„ამით ქვეყანას და განათლების სისტემასაც დავეხმარებით“, – რა აქცევს კომაროვის სკოლას განსაკუთრებულად
ძველი ტრადიციები და ახალი მიზნები – ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს მოკლედ ფორმულა, რომელიც კომაროვის სკოლას, წლების განმავლობაში, ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს, აყალიბებს როგორც ბრენდს და მის მოსწავლეებს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ასპარეზზე, გამორჩეულობისა და წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს.
სკოლის დირექტორი, ივანე კვიტაშვილი ამბობს, რომ სკოლა ორიენტირებულია მათემატიკის სიყვარულითა და ინტერესით განმსჭვალული მოსწავლეების აღმოჩენაზე, მოზიდვაზე, მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებასა და საუნივერსიტეტო საფეხურზე ღირსეულად წარდგენაში ხელშეწყობაზე. ამისთვის კი არაერთ შესაძლებლობას ქმნის.
EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ხელმძღვანელი სკოლის არსზე, მიზნებსა და მიღწევებსა საუბრობს და სამომავლო გეგმებსაც გვიმხელს, რომელთა შორისაც კომაროვის სკოლის ქვეყნის წამყვან STEM საგანმანათლებლო დაწესებულებად პოზიციონირებაა. დარწმუნებულია, რომ ამით სარგებელს მოუტანენ განათლების სისტემასაც და ეკონომიკასაც და აღზრდის თაობას, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც თავის ქვეყანას, ისე მთელს მსოფლიოს.
ივანე კვიტაშვილი: კომაროვის სკოლა გაძლიერებული ფიზიკა-მათემატიკის პროფილური სკოლაა. ეს კი ნიშნავს, რომ ფიზიკა და მათემატიკა ეროვნული სასწავლო გეგმისგან განსხვავებული სქემით, განსხვავებული საათობრივი დატვირთვითა და პროგრამით ისწავლება. მაგალითად, თუ სხვა სკოლებში მათემატიკას 5, ფიზიკას კი 2 საათი ეთმობა, კომაროვის სკოლაში ამ საგნებისთვის, შესაბამისად, 9 და 6 საათია გათვალისწინებული. პროფილურ საგნებში კომაროველი მოსწავლე იღებს რთულ პრობლემებთან მუშაობის გამოცდილებას, საკითხების სიღრმისეულ და ძირეულ ცოდნასა და წვრთნას, რაც სხვა პროგრამის პირობებში, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა. პროგრამის დაძლევას შესაბამისი უნარები და მათემატიკის სიყვარული სჭირდება. ამიტომ, სკოლაში მოსწავლეები გამოცდის შედეგად მიიღებიან. მომდევნო კლასში გადასასვლელადაც მათემატიკისა და ფიზიკის ბარიერის დაძლევაა აუცილებელი. ასე რომ, მოსწავლეებს ინტენსიური შრომა სჭირდებათ. ეს ტემპი და დატვირთვა, შეიძლება, ცოტა დამძაბველი იყოს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ესაა სწორედ იმ წარმატებისა და თავდაჯერებულობის საფუძველი, რაც მათ სკოლის დამთავრების შემდეგ აქვთ.
აქვე აღსანიშნია, რომ ჩვენი მოსწავლეები კარგად სწავლობენ ყველა სხვა დანარჩენ საგანსაც. მხოლოდ ერთი მიმართულების განვითარებით ცხოვრებაში წარმატების მიღწევა რთულია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ბავშვებს თანაბრად უნდა განვუვითაროთ სხვა უნარ-ჩვევებიც და საკუთარი ძალების მოსინჯვის საშუალება სხვადასხვა დისციპლინაში მივცეთ. ჩვენთან ძალიან აქტიურად მუშაობს მოსწავლეთა თვითმმართველობები, კლუბები და მათი ინიციატივები მხარდაჭერილია. სკოლაში მოქმედებს არაერთი წრე, ტარდება ინტელექტუალური და სპორტული ღონისძიებები და კონკურსები. ჩვენი მოსწავლეები წარმატებებს აღწევენ არაპროფილურ, კლასგარეშე აქტივობებშიც. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი ყველა საგანში ძალიან მაღალი შეფასებები აქვთ.
ამ მიდგომებისა და შესაძლებობების გაერთიანებით კი სკოლა ახერხებს შეასრულოს მისი მთავარი ფუნქცია – აღზარდოს ლიდერები და მოამზადოს ისინი მომავალი ცხოვრებისთვის.
– რა არის ყველაზე გავრცელებული მითი, რომელსაც კომაროვში სწავლაზე აწყდებით მშობლებთან, ან ბავშვებთან?
– რომ კომაროვში სწავლა ძალიან ძნელია, რომ ბავშვს დღე და ღამე არ სძინავს და 24 საათი წიგნებში უნდა იყოს. ასე არ არის. ჩვენი ბავშვები საგაკვეთილო პროცესში ახერხებენ სწავლასაც და მერე სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობასაც.
– როგორია კონკურსი მისაღებ გამოცდებზე და რას აჩვენებს წლების დინამიკა?
კომაროვში მიღება, მე-7 კლასიდან, გამოცდების საფუძველზე ხდება. მისაღები გამოცდები ყოველწლიურად ტარდება და მასზე ძალიან მაღალი კონკურსია. მსურველი 1300-მდე მოსწავლიდან, სხვადასხვა კლასში, მხოლოდ 200-მდე აბარებს. თუ ვინმემ მეშვიდე კლასში ვერ შეძლო ჩაბარება, აქვს შანსი, რომ ჩააბაროს მერვეში, მეცხრეში და ა.შ. ბოლო წლებში ჩაბარების მსურველთა რიცხვი მუდმივად მზარდია.
– როგორი იყო სკოლისთვის 2023 წელი, რა მიღწევებითა და გამოწვევებით დახურა იგი და დაიწყო ახალი, 2024 წელი?
– უკვე 15 წელია, კომაროვის სკოლა, ეროვნული ოლიმპიადების მიხედვით, პირველ ადგილოსანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში. ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებულების დაახლოებით 80% კომაროვის სკოლის მოსწავლეა. საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე სკოლის მოსწავლეებს 20-ზე მეტი ოქროს, 60-მდე ვერცხლის, 100-ზე მეტი ბრინჯაოს მედალი და 40-მდე საპატიო სიგელი აქვთ მოპოვებული.
2023 წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადასა და ინფორმატიკის ეროვნულ ტურნირში გამარჯვებული მოსწავლეებიდან 37 კომაროველია, რომლებმაც გამარჯვებულის 44 ტიტული მოიპოვეს, მათ შორის 16 პირველი ადგილია. მათემატიკისა და ფიზიკის ოლიმპიადაზე გამარჯვებული მოსწავლეების 80%-ზე მეტი, ინფორმატიკის ეროვნული ტურნირის გამარჯვებული მოსწავლეების 85%-მდე ასევე კომაროვის მოსწავლეა. საქართველოს მათემატიკის ეროვნულ ნაკრებში 6-დან 5 წევრი, ფიზიკის ნაკრებში 5-დან 4, ხოლო ინფორმატიკის ნაკრებში 4-დან ოთხივე წევრი ჩვენი სკოლელია.
რაც შეეხება გასულ წელსა და 2024 წლის იანვარს, კომაროველებმა მონაწილეობა მიიღეს არაერთ ტურნირში. მათემატიკის, ფიზიკის, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე ჩვენმა მოსწავლეებმა აიღეს:
მათემატიკის 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს 1, ბრინჯაოს 4 მედალი და 1 საპატიო სიგელი;
ფიზიკის 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის 2, ბრინჯაოს 2 მედალი და 1 საპატიო სიგელი;
ინფორმატიკის 35-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს 3 მედალი;
ჟაუტიკოვის მე-20 საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს 2, ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 3 მედალი.;
ფიზიკის ევროპის ოლიმპიადაზე ვერცხლის 3, ბრინჯაოს 1 მედალი და 1 საპატიო სიგელი;
ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე ოქროს 1, ბრინჯაოს 3 მედალი და 1 საპატიო სიგელი;
ბალტიისპირეთის ფიზიკის ოლიმპიადაზე ოქროს 2 და ვერცხლის 3 მედალი;
ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაზე ვერცხლის 1, ბრინჯაოს 1 მედალი და 1 საპატიო სიგელი;
ინფორმატიკის გოგონათა ოლიმპიადაზე ოქროს 1, ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 1 მედალი.
ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა ინტელექტ კლუბის მერ ორგანიზებულ „რა, სად, როდის“ ჩემპიონატში. 29 კურსდამთავრებულმა, სხვადასხვა დაფინანსებით, წარმატებით ჩააბარა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.
– რაც შეეხება ახალ წამოწყებებსა და პროექტებს? ამ მხრივ რამდენად ნაყოფიერი წელი ჰქონდა სკოლას?
– 2023 წელი გამორჩეული იყო იმ მხრივაც, რომ სკოლამ საქართველოს ბანკთან ერთად ორი მსხვილი პროექტი წამოიწყო. პირველი კომაროვის STEM სკოლაა, სადაც უმაღლესი დონის პროფესიონალების მიერ შემუშავებული პროგრამით ონლაინ ფორმატში ისწავლება როგორც მათემატიკისა და ფიზიკის ელემენტები, ისე ინჟინერია. საქართველოს ბანკი ამ პროექტის რეგიონული ბენეფიციარების დიდ უმრავლესობას თავად აფინანსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები რეგიონებიდან უფასოდ სწავლობენ.
აგრეთვე, 2023 წლის ნოემბრიდან STEM ოლიმპიადა დავიწყეთ, რომელშიც საქართველოს 120-მდე სკოლა ჩაერთო. ჩვენი აზრით, ეს ოლიმპიადა STEM-ის მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს. იგი მოიცავს შეჯიბრსაცა და ინჟინერიაში მენტორების, მოსწავლეების გადამზადებასახც. მათ შესაძლებლობა ექნებათ STEM-ის სწავლების თანამედროვე მეთოდები თავიანთ სკოლებში დანერგონ.
– უფრო კონკრეტულად რომ ახსნათ, რას გულისხმობს ოლიმპიადა, როგორი ფორმატი და შინაარსი აქვს მას?
– ოლიმპიადა საკმაოდ მასშტაბურ ხასიათს ატარებს და ბევრ მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს. პირველ რიგში, რეგიონებში გაცნობითი შეხვედრები ჩატარდა, სადაც სკოლებს ოლიმპიადის კონცეფცია გავაცანით. მეორე ეტაპი ოლიმპიადის ფორმატის შესახებ სკოლების მიერ შერჩეულ მენტორებთან, პედაგოგებთან ტრენინგებს გულისხმობდა. იანვარში ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. ფინალში გადასული 10 სკოლის წარმომადგენლებისთვის კი ინტენსიურად გაიმართება სემინარები ინჟინერიაში, პრაქტიკული აქტივობების თანხლებით. ოლიმპიადას ორგანიზებას მთლიანად საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა უწევენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ იგი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს, რადგან მიგვაჩნია, რომ დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია სხვებსაც უნდა გავუზიაროთ.
– რამდენად ინტერესდებიან ამ შეთავაზებით რეგიონების სკოლები და რამდენად იჩენენ მასში ჩართვის ინიციატივას?
– წარმოიდგინეთ, ასეთი მოდელის, შინაარსისა და მასშტაბის ოლიმპიადა საქართველოში პირველად დაანონსდა და 120 მონაწილე სკოლიდან საკმაო ნაწილი სწორედ რეგიონების სკოლებია.
გასულ წელს უკვე მეორედ ჩატარდა მათემატიკის მასწავლებლების ოლიმპიადაც, რომლის საშუალებითაც ქვეყნის მასშტაბით მათემატიკის პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ ასპარეზზე გამოვიდნენ, კონკურსში მონაწილეობა მიიღონ, ერთმანეთი გაიცნონ და აგრეთვე, სოლიდურ პრიზებსაც დაეუფლონ. ამ პედაგოგებს, თავიანთ სკოლებში, ძალიან დიდი შემოქმედებითი საქმიანობა უწევთ. ასეთი ოლიმპიადები კი, მათთვის, დამატებითი სტიმულია, შეაფასონ საკუთარი თავი სხვა სივრცეში.
– რამდენად ხელმისაწვდომია კომაროვის სკოლა და მის მიერ შექმნილი შესაძლებლობები თითოეული ბავშვისთვის? რამდენად ღიაა იგი და ორიენტირებული ახალი ბავშვების აღმოჩენაზე?
– სკოლას უკვე ორი ბრენდ პროდუქტი აქვს, რომელთა მიზანიც სწორედ ბავშვების აღმოჩენაა. ერთი ესაა „შაბათის სკოლა“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ განივითარონ და განიმტკიცონ მათემატიკური, რაოდენობრივი და ლოგიკური უნარ-ჩვევები. მეორეა საღამოს სკოლა, სადაც კომაროვის სკოლის პროგრამით სწავლება მიმდინარეობს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ჩვენთან არ სწავლობენ. ოლიმპიადებზეც ვეძებთ ბავშვებს. როცა ვნახავთ მოსწავლეს გამორჩეული სიყვარულით მათემატიკის მიმართ, ვცილობთ, რომ ჩვენს აქტივობებში მაქსიმალურად ჩავრთოთ.
კომაროვში ფუნქციონირებს პანსიონი, რომელიც ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობაა მოსწავლეებისთვის რეგიონებიდან და რომელშიც საქართველოს ყველა კუთხიდან მათემატიკური უნარებით გამორჩეული მოსწავლეები არიან თავმოყრილი. ისინი პანსიონში ცხოვრობენ, გაკვეთილების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში, დროს საშინაო დავალებების მომზადებასა და აკადემიურ, სახელოვნებო და სპორტული წრეებზე სიარულს უთმობენ. პანსიონში ასამდე მოსწავლე ცხოვრობს და მათთვის ყველანაირი სერვისი, ისევე როგორც დანარჩენი მოსწავლეებისთვის, უფასოა.
– თუ ფლობთ მონაცემებს, ძირითადად რა პროფესიას ირჩევენ კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები ქართულ თუ საერთაშორისო უნივერსიტეტებში?
– უმრავლესობა, ძირითადად, კომპიუტერულ მეცნიერებებს ირჩევს. შემდეგ მოდის მათემატიკის, ფიზიკის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები და სამედიცინო.
კომაროვის სკოლის 100-მდე კურსდამთავრებული, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებელში ჩაირიცხა სრული დაფინანსებით. ეს ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ელჩები არიან და სხვა თანატოლებისთვისაც ქმნიან შესაძლებლობას, სტიმულს, რწმენას, რომ მათაც ყველაფერი შეუძლიათ. სკოლაში ცალკე მუშაობს კვალიფიციური გუნდი, რომელიც მოსწავლეებს სხვადასხვა უნივერსიტეტთან დაკავშირებასა და ჩაბარებისთვის საჭირო პროცედურების მოგვარებაში აბსოლუტურად უსასყიდლოდ ეხმარება.
– როგორ მიიღწევა ის, რომ წლების განმავლობაში კომაროვის სკოლის მოსწავლეები ასე წარმატებით ასპარეზობენ საერთაშორისო ოლიმპიადებზე?
– საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატების მიღწევა სპეციალური წვრთნის გარეშე, შეუძლებელია. ჩვენთან, გაკვეთილების შემდეგ, ინტენსიური მუშაობა მიდის უკვე არა სკოლის, არამედ საოლიმპიადო პროგრამით. ბავშვები ამ წრეებში სურვილისამებრ ერთვებიან. როდესაც საქართველოს ნაკრები შეირჩევა, წვრთნას ნაკრების ლიდერების ხელმძღვანელობით აგრძელებენ. ინტენსიური საწრეო მუშაობის გარეშე კომაროვის სკოლის მოსწავლეების ეს წარმატებები, საერთაშორისო ოლიმპიადებზე, არ იქნებოდა. უკვე 3 წელია კომაროვის სკოლაში ტარდება ფიზიკისა და მათემატიკის ჩემპიონატები, რომლის მიზანიც ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველი მოსწავლეებისათვის დამატებითი მობილიზება და გამოცდილების მიღებაა.
– როგორ ფიქრობთ, რა ხდის კომაროვის სკოლასა და მის მოსწავლეებს გამორჩეულს?
– STEM მიმართულების მოყვარული, ტექნიკური უნარებისა და კრიტიკული აზროვნების მქონე მოსწავლეების ერთობლიობა, პედაგოგების კვალიფიკაცია, რომ ბავშვებს მისცენ ყველაფერი განვითარებისთვის და კომაროვის დიდი გუნდი, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს და იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. აქ მნიშვნელოვანია გამჭვირვალეობა და სანდოობა. ვფიქრობთ, ჩვენი სკოლის მიმართ მაღალი ნდობა არსებობს და სწორედ ამიტომ არის აქ სწავლის ამდენი მსურველი. ამ ყველაფრის ერთობლიობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სკოლის დამთავრების მერე მოსწავლემ თამამად შეაღოს კარი მსოფლიოს ნებისმიერ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. კომაროვის სკოლას ჰყავს ალუმნების გუნდიც, რომელთა ჩართულობა და მოქმედება უმნიშვნელოვანესია სკოლის განვითარებისთვის.
კიდევ ერთი კომპონენტი, რაც ჩვენს სკოლას გამორჩეულს ხდის, ისაა, რომ სკოლაში მოქმედებს მოსწავლეთა ზრუნვის სამსახური. თითოეულ კლასს თავისი ზრუნვის მენეჯერი ჰყავს მიმაგრებული. ესაა გადამზადებული პროფესიონალი, რომელსაც მხოლოდ ბავშვთან და სკოლასთან დაკავშირებით ოჯახთან კომუნიკაცია, თითოეული მოსწავლის პრობლემის, გასაჭირის, გამოწვევის იდენტიფიცირება და მათი გვერდში დგომა ევალება. ამ ინსტიტუტის მიზანია, ერთი მხრივ, მშობლებთან მუდმივი კომუნიკაცია და სასკოლო ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მეორე მხრივ, მოსწავლეების მხარდაჭერა. თუ დავინახეთ, რომ ბავშვს, მაგალითად, მოტივაცია ეკარგება, მონდომებული აღარ არის, რაიმე აწუხებს, ჩვენი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები განიხილავენ კონკრეტულ ქეისს და თითოეული ბავშვის დასახმარებლად მაქსიმუმს აკეთებენ. მათი ფსიქო-ემოციური განვითარებისათვის ყოველწამიერ რეჟიმში მომართულები არიან. ზრუნვის სამსახურში მუშაობენ ფსიქოლოგები, პედაგოგები, კონკურსის წესით შერჩეული და გადამზადებული თანამშრომლები. იგი ერთგვარი შუამავალია მოსწავლესა და ადმინისტრაციას, ადმინისტრაციასა და მშობელს, მშობელსა და მოსწავლეს შორის. მთელი დღის განმავლობაში ბავშვების გვერდით სწორედ ამისთვის არიან.
– რამდენად ნდობით აღჭურვილი პირები არიან ისინი მოსწავლეებისთვის?
სტატისტიკა თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ზრუნვის მენეჯერების მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია. ეს სამსახური აზღვევს კიდეც შემთხვევებს და რეაგირებს კიდეც, თუ რაიმე მოხდა.
– რა მიზნები აქვს სკოლას როგორც გრძელი, ისე მოკლევადიანი პერიოდისთვის?
– სკოლის მთავარი მიზანი ჩვენი მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემაა. თანამედროვე სამყაროში საჭირო უნარები სწრაფად იცვლება და სკოლის პასუხისმგებლობაა, მოსწავლეებს ეს ცოდნა და უნარები განვითარების ადრეულ ეტაპზევე მიაწოდოს. მაგალითად, პროგრამირებისა და ტექნოლოგიების სწავლება სკოლის სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე, უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანია სასწავლო, სარეკრეაციო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება.
გრძელვადიან პერსპექტივაში კი კომაროვის სკოლის, როგორც ქვეყნის წამყვანი STEM საგანმანათლებლო დაწესებულების პოზიციონირების გაზრდა გვინდა. ამით ქვეყანას და განათლების სისტემასაც დავეხმარებით, STEM-ზე დაფუძნებულ ცოდნის ეკონომიკაზე გადავიდეთ.
– და ბოლოს, როგორი მოქალაქის, როგორი ღირებულებების მქონე ადამიანის აღზრდას ემსახურება კომაროვის სკოლა?
– ჩვენ ვზრდით თაობას, რომელსაც მოაქვს სარგებელი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, მსოფლიოსთვის. ეს ამბიცია ნამდვილად გვაქვს. გინდა ჩვენი მოსწავლეები, თავიანთი დაგროვილი ცოდნით, კომპეტენციებითა და უნარებით იყვნენ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებლები, რომელთაც უყვართ თავიანთი სამშობლო, ხალხი და არიან ქვეყნისა და მსოფლიოს ღირსეული მოქალაქეები. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები დაიკავებენ წამყვან პოზიციებს მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, მართვაში, მედიცინაში და ა.შ. როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო ასპარეზზე. ასეა ახლაც და დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება მომავალშიც.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება