ალტე უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნებისადმი (SDGs) მიძღვნილი ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
15-16 ივნისს, ალტე უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs) მიეძღვნა. კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებსა და დარგის სპეციალისტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მდგრადი განვითარების აქტუალურ საკითხებზე ემსჯელათ, სამეცნიერო ნაშრომები წარედგინათ და ერთმანეთისა თუ დამსწრე საზოგადოებისთვის პრაქტიკული გამოცდილებაც გაეზიარებინათ.
უფრო კონკრეტულად, ორდღიანი კონფერენცია დაყოფილი იყო სამიზნე აუდიტორიის მიხედვით და პირველი დღე – „მდგრადი განვითარების მიზნები: ინტერდისციპლინარული კვლევა და ინოვაცია“ – აკადემიურ პერსონალსა და მკვლევრებს, ხოლო მეორე დღე – „მდგრადი განვითარების მიზნები: სტუდენტური კვლევა და ინოვაცია“ – სრულად სტუდენტურ კონფერენციას დაეთმო.
მკვლევრებმა და პრაქტიკოსებმა, პირველ დღეს გამართული სესიის ფარგლებში, იდეები, პრაქტიკული გამოცდილება და კვლევის შედეგები წარადგინეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა; განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია; სამართალი, მმართველობა და სოციალური სამართლიანობა; მდგრადი ეკონომიკა და პასუხისმგებელი ბიზნესი; გარემო, კლიმატი და მდგრადი განვითარება.
რაც შეეხება ღონისძიების მეორე დღეს, სტუდენტური კონფერენცია ალტე უნივერსიტეტის კვლევების ხელშეწყობისა და პროექტების განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, ლანა დავითულიანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე ბაქაქურმაც, რის შემდეგაც კონფერენციის მუშაობა ოთხი თემატური სესიის ფარგლებში გაგრძელდა.
პარალელურ სესიებზე, სახელწოდებებით – „მდგრადი განვითარების სამართალი, მმართველობა და ინსტიტუტები“, „ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი და ინოვაცია“, „გარემო, განათლება და სამოქალაქო უფლებები“, „სოციალური სამართლიანობა, შრომა, ჯანდაცვა და კეთილდღეობა“, საკუთარი მოხსენებები სხვადასხვა ქართული და საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარადგინეს. მათ შორის იყვნენ: ალტე უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ა.შ. სტუდენტები, რომლებმაც დამსწრეებს წარუდგინეს პრეზენტაციები, სახელწოდებებით: „განათლება, როგორც მდგრადი საზოგადოების გასაღები, „ევთანაზია – სიცოცხლის უფლება თუ პირადი ავტონომია“, „ძლიერი ინსტიტუტები და ციფრული ეპოქა – საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირების პერსპექტივები და გამოწვევები“, „ხელოვნური ინტელექტი და სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, „სოციალური სამართლიანობა: პრინციპიდან პრაქტიკამდე“ და სხვ. თითოეულ სესიას ერთი მოდერატორი ჰყავდა, კონკრეტული მოხსენების შემდეგ კი, დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, EDU.ARIS.GE-მ ორდღიანი კონფერენციის მნიშვნელობაზე მოსაზრების გაზიარება სთხოვა ალტე უნივერსიტეტის კვლევების ხელშეწყობისა და პროექტების განვითარების დეპარტამენტის დირექტორს, ლანა დავითულიანს. მან ჩვენთან საუბრისას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დოკუმენტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ალტე უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში აღნიშნული დოკუმენტის როლის გააზრებას:
„ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების როლისა და მნიშვნელობის გააზრებას თანამედროვე საზოგადოების განვითარების პროცესში. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები – ეს არის მნიშვნელოვანი სამუშაო დოკუმენტი 2030 წლამდე, მასზე ხელმომწერი ყველა ქვეყანა კი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ეს არის კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა, სოციალური უთანასწორობა, კეთილდღეობა, გენდერული თანასწორობა და სხვა მნიშვნელოვანი მიზნები, რომლებიც საზოგადოების განვითარებისა და უკეთესი საზოგადოების შექმნისთვის არის აუცილებელი.
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს კონფერენციას, ღონისძიებამ გააერთიანა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები, მკვლევრები და სტუდენტები. კონფერენციამ შექმნა სივრცე ცოდნისა და ახალი იდეების გაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ალტე უნივერსიტეტისთვის მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა არის ჩვენს უნივერსიტეტში კვლევითი კულტურისა და საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობის განვითარების ნაწილი. ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“.
მსგავსი ტიპის ღონისძიებებში სტუდენტთა ჩართულობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიურ საქმეთა და კვლევის მიმართულებით, ირმა გრძელიძემ. როგორც მან EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, სამომავლოდ, სწორედ სტუდენტთა ახლანდელ თაობას მოუწევს მდგრადი განვითარების მიზნების პრაქტიკაში განხორციელება:
„მდგრადი განვითარების მიზნები დღეს უკვე აღარ წარმოადგენს მხოლოდ საერთაშორისო დღის წესრიგის ნაწილს – ისინი უნივერსიტეტების, მკვლევრებისა და მომავალი პროფესიონალების პასუხისმგებლობის სფეროცაა. სწორედ ამიტომ, ალტე უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ისეთი აკადემიური სივრცეების შექმნა, რომლებიც ცოდნის გაზიარებას, ინტერდისციპლინურ თანამშრომლობასა და ინოვაციური იდეების განვითარებას უწყობს ხელს.
აღნიშნულმა კონფერენციამ გააერთიანა აკადემიური პერსონალი, მკვლევრები და სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მდგრადი განვითარების გამოწვევებზე პასუხის გაცემა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტების აქტიური ჩართულობა, რადგან სწორედ ისინი არიან ის თაობა, რომელსაც მომავალში ამ მიზნების პრაქტიკაში განხორციელება მოუწევს.
ალტე უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც აძლიერებს კვლევით კულტურას, საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობასა და საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას. გვჯერა, რომ უნივერსიტეტის როლი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემაა, არამედ ისეთი გარემოს შექმნაც, სადაც ახალი იდეები რეალურ ცვლილებებად გარდაიქმნება“.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, ასევე გაიმართა ინტერაქციული ვორკშოპი – „SDG Solutions – Idea Generation Workshop“, რომლის მიზნებზეც ალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის პროექტმენეჯერს, ანა მაისურაძეს ვესაუბრეთ.
მისი თქმით, ვორკშოპმა სტუდენტური კონფერენციის მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, რომ მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებული პროექტები განავითარონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იდეის დამუშავებისა და დახვეწის შემდეგ, მიმდინარე წლის ივლისში გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც სექტემბერში, ჟენევაში დაგეგმილ ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.
„ვორკშოპზე სტუდენტებს დავამუშავებინეთ იდეები, რომლებიც სწორედ მდგრადი განვითარების მიზნებს უკავშირდება. ზოგადად, არსებობს მდგრადი განვითარების 17 მიზანი, მათგან კი ჩვენ გვაქვს არჩეული რამდენიმე – ისეთები, რომლებიც ვფიქრობთ, რომ საგანმანათლებლო სფეროს კარგად ერგება. დინამიური დისკუსიისა და ანალიზის შემდეგ, მოხდა კონკრეტული თემების შერჩევა, რომლებზეც სტუდენტები პრეზენტაციას მოამზადებენ. ივლისში, იდეის განვითარებასთან ერთად, გაიმართება განმეორებითი ეტაპი, რომელზეც გუნდები აღნიშნულ იდეებს საბოლოოდ წარადგენენ და გამარჯვებულიც გამოვლინდება. ალტე უნივერსიტეტი მათთვის აწესებს ფულად პრიზს 1 000 ლარის ფარგლებში. ამის შემდეგ, ჩვენი სურვილია, რომ გუნდმა ჟენევაში, ოლიმპიადაზე საქართველო წარადგინოს. ვორკშოპის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ეს იყო, გვეპოვა გუნდი, რომელსაც აქვს მოტივაცია, ჩვენთან ერთად იმუშაოს და სექტემბერში ოლიმპიადაში მიიღოს მონაწილეობა“, – აღნიშნა ანა მაისურაძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.