„არ გვყოფნის მოთმინება, რომ განათლების პოლიტიკის შემუშავების, დაგეგმვის პროცესები დავიწყოთ და მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე“
1. განათლების პოლიტიკის დაგეგმვაში და მონიტორინგში პარლამენტის როლი პრაქტიკულად უგულვებელყოფილია, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის უფლებამოსილების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს, ხშირად ცვალებადი მენეჯმენტის მიერ ხდება უკვე მიღწეული შედეგების იგნორირება და შესაბამისად არ მიმდინარეობს შედეგების საფუძვლიანი შეფასება და მათი სისტემატიზაცია სარეფორმო პოლიტიკის შემდგომი განვითარების მიზნით;
2. დამკვიდრებული პრაქტიკა არ ითვალისწინებს სისტემურ და თანმიმდევრულ მუშაობას განათლების პოლიტიკის თანამონაწილეობითი ჩართულობის პრინციპით განსაზღვრაზე და შესაბამისად სუსტია ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებისთვის საჭირო მექანიზმები და სტრუქტურები;
3. სისტემაში მიმდინარე სტრატეგიული დანერგვის პროცესი ხშირად დისტანცირებულია ბიუჯეტირების პროცესისაგან. ხშირად ცვლადი სარეფორმო ინიციატივები ნაკლებად ითვალისწინებს ფინანსურ გათვლებსა და მოსალოდნელი რისკების ანალიზს.
4. სამინისტროს ორგანიზაციური სტრუქტურა ვერ განაპირობებს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ეფექტურ მართვას;
5. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების განხორციელების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების სისტემები არის სუსტი და ფრაგმენტული და ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკის შედეგების ვალიდურ შეფასებას;
განათლების პოლიტიკის შემუშავებაში არსებულ ამ ნაკლოვანებებზე, გამომწვევ მიზეზებსა და დაძლევის გზებზეა საუბარი განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევის ანგარიშში.
კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებზე EDU.ARIS.GE-ს ესაუბრება კვლევის ავტორი და ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მაჩაბელი:
გიორგი მაჩაბელი: კვლევა განხორციელდა 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით. შესწავლის ობიექტად განისაზღვრა საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირების პოლიტიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში. შესწავლის მიზანი იყო ბოლო პერიოდში განხორციელებული განათლების რეფორმირების პოლიტიკის ეფექტიანობის განსაზღვრა სისტემის სტრატეგიული განვითარების პერსპექტივის ჭრილში. ვიმუშავეთ სამაგიდე კვლევის (desk study) მეთოდით. მოვიძიეთ ინფორმაცია სისტემაში არსებული სტრატეგიული განვითარების გეგმების და მათი შესრულების მონიტორინგის შესახებ, შევისწავლეთ სისტემის სტრატეგიულ დაგეგმვასთან დაკავშირებული დოკუმენტები და მათი საფუძვლები, ასევე, სისტემაში ჩატარებული კვლევები. განხორციელდა დაკვირვება სისტემაში მიმდინარე სარეფორმო პროცესებზე: გამოვიყენეთ მმართველობითი უწყებების ვებგვერდებზე განთავსებული საჯარო ინფორმაცია, საკითხთან დაკავშირებული საგაზეთო და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციები, ინტერვიუები, პუბლიკაციები, სატელევიზიო ინტერვიუები; სარეფორმო სტრატეგიების პრეზენტაციები და სხვ.
– რა ტენდენციები გამოიკვეთა საკვლევ საკითხთან დაკავშირებით?
– ბევრი განაცხადი მოგვისმენია, რომ ,,ჩვენ ჯერ ვგეგმავთ და მერე ვახორციელებთ სარეფორმო პროცესებს“, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ ხდება. ზოგადად, სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი არის ძალიან კომპლექსური, მასშტაბური და მოითხოვს დიდ რესურსს (ფინანსურს, ადამიანურს…); საქართველოს, ამ მიმართებით, ადამიანური რესურსები სამწუხაროდ არ გააჩნია და არც არავინ ზრუნავს მათ განვითარებაზე. საერთოდ, არ გვყოფნის მოთმინება, რომ პოლიტიკის შემუშავების, დაგეგმვის პროცესები დავიწყოთ და მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე. დიახ, არ გვყოფნის მოთმინება, რომ დაგეგმვის ციკლი მთლიანად გავიაროთ. ვიწყებთ რაღაცას, მერე ვჩერდებით შუა გზაში, მერე ვიწყებთ ახალს, არც ის მიგვყავს ბოლომდე და ასე გრძელდება უკვე მერამდენე წელია.
თუ გვსურს განათლების სისტემის განვითარება, უნდა გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება: დაიგეგმოს, განხორციელდეს და შეფასდეს გასატარებელი პოლიტიკის ერთი ციკლი მაინც და მერე გაკეთდეს დასკვნები, რა მიმართულებით არის საჭირო და შესაძლებელი ამ პოლიტიკის შეცვლა. ხშირად შემოთავაზებული „დასკვნები“ უფრო სუბიექტურ მოსაზრებებზეა დაფუძნებული, ვიდრე ობიექტურ შეფასებასა და რაიმე მტკიცებულებებზე.
– მოთმინებაში პოლიტიკურ მოთმინებას გულისხმობდით?
– პოლიტიკურ მოთმინებასაც, რადგან განათლების სისტემაზე პოლიტიკური პროცესები და საარჩევნო ციკლები მეტწილად უარყოფით გავლენას ახდენს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, უპრიანია, განათლების სისტემაში მიღებულ იქნას ცოტა თამამი გადაწყვეტილებები, რომლის მიღება აქამდე ვერ მოხერხდა მიზეზთა გამო. ჩვეული პრაქტიკა ასე გამოიყურება: არსებობს რაღაც პოლიტიკა, მოდის ახალი ხელმძღვანელი და მყისიერად ცვლის ამ პოლიტიკას. ანუ სისტემის განვითარების მდგრადობა ძალიან კრიტიკულ ვითარებაშია.
ყველაზე დიდი პრობლემა, რაც სერიოზულად უშლის ხელს სისტემის განვითარებას, არის არაეფექტიანი მართვა, დაწყებული სტრუქტურებით, დამთავრებული მეთოდოლოგიით და ასე შემდეგ. ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სისტემის სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა, რაც არის, არა იმ ქვეუწყებების ბრალი, როგორც დღეს იფუთება ეს საკითხი, არამედ სამინისტრო ვერ ახორციელებს ეფექტიანად მათ კოორდინაციას. ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი პრობლემა იყრის თავს, თუნდაც სამინისტროს და ქვეუწყებების არასწორი სტრუქტურა, კადრები… ჩემი აზრით, სამინისტრო უნდა იყოს შეთანხმებული პოლიტიკის გამტარებელი, დამგეგმავი და განხორციელებაზე ზედამხედველი სტრუქტურა. მაგალითისთვის თუ ვიტყვით, ავიღოთ მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც წლებია დაგროვდა. რაღაც ეტაპზე დაიგეგმა საკმაოდ მასშტაბური, კომპლექსური, ცვლილება – დაწყებული პროფესიაში შესვლით და დამთავრებული პროფესიიდან გასვლით. სისტემა საჭიროებდა შემდგომ განვითარებას და იმის მაგივრად, რომ მომხდარიყო სისტემის დახვეწა და განვითარება, ყოველი მომდევნო ხელმძღვანელი, პოლიტიკური ქულების მოპოვების იმედით, სისტემას ნაჩქარევად, პირადი შეხედულების საფუძველზე ცვლიდა. დღესდღეობით, ამ პროცესში მივიღეთ არაეფექტური „ჰიბრიდი“, როცა შეიძლებოდა მისი სწორი განვითარება.
– რა ძირითადი რეკომენდაციები გამოიკვეთა თქვენი კვლევის შედეგად?
– პირველ რიგში, აუცილებელია განათლების პოლიტიკა განისაზღვროს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად და ყველა სახელისუფლებო რგოლმა (პარლამენტი, მთავრობა) ზუსტად და ზედმიწევნით შეასრულოს კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციები და მოვალეობები. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის დამოუკიდებელი მონიტორინგი. კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები გაამარტივებს დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციას და ხელს შეუწყობს ცვლილებების დანერგვას. აუცილებელია, სახელმწიფომ განსაზღვროს სარეფორმო პოლიტიკის ფარგლებში განსახორციელებელი ინტერვენციების პრიორიტეტულობა და თანმიმდევრობა, ინტერვენციების შედეგები უნდა იყოს ურთიერთდაკავშირებული. განგრძობითობის უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია შედეგის მიღება და მისი გაზომვა. განგრძობითობის დეფიციტი აისახება საერთაშორისო და საბიუჯეტო დახმარების არაეფექტიან ხარჯვაზე, რაც თავისთავად გავლენას იქონიებს საერთაშორისო დონორების მიერ განათლებაში ინვესტირებაზე. უნდა განისაზღვროს საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ანგარიშვალდებულების მექანიზმები. მსგავსი მიდგომით თავიდან ავიცილებთ უმიზნო და ხშირ შემთხვევაში, ზიანის მომტან ინტერვენციებს, რომელიც თან ახლავს მინისტრებისა და სხვა პოლიტიკური პირების ხშირ ცვლილებას.
თუ ჩვენ გვინდა სისტემის ჰარმონიული განვითარება და ვედრებით სხვადასხვა ქვეყნებს, მაშინ უნდა დავინტერესდეთ, საიდან დაიწყეს ამ ქვეყნებმა განათლების სისტემის განვითარება და ვნახავთ, რომ მათ სწორი დაგეგმვით მიაღწიეს ამ შედეგებს, დაისახეს სწორი მიზნები, გამოყვეს პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტებზე მიმართეს რესურსები. ჩვენს მაგალითზე ამას ვერ ვიტყვით, ჩვენ პრიორიტეტები გამოყოფილი არ გვაქვს, არ ვიცით საით მივდივართ, რა გვინდა, რა პერიოდში გვინდა, რა შედეგები მივიღეთ, როგორ უნდა გავზომოთ ეს შედეგები…
–როგორია თქვენი მოლოდინი, დარგის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა დაინტერესდება თუ არა ამ კვლევით, ანუ არსებობს თუ არა მათთან თანამშრომლობის პერსპექტივა?
-ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველობითი სტრუქტურები (პარლამენტი, სამინისტრო) თავად იყვნენ დაინტერესებულნი განათლების პოლიტიკის სხვადასხვა საკითხებზე ვალიდური კვლევების განხორციელების ხელშეწყობით, რაც სტრატეგიულად აუცილებელია სწორი და ოპტიმალური სარეფორმო პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელებისთვის. ინსტიტუტს დაგეგმილი აქვს და განაგრძობს განათლების რეფორმის სხვა აქტუალურ თემებთან დაკავშირებით, ანალიტიკური საქმიანობას და შედეგების დაინტერესებული საზოგადოებისთვის წარდგენას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებთან, ამ საკითხებით მათი დაინტერესება; ჩვენ მზად ვართ, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ სარეფორმო პროცესების რაციონალურად წარმართვის საქმეში და ხელი შევუწყოთ განათლების სტრატეგიული დაგეგმვის გამართული სისტემის ჩამოყალიბებას, რაც სისტემის მდგრადი განვითარების ქვაკუთხედია.
მსგავსი სტატია:
რატომ არის სახიფათო განათლების რეფორმის დაწყება გამოცდების გაუქმებით
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება