GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დააჯარიმეს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დააჯარიმა. უმაღლეს სასწავლებელს ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა დაეკისრა. გარდა ამისა, უნივერსიტეტს დაევალა, განსაზღვროს სტუდენტებისთვის მათი ფინანსური დავალიანების არსებობისა და სტუდენტის სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალურად მიწოდების სტანდარტული წესი და პროცედურა. გატარებული ღონისძიებების შესახებ კი, ადმინისტრაციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა აცნობოს.

„შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ 2018 წლის 10 იანვარს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფაზე რამდენიმე საათით საჯაროდ განთავსდა უნივერსიტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების სია. აღნიშნული სია მოიცავდა 150-მდე სტუდენტის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ჯგუფის ნომერს, ფინანსური დავალიანების არსებობის და სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაციას. უნივერსიტეტმა ვერ მიუთითა და არც შემოწმების ფარგლებში გამოიკვეთა მონაცემთა გასაჯაროების სამართლებრივი საფუძველი“, – განუცხადეს პირველ არხს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ ჯარიმა სამართლიანია, რადგან უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცვა ვერ უზრუნველყო.

ცნობისთვის, უნივერსიტეტში ერთ-ერთი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფაზე საჯაროდ განთავსდა 150 მე-3 და მე-4 კურსელის სია, რომელთან ფინანსური დავალიანება ქონდათ, რის გამოც სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ. სტუდენტების სახელებისა და გვარების გარდა, დაფაზე მითითებული იყო მათი პირადი ნომრებიც.

ამავე თემაზე:

რატომ იყო სტუდენტების პირადი ნომრები სასწავლებლის დერეფანში გამოკრული – რექტორის პასუხი

წყარო: 1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური