GE

„ამით ძალიან ბევრ მოსწავლეს დავაზარალებთ“ – რა საფრთხეებს წარმოშობს სწავლის დისტანციურ ფორმატში განახლება

„ეს ძალიან მძიმე ზეგავლენას ახდენს ბავშვების არა მხოლოდ განათლებაზე, არამედ მათ ზოგად განვითარებაზე“, – ამგვარად აფასებენ განათლების სპეციალისტები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის კვლავ დისტანციურ რეჟიმში შესაძლო დაწყების საკითხს და დასძენენ, რომ ეს მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც თანაბრად დამთრგუნველი იქნება.

იმის ალბათობა, რომ 2021 სასწავლო წელიც დისტანციურად დაიწყოს და წარიმართოს, საკმაოდ მაღალია. ეპიდემიური მდგომარეობა საიმედო პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ყოველდღიურად, საშუალოდ, 5-6 ათასი ადამიანი ინფიცირდება და გარდაცვლილთა რაოდენობა 40-50-ს შორის მერყეობს. შესაბამისად, მოულოდნელი, ალბათ, არავისთვის უნდა ყოფილიყო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ „თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნება, 15 სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით“.

„ჯერჯერობით ეპიდემიური სიტუაცია იმდენად მძიმეა, ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, ჩვენ მოგვიწევდა საუბარი, რომ გადაგვეტანა სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში“, – ეს კი უკვე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას სიტყვებია, რომელსაც დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება ასევე გაუჭირდა.

ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირებიდან და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის დღიდან ზოგად განათლებაზე პანდემიის შედეგებს გაეროს ბავშვთა ფონდი იკვლევს. ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში იმ რთულ რეალობაზე საუბრობს, რომელიც სწავლის ონლაინ განახლების შემთხვევაში დადგება მოსწავლეების ფსიქო-ემოციური და აგრეთვე, საგანმანათლებლო დანაკლისების თვალსაზრისით.

„სკოლების გარეშე ბავშვების დარჩენა ძალიან მძიმე ზეგავლენას ახდენს ბავშვების არა მხოლოდ განათლებაზე, არამედ მათ ზოგად, ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაზე. არ აქვთ საშუალება იმოძრაონ, ურთიერთობა ჰქონდეთ თავიანთ თანატოლებთან, მასწავლებლებთან, რაც მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ განვითარებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ბავშვებს, სოციალიზაციის პროცესში, ურთიერთობები სჭირდებათ. არ შეიძლება ბავშვი დღეების განმავლობაში გამოკეტილი იყოს, მას ფიზიკური დატვირთვა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა ესაჭიროება. გარდა ამისა, თუ ბავშვები ხანგრძლივი დროის განმავლობაში სკოლაში არ დადიან, იზრდება მათზე ფიზიკური, ემოციური და სხვა ტიპის ძალადობის რისკი ოჯახის წევრებისა თუ სხვათა მხრიდან.

„სწავლების ხარისხიც ვერ იქნება სათანადო. მსოფლიოს მასშტაბით ამის ძალიან ბევრი მტკიცებულება დაგროვდა, რამდენადაც პანდემია, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანას შეეხო. ეს, განსაკუთრებულად მძიმედ, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებზე აისახება, რომელთაც ინტერნეტთან და ელექტრონულ მოწყობილობებთან წვდომაც კი არ ჰქონდათ და საერთოდ განათლების გარეშე რჩებოდნენ. მე ვყოფილვარ ოჯახებში, სადაც 7 ბავშვი და ერთი მობილური ტელეფონი იყო. სკოლაში სიარულს, მათთვის, სხვა დატვირთვა აქვს და ამის გაჩერება მათი კიდევ უფრო დამამძიმებელ გარემოებაში ჩაყენებაა. ჩვენი მონაცემებით, ასეთი ბავშვების რაოდენობა 50 ათასზე მეტია და სკოლების დახურვის პირობებში ისინი ისევ განათლების გარეშე დარჩებიან. ამიტომ, სკოლების გახსნისა თუ დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან და, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოსაზრებებიდან გამომდინარე უნდა მიიღებოდეს“, – აღნიშნავს მაია ქურციკიძე.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ რისკები ადგილობრივ დონეზე, კონკრეტული რეგიონებისა და რაიონების მიხედვით უნდა შეფასდეს. ამბობს, რომ სხვადასხვა გარემოზე მორგებული განსხვავებული სტრატეგია უნდა არსებობდეს და სკოლები, რომლებიც წესებს აკმაყოფილებენ, გაიხსნას.

განსაკუთრებულად მოწყვლადი მოსწავლეების დახმარებისა და სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით კი, მაია ქურციკიძე სკოლებს კომპიუტერული ლაბორატორიების გახსნისკენ მოუწოდებს, რათა ბავშვებს იქ არსებული კომპიუტერებით სარგებლობა შეეძლოთ. ამბობს, რომ თუნდაც სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდეს, სკოლა ღია უნდა იყოს იმ ბავშვებისთვის, რომელთაც საგაკვეთილო პროცესში სახლიდან ჩართვის საშუალება არ აქვთ. შესაბამისად, სკოლამ ასეთი ბავშვები უნდა მოიძიოს და უფრო მეტი სოციალური დატვირთვა შეიძინოს.

„ნებისმიერი ჩაკეტვის დროს სკოლა უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება. როცა ქვეყანაში ყველაფერ გახსნილია, სკოლების დახურვაზე საუბარი, ჩვენი მხრიდან, მიზანშეწონილი არ იქნება. თუმცა, ამასთანავე, ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა, სკოლები უსაფრთხო გარემოში უნდა გაიხსნას. UNICEF-მა პანდემიის დაწყებისთანავე გამოაქვეყნა კონკრეტული მითითებები და რეკომენდაციები, რაც უსაფრთხო გარემოს შექმნას ხელს შეუწყობს (დისტანცია, სანიტარულ- ჰიგიენური ნორმები, სასწავლო პროცესში ცვლების დაწესება, გაკვეთილები ღია სივრცეში და ა.შ). წლევანდელი სასწავლო წლიდან კი ამ ყველაფერს ძალიან მნიშვნელოვანი თავდაცვის იარაღი – ვაქცინაცია დაემატა. ესაა ის ბერკეტი, რომელიც საზოგადოებას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაუჩნდა. ეს ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, რათა სკოლები უსაფრთხო გარემოში გაიხსნას და ახალი სასწავლო წლიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს. გაეროს ბავშვთა ფონდი აქაც აქტიურადაა ჩართული, ვაქცინაციის წახალისების მიზნით საქარველოს სხვადასხვა რეგიონში სპეციალისტებთან ერთად, ინფორმაციის მიწოდების მიზნით, შეხვედრებს ვატარებთ“, – დასძენს გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე.

ქალაქ ბაღდათის №2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მანანა კაპეტივაძე იმის მოლოდინშია, რომ სწავლა ისევ დისტანციურად განახლდება და ამას ლოგიკურადაც მიიჩნევს. ამბობს, რომ ეს სამწუხარო რეალობა ჩვენივე, საზოგადოების შექმნილია, რადგან არ ვიცავთ უსაფრთხების იმ წესებს, რომელთა დაცვაც გვევალება და არ ვიტარებთ ვაქცინაციას„თავად ვუქმნით ბავშვებს იმის პირობას, რომ ახალი სასწავლო წელი ისევ დისტანციურად დავიწყოთ. ამით ძალიან ბევრ მოსწავლეს დავაზარალებთ – სასწავლო დანაკარგების თვალსაზრისით ისევ გამოიკვეთება ის რისკები, რაც შარშან გვქონდა. დისტანციური სწავლებისას მოსწავლეებს ერთმანეთთან ინტერაქცია მოაკლდებათ. სასკოლო გარემო, როგორც კომუნიკაციის, ერთმანეთთან დაახლოებისა თუ სწავლის კუთხით, დიდ როლს თამაშობს მოსწავლეების ცხოვრებაში და ამ ყველაფრის ნაკლებობა მათზე ემოციურად იმოქმედებს“, – ამბობს ჩვენთან ინტერვიუში პედაგოგი.

მისივე თქმით, მოსწავლეებისთვის დანაკლისი იქნება სასკოლო აქტივობებიც, რომელსაც მასწავლებელი საკლასო ოთახში თუ არაფორმალურ გარემოში ახორციელებს. გარდა ამისა, ეკრანებს მიღმა „მოსაწყენი კომუნიკაცია“ მნიშვნელოვნად ართულებს მოსწავლის ემოციებისა და საჭიროებების, სიხარულისა და გასაჭირის გაგებას, ისევე როგორც მის ცოდნის ჯეროვნად შემოწმებას.

მანანა კაპეტივაძე ამბობს, რომ ელექტრონული სწავლების ერთერთ მნიშვნელოვან რისკს მოსწავლეების გაკვეთილზე ჩართულება წარმოადგენს. მოსწავლეებს შორის ჩნდება უთანაბრობა და შედეგად კი სახეზე მათი გარკვეული ნაწილის ჩამორჩენა გვაქვს.

„ამ მხრივ რთულია გამოვყოთ ერთი, რომელიმე კლასი. აღნიშნულ რისკებს ყველა დონეზე ვხვდებით. შესაბამისი თანადგომა, ყურადღება და სწავლებაში ჩართვა მოსწავლეს თითოეულ ეტაპზე სჭირდება. საწყისი ეტაპია, შუალედური თუ დამამთავრებელი, ყველა მათგანს ესაჭიროება სასწავლო აქტივობები სრულყოფილად განახორციელოს და მასწავლებლისგან შესაბამისი ცოდნა მიიღოს“, – დასძენს პედაგოგი.

2021-2022 სასწავლო წელი 15 სექტემბერს უნდა განახლდეს. სწავლის ფორმატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკოორდინაციო საბჭო, სავარაუდოდ, სექტემბერში იმსჯელებს.

ამავე თემაზე:

„სრული უპასუხისმგებლობაა, იქნებ დაგვდოს პატივი და დაგველაპარაკოს განათლების მინისტრი“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური