„ხარჯი დაწყებით კლასებში მეტია“ – რა დაუჯდათ მშობლებს ერთი სემესტრი სკოლაში
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2025/02/photo-1-458x257.jpg)
სკოლის მოსწავლეების მშობლებს უკვე აქვთ გასული სემესტრში დახარჯული ფინანსების ანგარიში. მათ იციან, რა დაუჯდათ შვილის ერთი სემესტრი სკოლაში და ისიც, კონკრეტულად რა ხარჯები დაფარეს.
გამოკითხულმა მშობლებმა, რომელთა შვილებიც სხვადასხვა კლასში სწავლობენ EDU.ARIS.GE-ს გაუმხილეს, რა განსაზღვრავს მათ სასკოლო ხარჯებს.
ხარჯები დამოკიდებულია რა შემოსავალი აქვს ოჯახს, რომელ სკოლაში სწავლობს მოსწავლე, რომელ უბანში დაგვყავს, რას გვთხოვენ სკოლაში და თავად ბავშვზე – მის მოთხოვნებზე.
მშობელი 1
39 წლის თ.ლ-ს 2 შვილი კერძო სკოლაში დაჰყავს. ერთი დაწყებით, ხოლო მეორე საბაზო საფეხურზეა. დედა ორივე მოსწავლის შემთხვევაში ხარჯებს ცალ-ცალკე ითვლის და აღმოჩნდა, რომ სასკოლო ხარჯი დაწყებით კლასში უფრო მეტი აქვს.
„ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ამ ხარჯებში არ მოვიაზრებ, მაგრამ კერძო სკოლებში წიგნებს ვყიდულობთ, უფასოდ არ გვაქვს, როგორც ეს არის საჯარო სკოლებში. მოგეხსენებათ, სხვა პროგრამით გადიან, ამიტომ, გაცილებით მაღალფასიანი წიგნების შეძენა გვიწევს. სახელმძღვანელოებსა და სხვა დამატებით საკანცელარიო რესურსებში ერთი ბავშვი ხარჯი, დაახლოებით, 500 ლარია.
„ახლა კი იმ ხარჯებს გეტყვით, რომელიც უშუალოდ ეხება სასკოლო ცხოვრებას. ერთი მოსწავლის კონცერტი, ზეიმი, გასვლა/ექსკურსია დაახლოებით 300 ლარი დამიჯდა. კლასელების დაბადების დღეები – ეს დამიჯდა დაახლოებით 200-300 ლარი. ეს ხარჯი ნაკლები აქვს ჩემს უფროს შვილს, შეიძლება ითქვას, რომ დაწყებით კლასში მეტია და ზედა კლასში მცირდება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არის სკოლები, სადაც მასწავლებლების, დამრიგებლის, დირექტორის საჩუქრისთვის აგროვებენ ფულს, ჩვენს სკოლაში კეთილსინდისიერად მუშაობენ და ასე არ ხდება“, – ამბობს გამოცდილი მშობელი.
მშობელი 2
მ.ნ საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის დედაა და არაერთი წვრილმანი ხარჯი აქვს. მისი დანახარჯი პირველ სემესტრში კერძო სკოლის მოსწავლის მშობელზე მეტია.
„ექსკურსია გვქონდა მხოლოდ ერთხელ. გასვლა, მუზეუმსა და კინოში 2 ჯერ. საერთო ხარჯი, მქონდა 200-300 ლარი. დასაბეჭდი რესურსები პრეზენტაციისთვის 50-60 ლარი. კლასელის დაბადების დღე, და დამრიგებლის საახალწლო საჩუქარი 100-150 ლარი. ასევე, სასწავლო რესურსები, ეს ხარჯი მქონდა ერთი ბავშვის შემთხვევაში“, – აღნიშნა მან.
მშობელი 3
ეთო რაზმაძე – საჯარო სკოლის მე 11 კლასელი მოსწავლის მშობელია და ხარჯებს არ უჩივის.
„ჯერ არც ექსკურსია დაგვიგეგმავს, არც გასვლა ან სადმე ვიზიტი. რაც შეეხება დაბადების დღეებს, ჩემი შვილის კლასში ნაკლებად იხდიან. შემიძლია ვთქვა, რომ იყო ხარჯი სასწავლო რესურსებზე, თუმცა ალბათ ეს მაქსიმუმ 50 ლარის ფარგლებში. მომდევნო სემესტრში, ალბათ, გვექნება ხარჯები. როგორც წესი, ზედა კლასებში პირველი სემესტრი პასიურია. დამრიგებლის შემთხვევაშიც, საახალწლოდ ტკბილეულით მივულოცეთ მხოლოდ. ჩემი დაკვირვებით, დაწყებით კლასებში მშობელს ბევრად მეტი ხარჯი აქვს. ეს, ალბათ, მოსწავლეებსა და მშობლებზეც არის დამოკიდებული, რამდენად აქტიურები არიან“, – გვითხრა ეთომ.
მშობელი 4
კიდევ ერთი საჯარო სკოლის, პირველკლასელი მოსწავლის დედა კი გვიყვება, რომ მათ სკოლაში განსაკუთრებული ფინანსური ხარჯი არ აქვთ და როგორც სკოლის სხვადასხვა მოსაკრებლის, ისე სასკოლო რესურსებისთვის გაღებული თანხა 300 ლარს არ აჭარბებს.
„ჩვენთან ამ მხრივ მშობლებს მაქსიმალური კონტროლი აქვთ და ზედმეტი თანხების მოთხოვნა არც სკოლის მხრიდან მახსენდება. გასული სემესტრისთვის სასკოლო ღონისძიებებში მაქსიმუმ 100-150 ლარის ფარგლებში ხარჯი გვქონდა. ამში იგულისხმება კარნავალში მონაწილეობა, დედაენის დღისთვის მოწყობილი გაკვეთილისთვის საჭირო თანხა და ასევე სხვა წვრილმანი თანხები. ფული ავკრიფეთ მასწავლებლის დაბადების დღისა და ახალი წლის საჩუქრისთვისაც, თუმცა არ ყოფილა დიდი თანხა, მაქსიმუმ 10 ლარს ვკრებთ თითოეულ მოსწავლეზე.
„ასევე, როდესაც ბავშვს ჰქონდა პროექტები მოსამზადებელი, კომპლექსური დავალების ფარგლებში, შევიძინეთ საჭირო რესურსები. ჯამში ყველა ტიპის ხარჯი 300 ლარს არ აჭარბებს, თუმცა, ესეც მშობელზეა დამოკიდებული, მაგალითად რა ფასიან რესურსებს შეიძენს თუნდაც პროექტის მომზადების მიზნით“, – ამბობს პირველკლასელი მარიამის დედა.
მშობლებო, თქვენ რა დაგიჯდათ შვილის ერთი სემესტრი სკოლაში?
ასევე იხილეთ:
აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს
-
„კიდევ ერთი წარუმატებელი ექსპერიმენტის მოწმე გავხდებით“ – ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის გამოწვევები სააშკარაოზე გამოდის by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2 მთავარი მიმართულება, რომელზეც პარლამენტის განათლების კომიტეტი 2025 წელს იმუშავებს by მასმედია
-
„არაფერში გვარგია“ – როგორ (ვერ) იყენებენ მასწავლებლები ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევას by ARIS.GE-განათლება