მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აწსუ-ში კვირეული გაიმართა
10-14 ნოემბერს, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურის ორგანიზებით, კვირეული ჩატარდა. უნივერსიტეტში მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მოსწავლეებისთვის გასართობ-შემეცნებითი აქტივობები, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის კი საჯარო ლექციები გაიმართა. უნივერსიტეტი სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესის გაჩენას განსაკუთრებით საასკოლო ასაკის ახალგაზრდებში ცდილობს. სწორედ ამიტომ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი, შალვა კირთაძე შეხვდა. მოგვიანებით მოსწავლეებს უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიაში FabLab-ი უმასპინძლეს და ზოოლოგის მუზეუმი დაათვალიერებინეს.
სტუმრებისთვის ასევე შეხვედრა გაიმართა პედაგოგიურ ფაკულტეტზე ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში, სადაც მათ ფაკულტეტის დეკანმა, მამული ბუჭუხიშვილმა უმასპინძლა. მოსწავლეებს უნივერსიტეტის ისტორია სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა, იმერი ბასილაძემ გააცნო.
სამეცნიერო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აწსუ სტუდენტმა, ახალგაზრდა გამომგონებელმა, საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტმა ერეკლე კირკიტაძემ სკოლის მოსწავლეებისათვის რობოტკის ინჟინერიისა და მომავლის პროფესიების შესახებ მინი ლექცია და მასტერკლასი ჩაატარა. ერეკლე ამბობს, რომ მეცნიერების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ხელს უწყობს მათ ინტელექტუალურ განვითარებასა და კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბებას. მეცნიერების გაცნობა ახალგაზრდებს აძლევს შანსს, გააფართოვონ ცოდნის ჰორიზონტები, მიიღონ ახალი პერსპექტივები და გააცნობიერონ გარემოს პრობლემები.
“მეცნიერების პოპულარიზაციით, ახალგაზრდები სწავლობენ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, რაც მომავალში მათი პროფესიული განვითარების საფუძველი ხდება. სკოლის ასაკში ტექნოლოგიების სწორად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ხვალინდელი დღე არის ტექნოლოგიების, ყველა სფეროში დღეს ტექნოლოგიებია გამოყენებული, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის ასაკში მოვთაფლოთ ბავშვები ამ საქმიანობით და მომავალში გახდნენ წამყვანი პროგრამისტები, ინჟნრები და სხვა“, – აღნიშნა ერეკლემ.
ახალგაზრდა გამომგონებლის მასტერკლასი სკოლის მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, რასაც მათი პედაგოგი, ნათია ფურცელაძე გვიდასტურებს.
“ერეკლე კირკიტაძესთან შეხვედრა ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეებმა მოისმინეს, როგორ ფუნქციონირებს დრონი და რისი ცოდნა სჭირდება ადამიანს დრონის სამართავად, ერეკლემ ბავშვებს გამოცდილება გაუზიარა, უამბო, როგორ დაინტერესდა მოსწავლეობის დროს ტექნოლოგიებით და როგორ გამოიყენა ეს ცოდნა“, – ამბობს პედაგოგი.
მეცნიერების დღის აღნიშვნა თანედროვე სამყაროს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის, ხელოვნური ინლექტეტის შესახებ საჯარო ლექციით გაგრძელდა. უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების კოორდინატორმა, ნოდარ ცაგარეიშვილმა განათლების ციფრული ერა: AI-ს როლი სწავლა-სწავლების პროცესში მიმოიხილა.
“ლექციაზე განხილული იყო ხელოვნური ინტელექტის განვითარების მოკლე ისტორია, მისი ძირითადი პრინციპები და თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებში AI-ს როლის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებაზე, როგორიცაა ტექსტის გენერაციის, სურათების შექმნისა და პერსონალიზებული სწავლის პლატფორმები. დამსწრეებმა შეძლეს სხვადასხვა AI ინსტრუმენტის გამოყენება და მათი პოტენციალის შეფასება. ღონისძიებამ გაამარტივა AI-ს მნიშვნელობის და მისი განათლებაში დანერგვის სარგებლის უკეთ გააზრება“, – აღნიშნა ნოდარმა.
კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებმა სპეციალურად ამ დღისათვის შექმნილი სანიშნეები დაარიგეს. ასევე ჩატარდა ონლაინ ვიქტორინა „მეცნიერება და ჩვენ“.
- პირველი ადგილი საინჟნრო ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტმა, სევერიან გუბელიძემ დაიკავა;
- მეორე ადგილზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, თამარ მორჩაძე გავიდა;
- მესამე ადგილი კი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს, ჟანეტა მორჩაძეს ერგო.
სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ ის სტუდენტებიც, რომლებმაც დავალებების შესრულებისას ბარიერი გადალახეს.
უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ მეცნიერება არა მხოლოდ ცოდნის წყაროა, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საშუალება და მომავლის გასაღები.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მსგავსი ღონისძიებების გამართვა მომავალშიც იგეგმება.
- აწსუ-ის 4 კურსდამთავრებული 100%-იანი დაფინანსებით სწავლას სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში აგრძელებს by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გინესის რეკორდსმენია by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეცნიერების პოპულარიზაციისთვის by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი