GE

„არაფერში გვარგია“ – როგორ (ვერ) იყენებენ მასწავლებლები ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევას

ფოტო –
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

„საავადმყოფოებში ძალიან დიდი თანხის დახარჯვა გვიწევს”; „არანაირი განსხვავებული პირობები არ გვაქვს“; „კისერი უნდა მოიტეხო, რამე რომ დაგიფინანსდეს“; „იძულებული გავხდი კერძო დაზღვევა გამეკეთებინა“; „საყოველთაო დაზღვევას ოდნავ ჯობია“; “სახელმწიფო რატომ არ ზრუნავს ჩემზე, მეც ხომ მასწავლებელი ვარ?!“– მსგავს ფრაზებს მოისმენთ პედაგოგებისაგან, განურჩევლად მათი ასაკისა, პედაგოგიური სტაჟისა, სოციალური სტატუსისა, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილისა, თუკი ჰკითხავთ რამდენად ეფექტურად იყენებენ მასწავლებლის დაზღვევას.

საჯარო სკოლების პედაგოგები დაზღვევის ე.წ. მიზნობრივი პაკეტით სარგებლობენ, რაც, უპირატეს მდგომარეობას ნიშნავს და იმაზე მიუთითებს, რომ სხვა ჯგუფებთან შედარებით, მათი პაკეტი, წესით, უკეთესი უნდა იყოს. მიზნობრივ ჯგუფში, საჯარო სკოლების მასწავლებლების გარდა შედიან: საჯარო სკოლების ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი, რესურსცენტრის თანამშრომლები, სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების პედაგოგები და ა.შ. საბავშვო ბაგა-ბაღებისა და კერძო სკოლების პედაგოგებს დაზღვევა არ ითვალისწინებს.

სახელმწიფო დაზღვევის პარალელურად, პედაგოგებს კერძო დაზღვევის ქონის უფლებაც აქვთ, რაც ბოლო წლების სიახლეა. მასწავლებლის დაზღვევის პირობების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში იძებნება, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ პედაგოგები ამის შესახებ კარგად ინფორმირებულები არიან. პატარა ძიების შედეგად, EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, თუ რას აფინანსებს სახელმწიფო 100 %-ით და რას – ნაწილობრივ. ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, არც თუ ისე მოკლეა. რჩება შთაბეჭდილება, რომ დაზღვევა, მათთვის, მნიშვნელოვანი შეღავათია, თუმცა, როგორც უშუალოდ პედაგოგებთან საუბარმა გამოაჩინა, ეს მხოლოდ პირველადი შთაბეჭდილებაა.

უჩივიან ბევრ რამეს: იმას, რომ დაზღვევის პაკეტი მათ ხშირად აიძულებს ექიმის, კლინიკის შეცვლას, რადგან იგი მხოლოდ კონკრეტულ ექიმებთან და კონკრეტულ კლინიკებში მოქმედებს; რომ რაიონებში მცხოვრებ პედაგოგებს პოლისის გამოყენება, უმეტესი შემთხვევების დროს, მხოლოდ ადგილობრივ დონეზე შეუძლიათ, სადაც იმ მომსახურებასა და ხარისხის ვერ იღებენ, რაც ესაჭიროებათ; რომ დაზღვევა უმნიშვნელოდ განსხვავდება ჩვეულებრივი, საყოველთაო პაკეტისგან და ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში მზად უნდა იყო, რომ თანხების უდიდესი ნაწილის დაფარვა საკუთარი ჯიბიდან მოგიწევს; რომ შემოსავლის ზრდა დაზღვევის გაუქმების მიზეზი ხდება და ა.შ.

სტატიაზე მუშაობისას არაერთ პედაგოგს ვესაუბრეთ. შევეცადეთ, მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვეჩვენებინა რაში და როგორ იყენებენ დაზღვევას და რაში (არ) არგია ჯანმრთელობის დაზღვევა საგანმანათლებლო სექტორს.

ქეთევან ძამაშვილს, რომელიც გორიდან გამოგვეხმაურა, 7 წლის წინ ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. ადგილობრივმა ექიმმა დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოამისამართა. კვლევებმა აჩვენა, რომ სასწრაფოდ ოპერაციის ჩანიშვნა იყო საჭირო. ოპერაცია პედაგოგის დაზღვევამ 1400 ლარით დააფინანსა, თუმცა კლინიკაში ამ ოპერაციის ღირებულება, თითქმის ორჯერ მეტი იყო. ქალბატონ ქეთევანს განუმარტეს, რომ სახელმწიფოს აღნიშნულ ოპერაციაზე 1400 ლარიანი ლიმიტი ჰქონდა დაწესებული და რაკი კლინიკაში ეს გაცილებით ძვირი ჯდებოდა, დარჩენილი თანხის დამატება საკუთარი ჯიბიდან მოუწევდა.

„რომ გითხრათ, რომ იმ წუთას ოჯახში გვქონდა მობილიზებული თანხები, არა. მითხრეს, რომ შემეძლო განცხადება ადგილობრივ გამგეობაშიც შემეტანა და მათ კიდევ 500 ლარი დამიმატეს. დანარჩენი უკვე მე დავამატე. ოპერაციამდელი კვლევები, ბიოფსია და ა.შ. ყველაფერში თანხა თავად გადავიხადე. საკმაოდ ძვირი იყო“, – ამბობს ჩვენთან ინტერვიუში ქალბატონი ქეთევანი.

ოპერაციის შემდეგ ასევე საჭირო იყო გარკვეული პროცედურები. მაგალითად ე.წ. ნიმუშის დათესვა, რომელიც დაზღვევამ არ დააფინანსა. ჩვენს რესპონდენტს თანხის სრულად გადახდა უწევდა ექიმთან ყოველი კონსულტაციისასაც. დაზღვევამ მხოლოდ ნაწილობრივ დააფინანსა ქიმიოთერაპიისთვის საჭირო მედიკამენტები. მას ახლაც სისტემატურად უწევს ვიზიტები ექიმებთან, კონტროლისთვის და ამაში თანხას სრულად საკუთარი ბიუჯეტით უზრუნველყოფს. ექიმი ფორმა 100-ს უწერს და მის საფუძველზე საჭირო კვლევების ნაწილი სახელმწიფოს მიერ უფინანსდება, ნაწილიც – არა.

„პერიოდულად ვიკეთებ ონკომარკერსა და მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიას. ამაში თანხას ვიხდი. ონკოპაციენტების პრობლემას გეტყვით: ექიმთან ვიზიტი საკმაოდ ძვირი ღირს. 100 ლარიდან ზემოთ – 120, 150, 170 ლარი. ეს არ ფინანსდება და საკმაოდ რთული გადასახდელია. კარგი იქნებოდა სახელმწიფო აფინანსებდეს, ან შეღავათიანი ტარიფით ვსარგებლობდეთ“, – დასძენს ქალბატონი ქეთევანი.

ქალბატონი მაია ამბროლაურში ცხოვრობს და მუშაობს. წლების სტაჟის მქონე პედაგოგი ამბობს, რომ გასტროენტეროლოგიური პრობლემების გამო ექიმთან ვიზიტი დასჭირდა, თუმცა დაზღვევა ვერ გამოიყენა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, იგი მხოლოდ რაიონის მასშტაბით მოქმედებს. მის რაიონში კი იმ პროფილის სპეციალისტები და გამოკვლევები, რომელიც სჭირდებოდა, ხელმისაწვდომი არაა. შესაბამისად, უკვე იცის, რომ „როდესაც ექიმებთან ურთიერთობას აპირებ, უზარმაზარი თანხები გჭირდება“.

„რეგიონის მასწავლებლებისთვის მუნიციპალიტეტის იქეთ არანაირი კვლევა არ ფინანსდება. მუნიციპალიტეტის დონეზე კი ეს კვლევები ვერ ტარდება. ანალიზებიც კი არაა დიდად სანდო, მასაც გადამოწმება სჭირდება. პედაგოგის პოლისი მხოლოდ ჩვენი რაიონის დონეზე ჭრის. რაც შეეხება ძვირადღირებულ კვლევებს და ექიმებთან ვიზიტებს, არაფერში გვარგია. სახელმწიფო დაზღვევა უკიდურეს პრობლემას აფინანსებს. მაგალითად, ოპერაციას, მაგრამ დიაგნოზის დასმამდე კვლევებს ძალიან დიდი თანხები სჭირდება. ნებისმიერ სხვა სფეროში დასაქმებულს პედაგოგზე უკეთესი სადაზღვევო პაკეტი აქვს. ჩვენ რა დავაშავეთ? იძულებული გავხდი, კერძო დაზღვევა გავაკეთე და თვეში 70 ლარს ვიხდი“, – აღნიშნავს ქალბატონი მაია.

ქალბატონმა ლელამ სკოლაში მუშაობა 1999 წელს დაიწყო და დღემდე, ერთსა და იმავე სკოლაში, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლის. 2008 წელს C ჰეპატიტი დაუდგინდა და ყოველ 6 თვეში ერთხელ ძვირადღირებული გამოკვლევების კეთება უწევდა. მაშინ არაფერი ფინანსდებოდა, ამიტომ ყველაფერს საკუთარი ძალებით უმკლავდებოდა. ასე გაგრძელდა 2012 წლის შემდეგაც, როცა საყოველთაოა დაზღვევა ამოქმედდა. ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მხოლოდ 2017 წლიდან დაიწყო და მანაც იმკურნალა, თუმცა 2019 წელს სიმსივნე აღმოაჩნდა. სკრინინგიდან დაწყებული, ვიდრე ოპერაციამდე, თანხის გადახდა ყველაფერში თავად მოუწია.

ამბობს, რომ დაზღვევა არც დიაგნოსტირების და არც შემდგომ, წინასაოპერაციო კვლევების ეტაპზე არაფერს აფინანსებს. ოპერაციის საფასურიც ნაწილობრივ აანაზღაურა.
ახლა ქალბატონი ლელა რემისიაშია და 6 თვეში ერთხელ საკონტროლო კვლევებს იტარებს. მისი ერთადერთი, რასაც უფასოდ იღებს, კომპიუტერული ტომოგრაფიაა, თუმცა მასწავლებლის დაზღვევა აქ არაფერ შუაშია, რადგან აღნიშნული კვლევა ნებისმიერი ონკოპაციენტისთვის უფასოა. უფასოა ოჯახის ექიმის კონსულტაციაც, რომელიც ჩვენს რესპონდენტს მხოლოდ სხვა სპეციალისტებთან მიმართვის მისაღებად ადგება. მოგეხსენებათ, აღნიშნული მომსახურებაც ასევე ნებისმიერ ადამიანს აქვს, ვინც საყოველთაო დაზღვევით სარგებლობს. უშუალოდ სპეციალისტებთან კონსულტაციისას კი საკმაოდ მსუყე საფასურების გადახდაა საჭირო. ასე რომ, იგი ყველანაირ კვლევას კერძო დაზღვევით იკეთებს, რომელსაც მას შემდეგ მიმართა, რაც დარწმუნდა, რომ პედაგოგის დაზღვევით ფონს ვერ გავიდოდა.

„კერძოდაც ძალიან ძვირიანი პაკეტი უნდა აიღო, რომ კარგად დაგიფინანსონ. ის პაკეტი, რაც მე მაქვს შეძენილი, 40 %-ით მიფინანსებს წამლებს და 60 %-ით – კვლევებსა და კონსულტაციებს. ჩემი დაც ყოფილი ონკოპაციენტია. საბავშვო ბაღის აღმზრდელია და ამავდროულად, კერძო სკოლაში მუშაობს. მას სახელმწიფო დაზღვევა არ ეკუთვნის და ყველაფერში ფულს იხდის. მხოლოდ საყოველთაო დაზღვევით სარგებლობს, რაც ოჯახის ექიმის კონსულტაციასა და სისხლისა და შარდის საერთო ანალიზებს უფინანსებს. კერძო სკოლისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლები მთელი ცხოვრება პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევიან და მასწავლებლებად არ ითვლებიან. ეს დიდი დანაშაულია“, – ამბობს ქალბატონი ლელა.

მან კოლეგების ჯგუფშიც მოიკითხა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად იყენებენ მასწავლებლის დაზღვევას. ყველა პასუხი თითქმის ერთნაირი იყო – „მწერენ, რომ დაზღვევას ვერ იყენებენ მედიკამენტებზე, კვლევებზე, ექიმებთან ვიზიტებზე. ერთმა მომწერა, რომ ბოლო 1 წელიწადში უამრავი ანალიზი და კვლევა დასჭირდა, საიდანაც დაზღვევამ არც ერთი არ დაუფინანსა. მიპასუხეს, რომ მხოლოდ ოპერაცია დაფინანსდება, თუკი დასჭირდა, რომ მასწავლებლის დაზღვევა, მიუხედავად იმისა, რომ მიზნობრივია, ოდნავ უკეთესია, ვიდრე საყოველთაო დაზღვევა. იმდენად მცირე შეღავათია, რომ ისიც კი, ვისაც კლინიკებში სიარული ხშირად უწევს, აღარც იყენებს. მწერენ იმასაც, რომ კერძო კლინიკებში მინიმალურ დონეზეც არ მოქმედებს. მასწავლებლები ვხუმრობთ ხოლმე, კისერი უნდა მოიტეხო, რამე რომ დაგიფინანსდესო“, – კოლეგების პასუხებს გვიზიარებს ქალბატონი ლელა.

ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ მასწავლებლების ღირსეული დაზღვევისთვის პროფკავშირები უნდა იბრძოდეს და რომ ღირსეულ ხელფასთან და პენსიასთან ერთად, ეს საკითხიც პრიორიტეტულია.

„თანამშრომელს ხერხემლის ოპერაცია დასჭირდა და ისიც კი არ დაუფინანსეს. მიზეზად განუმარტეს, რომ ბანკში, მის სახელზე, 40 ათასამდე ლარის ბრუნვა იყო. არადა, ამ ქალბატონი მთელი ოჯახი უბრალოდ მის ანგარიშზე რიცხავდა თანხას, რადგან რაღაცისთვის აგროვებდნენ. ანუ, მისი შემოსავალი არ იყო. უარი უთხრეს დაფინანსებაზე და დაზღვევაც გაუუქმეს. ყველაფრის გადახდა თავად მოუწია. მეორე თანამშრომელს საზღვარგარეთ წასული დეიდაშვილი ურიცხავს ფულს, რომელსაც უბრალოდ ამის ანგარიშს იყენებს თანხის მოსაგროვებლად. იმასაც გაუუქმდა დაზღვევა. ეს ხომ დიდი დარღვევაა?!“ – აცხადებს პედაგოგი.

ეს უკანასკნელი საკითხი, როგორც აღმოჩნდა, არაერთი პედაგოგისთვისაა პრობლემური. გარდა იმისა, რომ როგორც ჩვენი რესპონდენტების მონაყოლიდან იკვეთება, სხვადასხვა მიზეზის გამო დაზღვევას, უბრალოდ, ვერ იყენებენ, პედაგოგების ნაწილს იგი საერთოდაც გაუუქმდა. თუკი პედაგოგი საკუთარი შემოსავლის გაზრდას მოინდომებს, სამუშაოთი თავს მეტად დაიტვირთავს და საკუთარი პირადი დროის ხარჯზე სხვა დამატებით საქმიანობით დაკავდება, თუნდაც ორ სკოლაში მუშაობას დაიწყებს, ან რაიმე სხვა გზით მის ანგარიშზე 40 ათას ლარზე მეტი დაფიქსირდება (წლიური), მასზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას იხსნის და დაზღვევას უუქმებს.

სწორედ ასე მოხდა ქეთევან სეფიაშვილს შემთხვევაში, რომელიც 15 წელია თბილისის ორ სხვადასხვა საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. საკუთარი სადაზღვევო პაკეტი 2023 წლამდე არ დასჭირვებია და არც გამოუყენებია. 2023 წელს კი სკოლაში ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა მოსთხოვეს და უბნის პოლიკლინიკას მიაკითხა, სადაც აღმოაჩინა, რომ დაზღვევა საერთოდ არ ჰქონდა და ცნობაში თანხა უნდა გადაეხადა. როდესაც მიზეზით დაინტერესდა, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე განუმარტეს, რომ მას, როგორც წელიწადში 40 000 ლარიანი შემოსავლის მქონე პედაგოგს, დაზღვევა არ ეკუთვნოდა. შესაბამისად, ორი არჩევანი აქვს – ან ნებისმიერ პროცედურაში ფული გადაიხადოს, ან კერძო დაზღვევას მიმართოს, რაც არცთუ იაფი სიამოვნებაა.

„საკმარისია ანგარიშზე დაფიქსირდეს 40 000 ლარზე მეტი, თუნდაც გაჩუქოს ვინმემ, დაზღვევა იხსნება. თუ ჩემი შემოსავალი 40 000 ლარია, მისი 20 %, ანუ 8 000 ლარი სახელმწიფოს რჩება და დავიჯერო, რომ ამ 8 000 ლარიდან ჩემს ჯანმრთელობას ერთი თეთრიც არ უნდა მოხმარდეს? სახელმწიფო რატომ არ ზრუნავს ჩემზე, მეც ხომ მასწავლებელი ვარ?!

„ორ სკოლაში კი იმიტომ ვმუშაობ, რომ ობოლ ბავშვს ვზრდი, რომლისთვისაც დედაც მე ვარ და მამაც. ვცდილობ ობოლს მატერიალური გაჭირვება არ ვაგრძნობინო. ასევე, პენსიონერ დედას დავეხმარო. იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ჩემსავით “გამდიდრებული” მასწავლებლები. მე, ჯერჯერობით, საბედნიეროდ არ მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა და არ მიწევს ექიმებთან ვიზიტი, მაგრამ ჩემს კოლეგებს ხშირად უწევთ. უბრალო ბიულეტენი რომ გახსნა და დახურო, 70 ლარი უნდა გადაიხადო. მასწავლებელი არის მასწავლებელი და არ აქვს მნიშვნელობა სად ასწავლის – საჯარო თუ კერძო სკოლაში, საბავშვო ბაღსა თუ პროფესიულ სასწავლებელში, ან თუნდაც უმაღლეს სასწავლებელში. მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს მის შემოსავალსა და ქონებრივ მდგომარეობას, აუცილებლად უნდა სარგებლობდეს დაზღვევით, რადგან თავისი პროფესიიდან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვასა და დაფასებას იმსახურებს“,- ამბობს ქალბატონი ქეთევანი.

კიდევ ერთი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაა. იმ პედაგოგების დიდი ნაწილი, რომელთაც ვესაუბრეთ, აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში მათ არ იციან რა ეკუთვნით და რა – არა. რა უფინანსდებათ სრულად და რა – ნაწილობრივ. არ აქვთ ინფორმაცია არც იმაზე, თუ რომელ კლინიკაში სჯობს მომსახურების მიღება. ეს ინფორმაცია, ერთად თავმოყრილი, მათთვის ხელმისაწვდომი არაა და თითოეულ კითხვაზე ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის გამოყენება უწევთ.

„რა დაზღვევით ვსარგებლობთ, ძირითადად, არც კი ვიცით. რამდენჯერაც კლინიკაში დაგვჭირდა, გვითხრეს, რომ ვერ ვისარგებლებდით დაზღვევით ვერც ანალიზზე, ვერც კონსულტაციაზე, ვერაფერზე აბსოლუტურად. ახლაც გამოკვლევების ეტაპზე ვარ. 3000 ლარი ისე დავხარჯე, ერთი თეთრი არ მქონია შეღავათი. სამწუხაროდ, კლინიკებში ძალიან დიდი თანხის დახარჯვა გვიწევს. ჩემს ირგვლივ ყველა ამ საკითხზე წუწუნებს. ინფორმაციის დაბალი დონეა“, – გვეუბნება ჩვენი მორიგი რესპონდენტი.

მარიამი: “მასწავლებლის დაზღვევა მე პირადად არაფერში მარგია, ჩემთვის უფუნქციოა. შეიძლება გამომადგეს მშობიარობის, ან საკეისრო კვეთის შემთხვევაში, მაგრამ აქამდე ხომ უნდა მივიდე?! უშვილობაზე ვმკურნალობ და არაფერში მადგება. საჭირო გამოკვლევებსა და პროცედურებს არ აზღვევს! ჩემი ინფორმაციით, არც კერძო დაზღვევა აზღვევს ამ საკითხს. ქვეყნის პრიორიტეტებში დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრა არ შედის, არც ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და კეთილდღეობა!“.

სახელმწიფოს სრულად აქვს პასუხისმგებლობა მოხსნილი საბავშვო ბაგა-ბაღებისა და კერძო სკოლების მასწავლებლებზე. ისინი იმ შეღავათითაც არ სარგებლობენ, რითაც საჯარო სკოლის მასწავლებლები. პედაგოგები ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც ერთსა და იმავე ქვეყანაში ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან, სახელმწიფოს სრულიად არათანაბარ მდგომარეობაში ჰყავს ჩაყენებული. ჩვენი შემდეგი რესპონდენტები, რომლებიც გასაგები მიზეზების გამო ვინაობის საჯაროდ დასახელებისგან თავს იკავებენ, აცხადებენ, რომ თავს დაჩაგრულად გრძნობენ, რადგან ქვეყნისთვის მათაც ისეთივე სარგებელი მოაქვთ, რაც მათ კოლეგებს, თუმცა იმავენაირ დაფასებას ვერ გრძნობენ.

ეკა, (კერძო სკოლის მათემატიკის პედაგოგი თბილისიდან, 61 წლის): „15 წელზე მეტია კერძო სკოლაში ვმუშაობ. მანამდე საჯარო სკოლაშიც წლები ვიმუშავე, თუმცა მაშინ დაზღვევა არც საჯარო სკოლის პედაგოგებს ჰქონდათ. ახლა მათ ამ დამსახურებული სიკეთით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა ჩვენ – არა. თითქოს ჩვენ, კერძო სკოლის მასწავლებლები, არ ვზრდით მომავალ თაობას, ან რაიმეს უფრო ნაკლებს ვაკეთებთ, ვიდრე საჯარო სკოლის მასწავლებლები აკეთებენ. ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთულია დაზღვევის გარეშე ცხოვრება. ყველაზე მარტივი გრიპის მკურნალობაც კი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული – კონსულტაციები, ანალიზები, მედიკამენტები. მით უფრო პედაგოგების უმეტესობა ახალგაზრდა აღარაა. 40 წლის ზემოთ ქალებს კიდევ უფრო მეტი რამ გვჭირდება. შეუძლებელია საკუთარი ხელფასით ექიმსა და წამალს გასწვდე. მითუმეტეს, თუ გრიპზე უფრო სერიოზული რამ დაგემართება. თამამად ვიტყვი, რომ ეს ყველა ჩემი კოლეგის გასაჭირია. უამრავი შემთხვევა ვიცი, როცა კოლეგა ვერ წასულა ამა თუ იმ კვლევაზე, ან ვერ უყიდია მედიკამენტი ფასის გამო. უფასოს ხომ არ ვითხოვთ, სახელმწიფო სამედიცინო ხარჯებს ნაწილობრივ მაინც გვიფინანსებდეს“.

ია, ია (ბაგა-ბაღის პედაგოგი თბილისიდან, 34 წლიანი სტაჟით): „ვარ ბაგა-ბაღის პედაგოგი. ერთი წლის წინ ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინდა. ოპერაცია ჯანდაცვის სამინისტრომ 70 პროცენტით დამიფინანსა, მაგრამ სადიაგნოსტიკო და ოპერაციის წინა და შემდგომი ანალიზები და კვლევები – არა. არც სხვა პროცედურები, მაგალითად, ღვიძლის პუნქცია, რომელიც გვარიანი თანხა ღირდა. რა თქმა უნდა, ფასიანი იყო ბიულეტენის გაგრძელებაც. ბაგა-ბაღის თანამშრომლებს არ გაქვს დაზღვევა, იძულებული გავხდი კერძო სადაზღვევო კომპანიისთვის მიმემართა, რაშიც ფული უნდა ვიხადო. იქნებ გამოინახოს საშუალება, რომ ბაღის პედაგოგებსაც მოგვცეს უფასო დაზღვევა, ჩვენც ხომ პედაგოგები ვართ?!“.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები 2017 წლის მაისიდან ამოქმედდა.

ასევე იხილეთ:

განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა ახალი სქემის შექმნის სხვა ვადა დაასახელა – „კომისიამ რამდენიმე ვერსია შეიმუშავა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური