აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 85 წლისაა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 85 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ყველაზე აქტიური მომხმარებელი სტუდენტები დააჯილდოვა და ძველნაბეჭდი და უნიკალური წიგნების ახალი კოლექციის გამოფენა მოაწყო. ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ ცდილობენ ამ ფორმით სტუდენტების ბიბლიოთეკით დაინტერესება კიდევ უფრო გაზარდონ და საცავების უნიკალური ექსპონატები დაინტერესებულ პირებს გააცნონ.
მედიცინის ფაკულტეტის ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა თვითშემოქმედების ინტერნაციონალური საღამო მოაწყვეს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 300-მდე უცხოელი ეუფლება უმაღლეს სამედიცინო განათლებას.
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, სასწავლებელს არაერთი ქართველი და უცხოელი სტუმარი ეწვია. თურქეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვას, ირანისა და გერმანიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ უმასპინძლა. თურქეთიდან ქუთაისში ჩამოვიდა ართვინის უნივერსიტეტის პრორექტორი მურატ ქიბარი. უკრაინიდან: ზაპოროჟიეს ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სერგეი ბიელიკოვი, ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი სერგეი შიმჩუკი, კიევის ვადიმ ჰეტმანის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის პრორექტორი ანატოლი კოლოტი, პოლტავის ეკონომიკისა და ვაჭრობის უნივერსიტეტის რექტორი ალექსეი ნესტულია, კიევის ტექნოლოგიებისა და დიზაინის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი ივანე გრიშჩენკო. ასევე ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ირინა პილვერე, ლიეტუვადან კაუნასის ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის რექტორი იოზას აუგუტისი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წარმომადგენელი. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლატვიისა და უკრაინის ორ უნივერსიტეტთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ცენტრთან.
ახალ საბიბლიოთეკო კორპუსში, კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, აწსუ რექტორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა ლიეტუვას ენისა და კულტურის ცენტრი.
დასკვნითი საიუბილეო ღონისძიება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. სასწავლებელს 85 წლის იუბილე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შერვაშიძემ, კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ შენგელიამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა ლელა ქელბაქიანმა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიულოცეს. მინისტრმა უმაღლესი განათლების მიღწევებსა და განსახორციელებელი რეფორმების იმ ძირითად ასპექტებზე ისაუბრა, რომელიც ახლო მომავალში მათივე ჩართულობით განხორციელდება.
საიუბილეო ღონისძიებები აწსუ ფოლკლორული ანსამბლების „ადილასა“ და „კოლხას“ კონცერტით დასრულდა.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფაქტობრივად, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში ჩამოყალიბდა. 1930 წლის ივლისში ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გააუქმა და მის ბაზაზე ოთხი დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი იყო სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც, ამ დროიდან მოყოლებული, 1933 წლამდე, თბილისში ფუნქციონირებდა. 1933 წელს ხსენებულმა ინსტიტუტმა ამავე წლის 13 თებერვლიდან ქუთაისში განაგრძო ფუნქციონირება. 1933-1990 წლებში სასწავლებელი ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსით არსებობდა.1990 წელს უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №39 დადგენილების თანახმად განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების გზით. საგანმანათლებლო დაწესებულებას სტატუსად განესაზღვრა უნივერსიტეტი და ეწოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მოგვიანებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა. დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში 9 ფაკულტეტი შედის, სადაც ჰუმანიტარული, სოციალური, ტექნიკური, ტექნოლოგიური, აგრარული, ეკონომიკური, სამედიცინო,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფართო სპექტრია წარმოდგენილი.
მალე წიგნი „განათლების ტაძარი – აწსუ-85“ გამოვა, რომელიც სასწავლებლის დაარსების ისტორიასა და განვითარებას ეხება.
(R)
- აწსუ-ის 4 კურსდამთავრებული 100%-იანი დაფინანსებით სწავლას სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში აგრძელებს by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აწსუ-ში კვირეული გაიმართა by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გინესის რეკორდსმენია by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი