„აქ ფრთებს ისე ვერ გავშლი…“ – დაწყებითების მასწავლებელი ვენენო მენაბდე დისტანციური სწავლების გამოცდილებაზე
EDU.ARIS.GE-ს სტატიათა სერია „ერთი დღე მასწავლებლის კორონავირუსული ცხოვრებიდან“ გრძელდება და დღეს ჩვენი სტუმარია ნიუტონის თავისუფალი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვენენო მენაბდე.
ორი დღის წინ პირველკლასელმა მოსწავლემ მომწერა: „ვოცნებობ, კორონა მალე დასრულდეს, სკოლაში მინდა“.
სკოლა ბავშვებისთვის ერთგვარი თავშესაფარია, სადაც ისინი დროს ატარებენ სხვადასხვანაირ მასწავლებლებთან და ბავშვებთან, სხვადასხვანაირ ბავშვებთან.
სკოლაში სწავლობენ ურთიერთობებს, ემოციების მართვას, ემოციებისა თუ ნივთების გაზიარებას, ცოდნის გამოყენებასა და გადაცემას. სწავლობენ წესებისა და შეთანხმებების დაცვას და იაზრებენ, რომ ასე გაცილებით საინტერესოა პროცესი, ვიდრე მანამდე.
დაშვებული შეცდომების გააზრებას სწავლობენ და ხვდებიან, რომ ეს ნორმალურია და პირიქით, გეხმარება უკეთ სწავლაში.
კითხვას სწავლობენ, საყვარელ წიგნებს აგროვებენ და ერთმანეთს უზიარებენ.
დღის დაგეგმვასა და დროის მენეჯმეტს სწავლობენ.
პასუხისმგებლობის გრძნობა შემოდის მათ ემოციებში.
გამიჭირდება ყველაფრის ჩამოთვლა, რასაც ბავშვები სკოლაში სწავლობენ.
ახლა კი შინ ვართ.
მე ვისმენ მოსწავლეების დარდსა თუ წუხილს, როგორ ენატრებათ სკოლა. მათ ხომ შაბათ-კვირაც არ უყვარდათ, რადგან დასვენების დღეები იყო.
ვუსმენ და არ, აღარ ვიცი, როგორ გავამხნევო.
მე თვითონაც დაბნეული ვარ, მეც ახლა ვსწავლობ ახალ ცხოვრებას.
როგორ ვცხოვრობ, როგორც მასწავლებელი?
პირველმა შოკმა, ცხადია, გადაიარა. აღარც ადაპტაციის პერიოდში ვარ.
გავიაზრე დისტანციური სწავლების ანი და ბანი და მაინც გამუდმებით ვუმეორებ ჩემ თავს, რომ კლასში არ ვატარებ გაკვეთლს, რომ აქ ფრთებს ისე ვერ გავშლი, რომ აქ ემოციებიც სხვანაირი გვაქვს და თვალით კონტაქტიც დაკარგულია, რაც ასეთ მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ურთიერთბისას.
რომ არ გადავღალო მონიტორს მიშტერებული პატარები, ან ძალიან არ დავტვირთო.
რამე ისეთ არ დავავალო, რაც მათ შესაძლებლობებს აღემატება.
არ დამავიწყდეს, რომ ისინი ახლა მხოლოდ მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ყველა ადამიანი ინდივიდია…
რომ ზოგიერთი მშობელი შეიძლება, ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით, წიგნებს ურტყამდეს ბავშვს თავში.
არ უნდა დამავიწყდეს, რომ ახლა სწავლების პროცესში დაშვებულ შეცდომებს მშობელი „ამოწმებს“ და მე არ ვიცი, ისიც ჩემსავით ეტყვის – არა უშავს, შემდეგ ცდაზე უკეთ გამოგივაო, თუ ყვირილს დაუწყებს და შეურაცხყოფას მიაყენებს.
ჩვენ, მშობლებს ხომ ნერვები არასდროს, ან ხშირად არ გვყოფნის, საკუთარ შვილებს მშვიდად ავუხსნათ ასახსნელი, ან მშვიდად გავცეთ პასუხები ათას დასმულ შეკითხვას. ანჩოს რაღაცაზე ვეჩხუბე და მომახალა, -დედა, მინდა, მეც ისე მელაპარაკო, როგორც შენს მოსწავლეებსო, როგორ-მეთქი და ტკბილადო.
ალბათ, ყველასთვის სტრესია ჩაკეტილ კარში ცხოვრება და მით უმეტეს, პატარებისთვის. ამიტომ მინდა, მასწავლებლებმა რამენაირად შევუმსუბუქოთ განსაცდელი და ეს ჩვენი ახალი ტიპის ურთერთობა არაფრით ჰგავდეს (ვერც დაემსგავსება) კლასში ჩატარებულ გაკვეთილებს. იყოს მეტად შემეცნებითი, სახალისო, შემოქმედებითი, თამაშებითა და ხელსაქმით, ანიმაციებით, ფილმებით დატვირთული.
ვფიქრობ, წიგნებსაც წავუკითხავ და გავაგრძელებთ მსჯელობას პერსონაჟებზე. სამწუხაროა, რომ ჯერ ვერ ვცადე დისტანცირებული კითხვა. თუმცა, ლიტერატურული კლუბის ბავშვებს ჩავუწერე ჩემ მიერ წაკითხული ზღაპარი და აუდიო ფაილი გავუგზავნე.
მინდა, მაქსიმალურად ნაყოფიერი იყოს ეს პერიოდი მოსწავლეებისათვის და თან არ მქონდეს იმის ილუზია, რომ ასე ჩატარებული გაკვეთილებით იმ შედეგზე გავალ, რომელიც დაგეგმილი მქონდა. უბრალოდ, მინდა, ფეხი აუწყონ ახალ გამოწვევას და უმტკივნეულოდ ჩაანაცვლონ ძველი ურთიერთობები ახლით.
და ბოლოს,
იმ მასწავლებლებს, რომელთა მოსწავლეებიც ჩემი მოსწავლეებივით ოცნებობენ სკოლაში დაბრუნებაზე, ვუსურვებ, ისეთი დისტანციური გაკვეთილები ჩაეტარებინოთ, სკოლაში დაბრუნებულებსაც ახსოვდეთ და ენატრებოდეთ.
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- როდესაც მოსწავლე სასწავლო წიგნებს სახლში ტოვებს – მიზეზები და რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისთვის by განათლებული ბლოგი
- დიმიტრი უზნაძე მოქალაქის აღზრდაზე – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები“ by განათლებული ბლოგი