GE

ამ კვლევით ქართული განათლების სისტემის გამოსწორება 6 წელშიც შესაძლებელია – „ამის გამბედაობა უნდა გვეყოს!“

„კოალიცია განათლება ყველასათვის-საქართველომ“ სასკოლო სისტემის შესახებ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კვლევის – How the World’s Most Improved School Systems Keep Getting Better (როგორ უმჯობესდება მსოფლიოს საუკეთესო სასკოლო სისტემები) – პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციას უძღვებოდა სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი ნათელა სახოკია. მან ისაუბრა, რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოს სასკოლო სისტემაში მსოფლიო გამოცდილებაზე დაყრდნობით.

ნათელა სახოკიას თქმით, მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანამ ჩაატარა სასკოლო განათლების რეფორმა. მათგან ცოტა იყო წარმატებული. რეალურად, დანარჩენი ქვეყნები არის სტაგნაციაში.

ნაშრომი შეისწავლის მსოფლიოს გარშემო 20-ზე მეტ სისტემას/ქვეყანას და პასუხობს კითხვას თუ რატომ არის, რომ ზოგიერთი სისტემა თანმიმდევრულად და უფრო სწრაფად ვითარდება ვიდრე სხვა დანარჩენი.

„მკვლევარებმა დაინახეს, რომ არის სისტემები, რომლებიც  გამუდმებით აუმჯობესებენ საკუთარ მონაცემებს. მონაცემები კი არის მოსწავლეთა მოსწრება. ამის მიხედვით ადგენენ, როგორია სასკოლო სისტემა. მკვლევარებმა სასკოლო სისტემები დაყვეს სხვადასხვა დონეებად. ცუდი, საშუალო, კარგი, ძალიან კარგი და შესანიშნავი. აღმოჩნდა, რომ სკოლები, რომლებიც მათ აირჩიეს, 20 სასკოლო სისტემა, მათი შედეგები „პიზას“ მონაცემებით უმჯობესდებოდა. ერთადერთი, რომელიც მათ ამ კვლევაში არ განიხილეს, არის ფინეთი. ის შესანიშნავ დონეს მიაკუთვნეს. თუმცა კვლევაში სულ მოიაზრება”, – აღნიშნა ნათელა სახოკიამ.

სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, განხილული კვლევის მიხედვით, სასკოლო განათლების სისტემის გამოსასწორებელი ინტერვენციები, მოწაფეთა რაოდენობის შემცირება, ან დაფინანსების გაზრდა, აღმოჩნდა, რომ არ მუშაობს.

კვლევამ ოცი სასკოლო სისტემა გამოიკვლია. პოლონეთის, ლატვიის, ინგლისის, ჰონგ-კონგის, სინგაპურის, სამხრეთ კორეის. დიდი შტატების: ბოსტონის, ინდოეთის, რომელიც ინგლისზე დიდია, ბრაზილიის დიდი შტატის, საქსონიის და ა.შ. ეს სისტემები აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. კონტექსტი, სადაც რეფორმა ხდება, სხვადასხვაა. სახოკიას თქმით, ეს განსხვავებული სისტემები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ერთსა და იმავე  ინტერვენცებს იყენებს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაირკვა.

„2011 წლის კვლევა ამბობს, მიბაძე შენნაირი სასტარტო პირობების მქონე ქვეყანას, რომელმაც შედეგები გააუმჯობესა და არ მიბაძო ფინეთს. ამიტომ იყო, რომ 2000 წელს საქართველომ განახორციელა ისეთი რეფორმები, რომლის გაქაჩვის თავი არ ჰქონდა. ამაშია მთელი არსი“, – აღნიშნა მან.

როგორც ნათელა სახოკიამ თქვა,  ჩვენთვის საინტერესოა ცუდი სასკოლო სისტემა, რადგან ჩვენ იქ ვართ. ცუდ სასკოლო სისტემაში მოსწავლეთა მოსწრება არის დაბალი. ასევე მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის კვალიფიკაცია, პოტენციალი მაღალ ეშელენობში დაბალია. აქ შედიან მინისტრი, მისი მოადგილეები და ა.შ. ანუ სახელმწიფო ინსტიტუტების პოტენციალი არ არის მაღალი.

„ჩვენი მინისტრი საუბრობდა, რომ 18 წელიწადში 30 განათლების მინისტრი შეიცვალა. აქ უკვე ლაპარაკი აღარ არის მაღალ პოტენციალზე. აქ არ არის გამოცდილება. ეს კვლევა აჩვენებს, თუ დიდხანს არ არის განათლების მინისტრი თანამდებობაზე, ის ვერ მუშაობს და ვერ აკეთებს რეფორმას“, – ამბობს სახოკია.

სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ჩვენთან ცუდს და კარგ სკოლებს შორის დიდია განსხვავება და სატრაბახო არ არის, როდესაც დიდი განსხავებაა სკოლებს შორის. ეს არის ცუდი სასკოლო სისტემის დამახასიათებელი. როგორც ნათელა სახოკიამ აღნიშნა, ჩვენ ასევე დაბალ დაფინანსებაში ვართ. ამიტომ ჩვენი სასკოლო სისტემა ყველა მახასიათებელით არის ცუდი.

„ცუდსაც გააჩნია. როდესაც ჩვენ გამოცდების შედეგებს ვეცნობით, როდესაც დაწყებით კლასებში ამდენი მასწავლებელი ჩაიჭრება, ეს ნიშნავს რომ მათ ყველა მოსწავლეს ეცლება შესაძლებლობა, წერა-კითხვა ისწავლოს. თუ ოჯახში არ ასწავლეს“.

კვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი მიჩნევს, რომ ამ კვლევის მიხედვით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ და ვინაიდან  ჩვენ გვაქვს ცუდი სასკოლო სისტემა და გვინდა გადავიდეთ საშუალოზე, უნდა გამოვიყენოთ ცუდი დონიდან საშუალოზე გადასასვლელი ინტერვენციები/ჩარევები, რომელიც უნივერსალურია ყველა ქვეყნისთვის. ნათელა სახოკიამ დეტალურად განიხილა ის გზები, რითაც შესაძლებელია ქართული ცუდი განათლების სისტემის გაუმჯობესება და ერთი დონით წინ წაწევა.

„პირველი, რაც უნდა გაკეთდეს ამ მიზნის მისაღწევად, არის იმ მასწავლებელთა მხარდაჭერა, რომლებსაც დაბალი შედეგები აქვთ. აქ არ არის ლაპარაკი მასწავლებლის გამოცდა კარგია თუ ცუდი. მასწავლებელს აფასებს მისი მოსწავლეების შედეგები. მასწავლებელს აქვს დაბალი შედეგები და საჭიროა მისი მხარდაჭერა. საინტერესოა როგორია ეს მხარდაჭერა. ყველანაირმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მთავარი მასწავლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავარი ძალისხმევა მასწავლებლის კვალიფიკაციისკენ უნდა მივმართოთ. არა ავტონომია, დამოუკიდებლობა, ეს მერეა. ახლა უნდა გაკეთდეს სასწავლო მეთოდური მასალები. უნდა გაკეთდეს გაკვეთილის დეტალური სცენარები. მასწავლებელს უნდა მივცეთ გაკვეთილის დეტალური სცენარები, იმიტომ რომ ის დაბალკვალიფიციურია. ეს აუცილებელია. ამის გაკეთება არც ისეთი საშინელია, როგორც წარმოგვიდგენია. ეს უნდა დაიწეროს. შეიძლება ვიდეოზე ჩაიწეროს. მასწავლებელი უნდა დაავალდებულო, კეთილი ინებოს და ამ სცენარის მიხედვით ჩაატაროს გაკვეთილი. ასწავლოს ბავშვებს“, -აღნიშნა მან.

მისი განცხადებით, შესაძლოა უხერხული იყოს გაკვეთილის დეტალური სცენარები მასწავლებლებისთვის, მაგრამ თვლის, რომ ქართველი პედაგოგების უმრავლესობას ეს სჭირდება. რადგან, როგორც პიზას კვლევამ აჩვენა, ქართველი მეშვიდე-მერვე კლასელები ვერ იგებენ წაკითხულს. ის კი არა, რომ კითხვა არ იციან, ვერ იგებენ. კითხვებზე პასუხს ვერ ცემენ.

„სამხრეთ კორეაში სცენარების მიხედვით ასწავლიდნენ. პოლონელმა მასწავლებლებმა ეს იუკადრისეს. მათ უთხრეს: კი ბატონო, ასწავლე, როგორც გინდა! მაგრამ მე შენს შედეგებს შევამოწმებ. ფაქტობრივად, გაკვეთილების დეტალური სცენარების მიხედვით ჩატარება ყველგან გაკეთდა, მაგრამ სხვადასხვა ფორმებით. ინტერვენცია არის რა, ხოლო კონტექსტი როგორ“, -განაცხადა ნათელა სახოკიამ.

სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ცუდი საფეხურიდან საშუალოზე გადასასვლელად საჭიროა ასევე ყველა სკოლის მიყვანა აუცილებელ მინიმალურ დონემდე. მისი განცხადებით, ასევე ძალიან აუცილებელია განათლების სამინისტროს წარმომადგენელების მისვლა სკოლაში. არა  მათი მხრიდან კონტროლი. არამედ სკოლაში მისვლა და მასწავლებლებთან დალაპარაკება.

„მერე მოდის, სხვა დონეზე, სიტყვა კონტროლი. ამ დონეზე არ არის. სკოლა რომ მინიმლურ დონემდე მიიყვანო, უნდა შეგეძლოს სასკოლო მიღწევების დათვლა. ეს მეთოდოლოგია უნდა არსებობდეს. შეფასების სისტემა უნდა გქონდეს. იმ სკოლებს, რომლებსაც დაბალი შედეგები აქვს, სჭირდებათ დამატებითი მხარდაჭერა. ასევე მნიშვნელოვანია, ბავშვის საჭიროების დაკმაყოფილება. მნიშვნელოვანია, სახლში როგორი პირობები აქვს ბავშვს. შია, წყურია, ბევრია მანძილი სკოლამდე და ა.შ. ეს ის კომპონენტებია, რომელიც განათლების ხელმისაწვდომობას ქმნის. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ დაკმაყოფილებული მოთხოვნები, რომ სკოლა არ გააცდნიონ“, – აღნიშნა სახოკიამ.

კვლევის, „როგორ უმჯობესდება მსოფლიოს საუკეთესო სასკოლო სისტემები“, მიხედვით, მეორე ეტაპია, როდესაც უკვე გვაქვს საშუალო დონის სასკოლო სისტემა და გადავდივართ კარგზე. ამ დონეებს კი მოსწავლეთა მოსწრება განაპირობებს. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ამ დონეზე სულ სხვა მიზანია დასახული და სულ სხვა საშუალებებია საშუალოდან კარგამდე გადასასვლელად. აქ უკვე მიზანია სისტემის საფუძვლების აგება. შემოდის ინსპექტირების სისტემა. პირველ დონეზე კი ეს არაა. პირველ, ანუ ცუდ დონეზე რაღაცნაირად უნდა მოხერხდეს, რომ ბავშვებმა წერა-კითხვა და ანგარიში ისწავლონ.

ბოლოა, როცა კარგიდან ძალიან კარგზე და შესანიშნავზე უნდა სკოლას გადასვლა. ასეთ დროს ინოვაციებს უნდა უზიარებდნენ სკოლები ერთმანეთს. ინოვაციები დაფინანსებულია და ხელშეწყობილია სახელმწიფოს მიერ. ბოლო ეტაპზე არის ასევე სკოლის ადმინისტრაციის გამოთავისუფლება დამატებითი რუტინისგან. დამატებითი შტატის დაშვებას საჭირო, რომ ადმინისტრაციამ თავის საქმეს მოკიდოს ხელი.

ნათელა საკოხიას თქმით, ამ რეფორმის გასატარებლად საჭიროა თანმიმდევრულობა, სიხისტე, დისციპლინა და ამას უნდა ძალისხმევა.

„რამე უნდა ვიღონოთ! გერმანიაში როდესაც „პიზამ“ აჩვენა, რომ ძალიან დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა გერმანელ ბავშვებს, მთელი გერმანია ფეხზე დადგა.

მნიშვნელოვანია, თვითონ ლიდერის პირადი ძალისხმევა და პოლიტიკური ნება, რომ ეს გაკეთდეს. თუ ორივე ფაქტორია, როგორც ლიდერის, ასევე საზოგადოების ძალისხმევა, ეს ძალიან კარგია. ზოგ სისტემაში, რომლებმაც შედეგები გააუმჯობესეს, ორივე ფაქტორი იყო. ზოგში ერთი  ან მეორე იყო.

„ჩვენმა განათლების მინისტრმა თქვა, რომ რეფორმის შედეგი 20 წლის მერე გამოჩნდება. კვლევამ აჩვენა, რომ 20 წელი არ უნდა ამას. 6 წელიწადშიც მიიღწევა შედეგი. ყველა სისტემა, რომელიც დისციპილურად მიჰყვებოდა ამ გზას, ძალიან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოსწავლეთა შედეგები 6 წელიწადში. თუ ვიცით, რომ ეს რეფორმა კარგია, ეს უნდა გავაკეთოთ! ამის გამბედაობა უნდა გვეყოს!“, – განაცხადა ნათელა სახოკიამ.

„ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში“ – როდის დაინერგება სკოლებში ახალი ესგ

სოფლის, ქალაქისა და კერძო სკოლების სწავლების ხარისხში უზარმაზარი განსხვავებაა – კვლევის შედეგები

„მასწავლებლის სერტიფიცირებულობა და მოსწავლის შედეგი დიდად ერთმანეთთან კავშირში არ არის“

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური