირებას, უკეთ იზრუნონ ბავშვსა და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე”, – წერია დოკუმენტში და აქვე ჩამოთვლილია რა განაპირობებს კეთილდღეობის მიღწევას:

დაწესებულება ზრუნავს თითოეული ბავშვისა და თანამშრომლის ფიზიკური ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე; დაწესებულება ზრუნავს თითოეული ბავშვისა და დაწესებულების ყველა თანამშრომლის ემოციური უსაფრთხოების დაცვაზე; თითოეულ ბავშვს აქვს არჩევანის თავისუფლება და გადაწყვეტილების მიღების საშუალება, საკუთარი ინტერესების შესაბამისად; დაწესებულების თანამშრომლები ქმნიან არაძალადობრივ და არადისკრიმინაციულ გარემოს; დაწესებულების თანამშრომლები ქმნიან რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმისგან თავისუფალ გარემოს.

დოკუმენტში დეტალურად არის განმარტებული ბავშვის განვითარების ის ეტაპები, რაც მას ადრეული და სკოლამდელი აღზრდის პროცესში, ასაკის შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულებით უნდა გამოუმუშავდეს. განვითარების სფეროები და თემატური მიმართულებები იხილეთ დოკუმენტში:

სტანდარტების განახლებული დანართი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური