GE

არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებს ქართული ენის შემსწავლელ კურსს შესთავაზებენ

მიმდინარე წელს, არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებს ქართული ენის შემსწავლელ კურსს შესთავაზებენ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძემ განაცხადა, რომელმაც დღეს პარლამენტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ისაუბრა.

„მარტო სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 2018 წელს, დაახლოებით 175 არაქართულენოვან სკოლაში, ქართულის, როგორც ენის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მასწავლებელთა საკმაოდ დიდი ჯგუფი იყო მივლენილი. არაქართულენოვანი სკოლების ბაზაზე არაფორმალური სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, დამხმარე მასწავლებლების და კონსულტანტ-მასწავლებლების მიერ განხორციელდა დაახლოებით 1000-მდე პროექტი. 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია არაქართულენოვანი სკოლების სხვადასხვა საგნის ადგილობრივი მასწავლებლებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსის შეთავაზება და სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებისთვის საგნის სწავლების მეთოდებზე ტრენინგების, სასწავლო მოდულების ჩატარება“, – განაცხადა ნათია ზედგინიძემ.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური