GE

არდადეგებზე წასაკითხი წიგნების თავისებურებანი

მაკა დლოკონენი

ვუძღვნი დანიელ პენაკს

რა წაიკითხე ზაფხულის არდადეგებზე? – შეგვეკითხებოდნენ და მოსალოდნელი პასუხი სიამაყით გვავსებდა. ღრმად ჩავისუნთქავდით (სია მართლაც შთამბეჭდავი გვქონდა), გონებას დავძაბავდით (არც ერთი წიგნი არ უნდა გამოგვრჩენოდა) და ჩამოთვლას ვიწყებდით. თითოეულ სათაურს განსხვავებული ემოციით წარმოვთქვამდით, თითოეულ წიგნს გამსხვავებული არომატი გასდევდა.

თუმცა ზემოხსენებული შეკითხვა ყველაში საუკეთესო მოგონებებს როდი იწვევდა, არც მასზე პასუხის გაცემისას იჩენდნენ განსაკუთრებულ ენთუზიაზმს. დიახ, ისეთი მეგობრებიც გვყავდა, სოფლის ბიბლიოთეკებიდან გამოყოლილი სურნელოვანი სიგრილე რომ არ აღელვებდათ, არც ფარნის შუქზე უწევდათ წიგნის დასრულება (მათთვის ღამის საათებში კითხვას აკრძალული ხილის სიტკბო როდი დაჰყვებოდა), არც პერსონაჟების ხატვა და რეჟისორობა იტაცებდათ კითხვის პარალელურად – როგორც დანიელ პენაკი იტყოდა,  „პირადი ურთიერთობა არ ჰქონდათ წიგნის გმირებთან.“

დანიელ პენაკი შემთხვევით როდი ვახსენე. ამ წერილს ხომ სწორედ მას ვუძღვნი – ადამიანს, რომელმაც საუკეთესო სახელმძღვანელო დაწერა იმის შესახებ, როგორ შევაყვაროთ კითხვა ახლგაზრდებს (დაწერა და იქვე გავაფრთხილა: „უმორჩილესად გთხოვთ, ეს წიგნი პედაგოგიური ტანჯვა-წამების იარაღად არ გამოიყენოთო“).

„რომანივით საკითხავი“

კითხვის შეყვარების დიდოსტატის წიგნს „რომანივით საკითხავი“ ჰქვია. სანამ გადაშლით, უკანა გვერდს დააკვირდით, იქ „მკითხველის ხელშეუვალი უფლებებია“ ჩამოთვლილი. ეს ათპუნქტიანი, თითქოს ხუმრობითა და თამაშ-თამაშით ჩამოწერილი ფრაზები დღეს „მკითხველის უფლებათა კონვენციად“ სახალხოდ გახლავთ აღიარებული. შესაძლოა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ „მკითხველის უფლებათა კონვენცია“ სწორედ იმ ადამიანმა ჩამოაყალიბა, პატარაობოდან მწყარალად რომ გახლდათ წიგნებთან და კითხვასთან.

პენაკი სკოლაში საკმაოდ სუსტ მოსწავლედ ითვლებოდა, წერა-კითხვის სწავლა უჭირდა, ერთი წელი დასჭირდა ასო „ა“ რომ დაემახსოვრებინა. მამამისი მასხრობდა: „ასე თუ გააგრძელა, ჩვენი დანიელი 26 წლის იქნება ანბანს სრულად რომ აითვისებსო.“ თუმცა თანდათან რამდენიმე კარგი მასწავლებლის ზეგავლენით მდგომარეობა საგრძნობლად შეცვლილა, პენაკს წარმატებისთვის მიუღწევია, საბოლოოდ კი ისე გაწაფულა ფრანგულ ენასა და ლიტერატურაში, სწორედ ამ სპეციალობით დაუმთავრებია საბალკალავრო პროგრამა და კოლეჯში სწავლების ლიცენზიაც მოუპოვებია (პარიზის მახლობლად, სუანსონის სკოლაში ლიტერატურის მასწავლებლად დაუწყია მუშაობა).

დანიელ პენაკის პირველი ლიტერატურული ნაწარმოები არაერთმა რედაქციამ დაიწუნა. მაგრამ გამოჩნდა ერთი საკმაოდ ცნობილი რედაქტორი, რომელმაც დამწყებ ავტორს მისი ნაწარმოების არგუმენტირებული გარჩევა გაუგზავნა და სთხოვა, ხელახლა დაემუშავებინა ტექსტი, ვინაიდან „საკმაოდ პერსპექტიულ და ნიჭიერ ავტორს ჭვრეტდა მასში.“

კიდევ კარგი, გულისხმიერი ადამიანი რომ შეხვდა, თორემ დღემდე უუფლებო მკითხველებად დავრჩებოდით და წარმოდგენაც არ გვექნებოდა, რომ გვაქვს არ წაკითხვის (უფლება N1), გვერდების გამოტოვების (უფლება N2), ხელახლა (უფლება N4) თუ ხმამაღლა (უფლება N9) წაკითხვის და ვინ მოთვლის კდევ რამდენი საინტერესო უფლება წიგნებთან მიმართებაში.

„ძაღლი ძაღლი“

მალე პენაკმა ბავშვებისთვის დაიწყო წიგნების წერა და საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია. დღეისათვის იგი არაერთი პოპულარული წიგნის ავტორია. ვისარგებლებ შემთხვევით და ზაფხულის არდადეგებზე წასაკითხად მის კიდევ ერთ წიგნს გირჩევთ, რომელსაც „ძაღლი ძაღლი“ ჰქვია. იცით, როგორი ამბავია, დიდტანიან რომანებს დესერტივით რომ დააყოლებთ და პირს ჩაიტკბარუნებთ.

წიგნის მთავარი გმირი პატარა ლეკვია, სახელად ძაღლი, რომელიც პირველ პირში გვიამბობს საკუთარ თავგადასავალს, ნიცის ნაგავსაყრელიდან რომ იწყება. ხანგრძლივსა და რთულ გზას გაივლის ძაღლი ძაღლი, სანამ სანუკვარ მიზანს მიაღწევს და ადამიანებს შორის ნამდვილ მეგობარს შეიძენს (როგორც თავად განმარტავს, „თავის გემოზე აღზრდის“).

პენაკი გვიამბობს ცხოველების ისეთ შეხედულებებსა თუ თავისებურებებზე, რომელთა შესახებ ადამიანებს წარმოდგენაც არ გვაქვს. სწორედ ამ მცირე რომანიდან შევიტყობთ, რომ ძაღლებს ღირსების შესანარჩუნებლად ოთხივე ფეხზე დგომა რომ არ სჭირდებოდეთ, წინა თათებით ყურებს დაიცობდნენ (ჩვენი ყვირილისთვის რომ არ მოესმინათ), გარდა ამისა, მათ არ მოსწონთ სამარცხვინო ეპითეტები, ადამიანები რომ აკერებენ: ქოფაკი, მაწანწალა, ავი და სხვა. საბრალო ძაღლებს ყოველ ნაბიჯზე საფრთხე ელით, იქნება ეს თავზე დამხობილი მაცივრები, მოღრიალე ავტომობილები, მაწანწალა ცხოველებზე მონადირე უსულგულო არსებები თუ უბრალოდ ბოროტი ადამიანები. „ასეთ მტრულ გარემოში ცოცხალი რომ გადარჩე, მართლაც დიდი მიღწევაა. თუმცა ძაღლს რომ ჰკითხო, მხოლოდ ცოცხლად გადარჩენა არაფერსაც არ ნიშნავს (იმის გამო, რომ ნებისმიერ ძაღლს დედამაიწაზე ცხოვრების მთავრი მიზანი აქვს).“

პენაკის მცირე რომანში ორიგინალური ლიტერატურული ხერხებით ისეა გადმოცემული ძაღლების ყოფა, გეგონებათ, მართლა ძაღლის მონაყოლს ვისმენთო. ამბავი გამოგონილია, მაგრამ ისე რეალურად იკითხება, ეჭვიც არ გვეპარება, რომ ძაღლი ძაღლისგან ნაამბობი გულისხმიერმა პენაკმა სიტყვასიტყვით ჩაიწერაო.

„ორი წინადადაებაც საკმარისია იმისთვის, ადამიანს წიგნის წაკითხვა რომ მოანდომო.“

სიტყვების რახარუხი მართლაც უსარგებლოა, მით უმეტეს ზაფხულში, სიცხეს გარიდებულ მოსწავლეებს დასვენებისა და გართობის მეტი რომ არაფერი სურთ. და… ამ დროს, ფარატინა ფურცელზე ჩამოწერილი კლასგარეშე საკითხავი წიგნების სია უმძიმეს ტვირთად აწევთ. დასახული ვადები მათში სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს, მით უმეტეს, როდესაც ზოგიერთი საგანგებოდ შერჩეული წიგნი ისეთი სქელი და მძიმეა, შეიძლება ფიზიკური ტრავმაც მოგაყენოს (სერიოზულად დაგაშავოს უნებლიე, გაუთვლელი მოქედებისას). დიალოგებს აღარ იკითხავთ? კარგად დააკვირდით, უფროსებო, ზოგან „ტირე ოაზისივით მოჩანს… ძლივს დაელაპარაკება ხოლმე ერთი კაცი მეორეს.“ ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ არ გაგიკვირდეთ, „ბავშვსა და წიგნს შორის  ბინდის მსაგავსი ფარდა თუ ჩამოეშვა.“

რა ხერხს უნდა მივმართოთ ასეთ შემთხვევაში?

წავიკითხოთ „რომანივით საკითხავი“ და მის ენაზე ვესაუბროთ ახალგაზრდებს, იქ მითითებულ სქემას გავყვეთ, ისე მოვიქცეთ, როგორც პენაკი გვირჩევს: კომპიუტერთან დაჯდომა და თამაში წაკითხული გვერდებისთვის ჯილდოდ არ ვაქციოთ; ყველაფერში ნუ დავადანაშაულებთ ციფრულ ტექნიკას, რომლის გამორთვაც ხშირად თავად გვავიწყდება; „უკურნებელ სენს, სახელად ლიტერატურისა და კითხვის სიყვარული რომ ჰქვია,“ ხელოვნურად კი ნუ შევყრით, უმჯობესი იქნება ინფექციასავით გადავდოთ.

ზაფხული მართლაც საოცარი ხანაა, მწერები, ფრინველები და ცხოველები ზამთრისთვის საკვებს იმარაგებენ, მოსწავლეებს კი საშუალება ეძლევათ მთელი ცხოვრების სამყოფი ინტელეატუალური თუ სულიერი საგზლისთვის ზრუნვა დაიწყონ. წიგნების ქარავანი დაძრულია და ჯერ კიდევ ჰაერში კიდია კითხვა „რა წაიკითხე ზაფხულის არდადეგებზე?.“ მასზე პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, მათი პრეროგატივაა, „არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე“ (უფლება N10) – ეს პუნქტიც ხელშეუხებელს ხდის ნებისმიერ მკითხველს. თ5უმცა… მთავარი ამ შემთხვევაში დუმილის უფლებით სარგებლობა როდია, მთავარია ქარავანმა შეუმჩნევლად არ ჩაიაროს, სწორედ დღეს წასაკითხი წიგნი გადაუშლელი არ დარჩეს, თორემ … სიტყვების უაზრო რახარუხს აზრი რომ არ აქვს, უკვე არერთხელ აღვნიშნეთ. დაბოლოს, ისევ დანიელ პენაკს მოვიხმობ: „ტელევიზია, კინემატოგრაფი ყველაფაერს გამზადებულს გვაწვდის, იქ ყველაფერი დღეჭილია, კითხვის დროს კი წარმოსახვა მუშაობს, ამიტომაა კითხვა მუდმივი შემოქმედების აქტი.“

16 წიგნი, რომლებიც პირველივე ფრაზიდან დაგაინტერესებთ – ფრაზები

5 წიგნი, რომელიც ყველა ქალს წაკითხული უნდა ჰქონდეს

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური