GE

„ამ გამოცდაზე უკვე კონდიციონერიც დაგვხვდა“ – გაგრილების სისტემით 22-ვე საგამოცდო ცენტრი აღიჭურვა

ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში უცხო ენების გამოცდაზე გასულ აბიტურიენტებს საგამოცდო სექტორში კონდიციონერი დამონტაჟებული დახვდათ.

„ძალიან კარგია, რომ ამ სესიაზე კონდიციონერები დაგვხვდა დამონტაჟებული. 2–საათიანი სესია რომ დაიწყება, იმ ბავშვებს ჩვენზე უფრო მეტად დასჭირდებათ ეს ტექნიკა. ისიც კარგი იყო, რომ მოსმენის დავალების შესრულების მომენტში გამორთეს  გამაგრილებლები და ხმა უკეთესად გვესმოდა. ჩვენზე მორგებული პირობები იყო ყველანაირად“, – გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა სტეფანე გურგენიძემ.

EDU.ARIS.GE – დაინტერესდა, დაასრულდა თუ არა საგამოცდო ცენტრების გამაგრილებლებით აღწურვა. როგორც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განგვიმარტეს, პროცესი დასრულებულია.

„ქვეყნის მასშტაბით ყველა (22) საგამოცდო ცენტრი უკვე არის გაგრილების საშუალებებით აღჭურვილი. კერძოდ 5 ცენტრში არის მობილური კონდიციონერი და დანარჩენში არის სპლიტ–კონდიციონერები ანუ კედელზე მისამაგრებელი კონდიციონერი. გარდა ამისა, ყველა საგამოცდო ცენტრში წელს უკვე არის ახალი სანიტარული კვანძები“, – განგვიცხადეს სამინისტროს ერთ–ერთ სსიპ–ში.

რაც შეეხება საგამოცდო საკითხების სირთულეს, როგორც ქუთაისის საგამოცდო ცენტრებიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, გამოცდა საკმაოდ გაუადვილდათ.

„რუსულ ენას ვაბარებდი.ზოგადად, ბოლო წლებში, შეინიშნება ტენდენცია, რომ უფრო მარტივდება ეს ტესტური დავალებები და, შარშანდელის მსგავსად, არაფერი ისეთი რთული არ ყოფილა. იყო დასაფიქრებელი მომენტები, ლოგიკურ აზროვნებასაც მოითხოვდა, საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ“.

„რატომღაც უფრო რთულ საკითხებს ველოდი, მაგრამ გამიადვილდა დღეს დაწერა, ვაბარებდი ინგლისურ ენას. შეძლებისდაგვარად დავწერე და კმაყოფილი ვარ. უფრო მოსმენის მეშინია, არ ვიცი რამდენ ქულას დამიწერენ. ძალიან გაგვიხარდა, რომ კონდიცონერები დაგვხვდა დამონტაჟებული და გრილოდა. წინა გამოცდებთან შედარებით უკეთესი პირობები იყო“, – გვითხრა მარიამ ხიჯაკაძემ.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური