არჩილ ფრანგიშვილის მრავალწლიანი რექტორობა სრულდება – ვინ იქნება ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი რექტორი?
ტექნიკურ უნივერსიტეტში არჩილ ფრანგიშვილის რექტორობის ხანა წესით იანვარში უნდა დასრულდეს, მას კანონით აღარ აქვს უფლება არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. განაცხადების მიღება ახალი რექტორის არჩევის მიზნით, კანონის თანახმად, ღია კონკურსის წესით, 13 იანვარს დაიწყება და 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
რექტორის არჩევნები კი, 2020 წლის 27 იანვარს არის ჩანიშნული. უნივერსიტეტს უკვე ჰყავს ახალი კანცლერი კარლო კოპალიანი, პარლამენტის დეპუტატი უმრავლესობიდან, რომელსაც ამ თანამდებობის დაკავების გამო დეპუტატის მანდატის დატოვება მოუწევს, ის კანცლერის საქმიანობას 20 იანვრიდან შეუდგება.
ჯერ უცნობია სად მიდის, ან რჩება თუ არა რაიმე თანამდებობაზე არჩილ ფრანგიშვილი უნივერსიტეტში, თუმცა მისი მრავალგზის გარექტორება თუ რექტორად ყოფნის კანონთან შესაბამისობა ან მმართველობის დროს დაშვებული ხარვეზები, რომელზეც თავად უმაღლესის თანამშრომლები და ასევე პარლამენტის დეპუტატიც საუბრობდნენ, კითხვებს ახლა უკვე ახალ რექტორთან და კანცლერთან დატოვებს.
პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ამ თანამდებობაზე პირველად 2009 წლის თებერვალში აირჩია. მაშინ, რექტორის თანამდებობაზე ორმა პრეტენდენტმა არჩევნების წინა დღეს მოხსნა თავისი კანდიდატურა. არჩევამდე ფრანგიშვილი 1 წლის განმავლობაში რექტორის მოვალეობას ასრულებდა, რადგან მისმა წინამორბედმა თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
2016 წელს, ფრანგიშვილი კვლავ რექტორი გახდა. იქამდე, ვიდრე ეს არჩევნები გაიმართებოდა მაშინდელი პარლამენტის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი თანამდებობაზე დარჩენას მესამე ვადით აპირებდა, რაზეც განმარტება უნივერსიტეტმაც გააკეთა.
„მაქვს ინფორმაცია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ფრანგიშვილი ცდილობს ზედიზედ მესამე ვადით გაიგრძელოს რექტორის თანამდებობაზე ყოფნის უფლება. შესაბამისად, მინდა ვთხოვო, ყველამ დაიცვას უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომელიც არავის არ აძლევს უფლებას, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი სასწავლებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმისა, ეს იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი თუ არაკომერციული იურიდიული პირი აიპ-ის სახით, ზედიზედ 2-ჯერ მეტი ვადით დაიკავოს რექტორის თანამდებობა. ჩემი ინფორმაციით, იანვრის თვეში, ანუ ნაახალწლევს ცდილობენ ეს წესი დარღვეული იყოს და უპირატესობა მიანიჭონ წესდების მოთხოვნებს, რომელსაც ვერ ექნება უპირატესი იურიდიული ძალა, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დაწესებულ მოთხოვნებთან“, – აღნიშნა მაშინ ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება ადმინისტრაციის მაშინდელ განმარტებას და მოქმედი რექტორის უფლებას არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ, უნივერსიტეტში თქვეს, რომ კანონის თანახმად, არჩილ ფრანგიშვილი უნივერსიტეტის რექტორი მეორე ვადით არ ყოფილა და მას აქვს უფლება არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, არჩევის შემთხვევაში კი ტექნიკურ უნივერსიტეტს უხელმძღვანელოს.
„2011 წლიდან საქართველოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ჩნდება ახალი ცნება – „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულება“. ამავე წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, რეგისტრირდება როგორც „აიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ და მის დამფუძნებლად მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება სახელმწიფო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახით (ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი პირდაპირ მიუთითებს სამი ტიპის დაწესებულებათა ხელმძღვანელის (რექტორის) პირველ არჩევნებზე). წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული იქნა შესაბამისი დადგენილებები, სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებებსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებათა შესაბამისად დამტკიცდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2012 და 2013 წლის წესდებები. შესაბამისად, 2012 წელს „აიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“, როგორც ახლად რეგისტრირებულ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩატარდა რექტორის პირველი არჩევნები, ხოლო 2013 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „აიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტრეტი“ გარდაიქმნა „სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტად“. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, 2016 წელს დაგეგმილი სტუ-ს რექტორის არჩევნები მიიჩნევა მეორე არჩევნებად. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სტუ-ს მოქმედ რექტორს არა აქვს დასრულებული კანონით ნებადართული ორი სრული ვადა და მის რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირებას 2016 წელს დაგეგმილ არჩევნებში საკანონმდებლო დონეზე რაიმე შეზღუდვა საერთოდ არ შეიძლება ჰქონდეს”, – განმარტეს მაშინ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.
მართლაც, 2016 წლის იანვარში ჩატარებულ არჩევნებში არჩილ ფრანგიშვილმა წარადგინა საკუთარი კანდიდატურა და გახდა კიდეც რექტორი. ახალი, შიდა საუნივერსიტეტო პრობლემების გასაჯაროებაც სწორედ ამის მერე მოხდა არჩევნებში მისი კონკურენტი კანდიდატის, პროფესორ გოდერძი ტყეშელაშვილის მიერ. არჩევნებში დამარცხებულმა უნივერსიტეტის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უნივერსიტეტში არსებულ დარღვევებსა და რექტორის არჩევნების არაკანონიერებაზე ვრცლად ისაუბრა. ის შედეგების ბათილად ცნობასა და ხელახალ არჩევნებსაც ითხოვდა.
“ჩეკისტებითა და ოდეერებით არის უნივერსიტეტი გავსებული. ფაქტობრივად, ამ ხალხის მეშვეობით მართავს რექტორი და ხელისუფლება ამ სასწავლებელს. ამ ადამიანებიდან ბევრი სააკაშვილის დროს მოიყვანეს აქ, თუმცა ხელისუფლება შეიცვალა და ისინი კვლავ კომფორტულად გრძნობენ თავს უნივერსიტეტში.
ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ირღვევა კანონი, განმკითხავი კი არავინ არის. რაც შეეხება კანონდარღვევის მაგალითებს, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, რექტორის ხელფასი 1,35-ჯერ მეტი არ უნდა იყოს ლექტორის/პროფესორის ხელფასზე, მაგრამ ესენი მაქინაციურად მიუდგნენ ამ საკითხს და თავად იწერენ საოცარ ხელფასებს”, – აცხადებდა გოდერძი ტყეშელაშვილი და არაერთ კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებდა სწავლა-სწავლების ხარვეზიანობისა თუ სხვა აკადემიური ჩამორჩენების კუთხით უნივერსიტეტში.
მისივე ინფორმაციით, უნივერსიტეტში თანხები ადმინისტრაციის ხელფასებზე მიდიოდა და ნორმალური სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის ფული ფიზიკურად არ ჰყოფნიდათ.
ტყეშელაშვილის მტკიცებით, ფრანგიშვილს რაღაც ვალდებულებები გააჩნდა ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლებების მაღალი თანამდებობის პირების მიმართ.
“მე პირადად, მგონია, რომ ფრანგიშვილი ძალიან ბევრი ადამიანისგან არის დავალებული ამ 8 წლის განმავლობაში და სტუდენტებისგან შესული თანხებით მათ იმადლიერებს”, – აღნიშნავდა ტყეშელაშვილი.
ტყეშელაშვილის ბრალდებებს უნივერსიტეტმა მაშინვე მტკნარი სიცრუე და სიყალბე უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებებით ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
კიდევ ერთი და ამჟამად უტყუარი დარღვევების შესახებ, რომელიც ფრანგიშვილის რექტორობისას სახელმწიფო ელექტრონულ შესყიდვებს უკავშირდებოდა, საუბარია სახელმწიფო აუდიტის 37-გვერდიან დასკვნაში, თუმცა ამაზეც კანცლერი ამბობს, რომ ეს ხარვეზები მნიშვნელოვანი არ არის და მისი გათვალისწინება მოხდება.
როგორი იქნება მოცემულობა უნივერსიტეტში ახალი ხელმძღვანელობის მმართველობის დროს მათი გაკეთებული საქმეები გამოაჩენს. იქამდე კი, ფრანგიშვილის მმართველობის დასასრული უნივერსიტეტის ახალი რექტორის არჩევნებით უნდა გაფორმდეს.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუ-ის რექტორობის კანდიდატი:
რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება;
გ) აქვს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 7 წლის გამოცდილება;
დ) არის 65 წელზე ნაკლები ასაკის.
პრეტენდენტმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე;
ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;
გ) სამეცნიერო-პედაგოგიური და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სამოქმედო გეგმა;
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) ავტობიოგრაფია (CV), გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების მითითებით;
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
თ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ი) 2 ფოტოსურათი,ზომით 3X4-ზე;
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება