GE

„ამაში ნუღა გადაყრით თანხებს“ – რას ურჩევს განათლების მინისტრს სქემის ცვლილების შესახებ გამოცდილი მასწავლებელი

„წინასწარ სიახლეების გაგება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და ჩვენ, უჩინონი, ქვეტექსტების წაკითხვას დავჯერდეთ…“, – ასე ეხმაურება ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი, გიორგი ჭაუჭიძე განათლების სამინისტროს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ალექსანდრე წულაძემ რუსთავის სკოლების 200-მდე მასწავლებელთან ზოგადი განათლების საფეხურზე დაგეგმილი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა და საუბრისას ხაზი გაუსვა მასწავლებელთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობას”.

აი, რას წერს “მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019”-ის გამარჯვებული საკითხის შესახებ და რა რჩევით მიმართავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს:

“მართლაც უპრეცედენტო სიახლე იგეგმება ქართველი მასწავლებლობის ცხოვრებაში, სქემის ძირეული განახლება და რენესანსი, აღორძინება ანუ.

ძირეულია, აბა, რა! უცქირეთ:

უმალ (ადრე, წინა სქემაში ანუ) სამიზნე იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა. ახლა კი ყველაფერი პირიქით იქნება – კარიერული განვითარება და პროფესიული წინსვლა.

განა ეს ძირეული ცვლილება არაა?!

#გავიცინეთგვეყოფა

კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ბატონო ალექსანდრე, რჩევით: ნუღა ამტუტავთ ძლივს დალაგებულ-დაშოშმინებულ მასწავლებლებს და ამაში ნუღა გადაყრით თანხებს – დაწინაურებული და განვითარებული მასწავლებლები ისევ უმცირესობა იქნება და უმრავლესობას ისევ უკმაყოფილებაში ჩაყრით. ამასთან, მაინც არავინ დანიშნავს პროფესიულად დაწინაურებულებს არც დირექტორებად და სასწავლო ნაწილებად, არც რესურსცენტრის უფროსებად და თანამშრომლებად – გარწმუნებთ, თუმც თქვენც კარგად მოგეხსენებათ, მაგისთვის სხვა კრიტერიუმებია საჭირო…

თუ ფული მოჭარბებულადაა, ციფრული თუ ფიზიკური სასწავლო რესურსების შესაქმნელად მიმართეთ და ამით დატვირთეთ სამინისტროსა და სიპების ის თანამშრომლები, რომლებიც ახალი აბლაბუდის გაბმას გიკიჟინებენ”.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური