ალტე უნივერსიტეტში, არაფორმალური განათლების იდეების კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა
6 ივლისს, ალტე უნივერსიტეტში, არაფორმალური განათლების იდეების ყოველწლიური კონკურსის ფინალური ღონისძიება და გამარჯვებული მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ალტე უნივერსიტეტის „მასწავლებლების საბჭოს“ მიერ ორგანიზებულმა კონკურსმა, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა, არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებული იდეები სიცოცხლისუნარიან პროექტებად ექციათ.
რიგით მეორე კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. თავდაპირველად, „მასწავლებლების საბჭომ“ 200-ზე მეტი იდეა მიიღო, მათგან 30-ის ავტორი კი ნახევარფინალში გადავიდა. კონკურსის ფარგლებში, ნახევარფინალისტებმა გაიარეს მენტორინგის სესიები, სადაც ჰქონდათ შესაძლებლობა, წამყვანი სპეციალისტების დახმარებით, საკუთარი იდეები უფრო მეტად დაეხვეწათ. პროექტების დასკვნითი ვერსიების შემუშავების შემდეგ კი, 1-ელ ივლისს, ჟიურის წევრებმა 10 საუკეთესო ფინალისტი გამოავლინეს.
ალტე უნივერსიტეტის კამპუსში გამართულ ფინალურ ღონისძიებაზე თითოეულმა მასწავლებელმა საკუთარი პროექტი 5-კაციანი კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარადგინა. პრეზენტაციების შემდეგ დრო კითხვა-პასუხის რეჟიმსაც დაეთმო – ფინალისტებმა ჟიურის წევრების შეკითხვებს უპასუხეს და მათი შეფასებებიც მოისმინეს.
დასკვნით ღონისძიებაზე კონკურსანტების გარდა, ჟიურიმ და დამსწრე საზოგადოებამ მოუსმინა 2025 წლის გამარჯვებულ მასწავლებლებსაც, რომლებმაც თავიანთი პროექტების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.
არაფორმალური განათლების იდეების კონკურსის კულმინაცია კი გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და მათი ავტორების დაჯილდოების ცერემონია იყო. ჟიურის გადაწყვეტილებით, 10 ფინალისტიდან გამარჯვებულად დასახელდა და საკუთარი პროექტის განსახორციელებლად ფულადი პრიზით დაჯილდოვდა 3 მასწავლებელი:
ლალი მარგიანი (მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლა) – პროექტით „იდეიდან ბრენდამდე“;
კახა გალდავა (სამტრედიის 1-ელი საჯარო სკოლა) – პროექტით „კულტურული მემკვიდრეობის ხმოვანი ლაბორატორია“;
ნინო ფსუტური (გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სკოლა-გიმნაზია) – პროექტით „ჰიდროლაბი“.
თავისი რჩეული დაასახელა კონკურსის პარტნიორმა, გამომცემლობა „დიოგენემაც“. გამომცემლობა პროექტის განხორციელების დროს ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს:
ნესტან ღორჯომელაძეს (ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლა) – პროექტით „პროფესიული ჰაბი სკოლის ბაზაზე“.
„დიოგენესგან“ საგანმანათლებლო რესურსები და ვაუჩერები საჩუქრად პროექტის ფინალისტებმაც მიიღეს. ფინალისტებსა და ალტე უნივერსიტეტის „მასწავლებლების საბჭოს“ წევრებს, რომლებიც ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ, სერტიფიკატებიც გადაეცათ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, EDU.ARIS.GE ესაუბრა კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს, ნინო ფსუტურს, რომელიც გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სკოლა-გიმნაზიას წარმოადგენდა. ქალბატონმა ნინომ, რომელიც ასევე გორის მე-8 საჯარო სკოლის პედაგოგი და 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია, საკუთარ პროექტზე გვიამბო. მანვე მოსაზრება მოსწავლეებისთვის არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზეც გაგვიზიარა:
„მადლობა ალტე უნივერსიტეტს, რომ მოგვცა საშუალება, ჩვენი იდეები წარმოგვედგინა. მსგავსი პროექტები და შეთავაზებები მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არაფორმალური განათლების დროს, თავისუფალ სივრცეში, რეალური კვლევების საფუძველზე, ხდება იმ ცოდნის განმტკიცება, რომელიც მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესში მიიღეს. და როდესაც ბავშვი ხედავს, რომ ცოდნას რეალურად იყენებს – რაღაცას ქმნის, ვიღაცას ეხმარება, ასეთ დროს მისი მოტივაცია ცალსახად იზრდება.
რაც შეეხება ჩემს პროექტს, სახელწოდებით „ჰიდროლაბი“ – ეს არის პატარა ლაბორატორია ერთი საკლასო ოთახის ფარგლებში, რომელიც ჰიდროპონიკის აპარატის აწყობას და მის ფუნქციონირებას ითვალისწინებს. იდეა გულისხმობს ნიადაგის ნაცვლად წყლის გამოყენებას და წყლის ბაზაზე მოსავლის მოყვანას. ვფიქრობ, ეს, მოსწავლეების ჩართულობით, ძალიან საინტერესო პროცესი იქნება და სასკოლო კურიკულუმშიც ჩაშენდება“.
კონკურსის მნიშვნელობასა და არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის კუთხით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლზე ვესაუბრეთ მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ანი ამირანაშვილს.
როგორც ქალბატონმა ანიმ EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, ზოგადად, უნივერსიტეტს, განათლების განვითარების მიმართულებით, დიდი მისია აქვს, რაც არა მხოლოდ უმაღლეს, არამედ ზოგად განათლებასთან დაკავშირებულ პროექტებში ჩართულობასაც გულისხმობს:
„თუ უნივერსიტეტს ზუსტად არ ესმის, რა გამოწვევები, რა სიახლეებია სასკოლო განათლებაში, ძალიან რთულია, უმაღლეს განათლებაში მიმდინარე პროცესებს ფეხი აუწყოს. შესაბამისად, ალტე უნივერსიტეტს ყოველწლიურად აქვს ახალ-ახალი ინიციატივები სასკოლო მიმართულებით, მათ შორის მასწავლებლების ნაწილში.
რაც შეეხება არაფორმალური განათლების იდეების კონკურსს, ეს კონკურსი ემსახურება სწორედ იმ მასწავლებლების აღმოჩენას, რომლებიც თავიანთ სკოლასა თუ რეგიონში არსებულ გამოწვევებს ყველაზე კარგად ხედავენ; იციან ის გზებიც, რა გზებითაც შეიძლება, ეს გამოწვევები გადაიჭრას. ამაში მათ სჭირდებათ დახმარება უნივერსიტეტებისგან, სხვა პარტნიორებისგან, რომ მოსწავლეებს განათლება დამატებითი დაბრკოლებების გარეშე მიაწოდონ“.
ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ კრიტერიუმებზეც, რომელთა საფუძველზე ჟიურიმ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
„პროექტი წელს მეორედ განხორციელდა და დაინტერესება გაზრდილია. გამარჯვებულების გამოსავლენად ძირითადი კრიტერიუმები შემდეგი იყო: პროექტი უნდა ყოფილიყო ინოვაციური და კონკრეტული გამოწვევების მოგვარებაზე მორგებული, შესრულებადი და გაზომვადი შედეგების მქონე. რადგან ეს კონკურსი შარშან ჩავატარეთ პირველად, შედეგების გასაზომად ერთი წელი გვქონდა. გასული წლის გამარჯვებულებმა თავიანთი შედეგების პრეზენტაცია წელს, ფინალურ შეხვედრაზე წარადგინეს. ჩვენ ვუყურებთ, პირველ რიგში, რა დაპირება იყო კონკურსანტის მხრიდან და ერთი წლის შემდეგ, შემაჯამებელ პრეზენტაციაზე ის გვაჩვენებს კონკრეტული მტკიცებულებებით, რეალურად რისი გაუმჯობესება მოახერხა“, – აღნიშნა ანი ამირანაშვილმა.