GE

„საქართველოში თითზე ჩამოსათვლელად გვექნება საჯარო სკოლები, სადაც 10-15 მასწავლებელი ერთად თანამშრომლობს რამე პროექტში“

მენტორი მასწავლებელი, თემო სუყაშვილი ამბობს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული ბევრი მასწავლებელი მიღწეული შედეგით დაკმაყოფილდა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა შეწყვიტა, რაც შემდგომში სწავლის შედეგების პროცენტულ მაჩვენებლებშიც აისახა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ წამყვანმა მასწავლებელმა მენტორის სტატუსს მიაღწიოს, ამ ეტაპზე გზა ჩაკეტილია, რადგან შესაბამისი გამოცდა არ ტარდება და ამ სტატუსის მიღება მხოლოდ სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„რომ არ ყოფილიყო მინისტრის ბრძანება ჩემთვის მენტორის სტატუსის მონიჭების შესახებ, მე გავაგრძელებდი მენტორი მასწავლებლობისთვის ბრძოლას. თუმცა, ამ ეტაპზე, ეს გზა ჩაკეტილია, ბევრი წამყვანი მასწავლებელია, ჩემი კოლეგები, ვისაც სურთ პროფესიული კარიერული წინსვლა და არ ინიშნება გამოცდა, რომელიც მათ უნდა ჩააბარონ. ეს არის ერთერთი ხელისშემშლელი ბარიერი. ზოგიერთი მასწავლებელი მიღწეულით დაკმაყოფილდა. მასწავლებლებმა გადაწყვიტეს, რომ სიტყვაზე, თუ მიაღწიეს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, ეს იყო საკმარისი და ამის იქით არ სჭირდებოდათ პროფესიული განვითარება, ეს ფაქტორიც მოქმედებს, რაც გამოისახება შემდგომში ამ პროცენტულ მაჩვენებელში“, – განაცხადა თემურ სუყაშვილმა.

როგორც მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგი აცხადებს, ჩვენს ქვეყანაში სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების კარგი მაგალითი არ არსებობს და ძალიან ცოტაა ისეთი საჯარო სკოლებიც, სადაც მასწავლებლები ერთმანეთთან გარკვეული პროექტების ფარგლებში თანამშრომლობენ.

„წეღან აქ ვახსენეთ, რომ არ არსებობს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების კარგი მაგალითი საქართველოში, საქართველოში თითზე ჩამოსათვლელად გვექნება საჯარო სკოლები, სადაც 10-15 მასწავლებელი ერთად თანამშრომლობს რამე პროექტში, გეგმავს და ახორციელებს, ასეთი მიდგომა ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტაა და იშვიათია. ამის ერთი მიზეზი მოტივაციის ნაკლებობაა, მეორე კი – ანაზღაურების თემა. მასწავლებელი ატარებს იმ საათებს, რაც აქვთ აღებული ყოველწლიურად, შემდეგ ტოვებს სკოლას და სამეურნეო საქმეებში ერთვება, იმიტომ რომ სოციალური მდგომარეობა არ არის შესაბამისი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თანამშრომლობდნენ მასწავლებლები ერთმანეთთან არამხოლოდ სკოლაში, არამედ სკოლის გარეთაც, რისი წახალისებაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი ფინანსურად“, – განაცხადა თემურ სუყაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

„მასწავლებლად შემოსვლის ღია კარის პოლიტიკის გამო, ვინც კი უმუშევარი იყო, ვისაც არ დაეზარა, სხვაგან სამუშაო ვერ ნახა, მასწავლებლად აღმოჩნდა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური