GE

არგუმენტირებული ესე – როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს

ნესტან რატიანი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს, რომლებიც სწავლის გაგრძელებას საქართველოში გეგმავენ, სხვა მრავალ, პროგრამით გათვალისწინებულ მასალასთან ერთად, არგუმენტირებული ესეს წერასაც უნდა ასწავლიდნენ. ჩემი მოსწავლეების (საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა) ძირითადი ნაწილი სასწავლებლად უცხოეთში მიდის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ უწევთ არგუმენტირებული ესეს დაწერა. მეთორმეტე კლასის სექტემბრის შუა რიცხვებში მათთვის ექვსი სათაური ქვეყნდება, რომელთაგან უნდა აირჩიონ ერთი და 1600 სიტყვიანი არგუმენტირებული ესე დაწერონ.

მოსწავლეებს სამუშაოდ ექვსი თვე აქვთ. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ესეს დაწერენ, მას გარე შეფასებისთვის ელექტრონულად აგზავნიან ანონიმ გამსწორებელთან. მე, როგორც მასწავლებელი, ვალდებული ვარ, დავადასტურო ამ ესეების ავთენტურობა და შესაბამისი დოკუმენტი დავურთო გაგზავნილ ესეს. ერთი შეხედვით, ვიღაცას მოეჩვენება, რომ ჩემი მოსწავლეები გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ის აბიტურიენტები, რომლებიც გამოცდაზე წერენ ესეს და მათ სათაურის გასააზრებლად მცირე დრო აქვთ. მაგრამ, თუკი ქულებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით (136 ქვეყანა) სადიპლომო პროგრამის კურსდამთავრებულთა (150.000) მხოლოდ 5% იღებს უმაღლეს შეფასებას არგუმენტირებული ესესთვის (არადა, ჩემი მოსწავლეები, რომლებიც დაბალ ქულას იღებენ და საქართველოში რჩებიან სასწავლებლად, უმაღლეს ქულებს იღებენ ხოლმე მისაღებ გამოცდებზე და არგუმენტირებულ ესეშიც საუკეთესო შეფასება აქვთ. ეს იმას მიუთითებს, რომ ან IB არის კორუმპირებული ან ჩვენთან შეფასებული ესეების უდიდესი ნაწილი თარგმნის შემთხვევაში და უცხოეთში გასწორების შემდეგ ვერ დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია, მე ჩემი შეხედულება ამ თემაზე ჩამოყალიბებული მაქვს, რადგან პარალელურად თბილისის ე.წ. პრესტიჟულ უნივერსიტეტებშიც ვასწავლი).

საგამოცდო ქულების ანალიზი უჩვენებს, რომ გარკვეულ შემთხვევებში მოსწავლეები მასწავლებლებისგან ვერ იღებენ სათანადო მითითებებს, რაც აისახება კიდეც შედეგზე; ამიტომაც ორგანიზაცია ხშირად მართავს სამუშაო შეხვედრებს მასწავლებლებისთვის, რომელთაც სურთ, გააუმჯობესონ თავიანთი გამოცდილება და მომავალში უკეთ უხელმძღვანელონ თავიანთ მოსწავლეებს. წელს მეც მომეცა საშუალება უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელთა ერთ-ერთ ასეთ ტრენინგს დავსწრებოდი დუბაიში. ვფიქრობ, იქ მიღებული გამოცდილება იმ ქართველ მასწავლებლებსაც დაგაინტერესებთ, ვინც არგუმენტირებული ესეს წერას ასწავლით თქვენს მოსწავლეებს და იმავდროულად ხარისხზე ხართ ორიენტირებულნი. როგორც წესი, საწყის ეტაპზე მასწავლებლები ესეს სტრუქტურას ვუხსნით მოსწავლეებს და ვასწავლით, რომ მათ ესეს სამი ნაწილი უნდა ჰქონდეს: შესავალი, მთავარი ნაწილი და დასკვნა. საქმე ისაა, რომ ჩემ ტრენერს ეს საკვანძო სიტყვები არც უხსენებია, რადგან თავისთავად იგულისხმებოდა, რომ ნებისმიერი ფორმალური ესე შესავალით იწყება და დასკვნით მთავრდება. მხოლოდ ამ მარტივი მითითების მიცემით ვერცერთი ჩვენი მოსწავლე საუკეთესო ესეს ვერ დაწერს.

SEXI-დან SEXCI-მდე

თუკი ახსნის პროცესში ჩვენ ვისარგებლებთ ისეთი აბრევიატურით, რომელიც ასახავს ყველა იმ მოთხოვნას, მოსწავლემ რომ უნდა გაითვალისწინოს ესეს წერისას, ძალიან დაგვეხმარება საუკეთესო გამოგონება – აბრევიატურა SEXI და SEXCI. აბრევიატურები SEXI და SEXCI არცერთ მოსწავლეს არ დაავიწყდება, რადგან ეს სიტყვები მათ მოაგონებთ ინგლისურ სიტყვა sexy-ის, თუმცა სამივე მათგანი განსხვავებულად იწერება. ოქსფორდში დასტამბულ მასწავლებლის წიგნში (The Oxford Union Society Guide to Schools` Debating), ქვეთავში, რომელიც არგუმენტირებულ ესეებს შეეხება, აბრევიატურა SEXI გამოიყენება არგუმენტების ტექნიკის სასწავლებლად. ეს აბრევიატურა შემდეგნაირად იშიფრება: S – state; EX – explain; I – illustrate, ე.ი. წარმოადგინე, ახსენი, დაასურათე.

უფრო უკეთ რომ განვმარტოთ, პირველი ზმნა გულისხმობს იმას, რომ ესეში პირველ რიგში დებულება უნდა წარმოვადგინოთ, რომელსაც აუცილებლად დასჭირდება ახსნა-განმარტება სათანადო მაგალითების მოხმობით, იქნება ეს მაგალითი საკუთარ თუ სხვის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული. წარმოდგენილი დებულება აუცილებლად ისეთი უნდა იყოს, რისიც ავტორს სჯერა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუჭირდება ამ დებულების გააზრება ყველა მხრიდან. ახსნისას ავტორმა უნდა შეძლოს, ლოგიკური მსჯელობით დაასაბუთოს დებულების მართებულება. ამ დროს მან უნდა შეძლოს, თავიდან აირიდოს ლოგიკური ცთომილებანი, რაც ხშირად ახლავს ამგვარ მსჯელობას და საფრთხეს უქმნის მის ვალიდურობას (თუ რა არის ლოგიკური შეცდომა, იხილეთ ჩემი წერილი: http://mastsavlebeli.ge/?p=12068). ეს იმას ნიშნავს, რომ დებულების ახსნა ან, უკეთესი იქნება, თუკი ამ შემთხვევისთვის სიტყვა დაცვას ვიხმართ, ავტორს შეეძლება, რადგან ის მისთვის სხვის მიერ კი არაა თავს მოხვეული, არამედ ეფუძნება და გამომდინარეობს იმ ღირებულებათა სისტემიდან, რომელიც ავტორს გააჩნია. აი სწორედ ამ დროს ხდება აბრევიატურის მესამე ზმნის საჭიროება, რადგან ის მაგალითები, რომლებიც ახსნისას ამოტივტივდება, ხელოვნური კი არა, მართლაც ავტორის გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული. ეს კი ახსნას მიმზიდველს გახდის და არგუმენტს ინდივიდუალობას შესძენს, თანაც აჩვენებს, რომ ახსნა მხოლოდ თეორიულ დონეზე კი არაა მართებული, არამედ მას პრაქტიკული დანიშნულებაც გააჩნია.

განხილული აბრევიატურა ნამდვილად ადვილად დასამახსოვრებელია და მას პრაქტიკული გამოყენებაც აქვს. თუმცა, კარგი იქნებოდა, მისთვის ერთი ასოც დაგვემატებინა. ასე მივიღებთ SEXI-დან SEXCI-ის, სადაც SEXCI ოდნავ განსხვავებულად იშიფრება: S – statement, E- example, eX – explanation, C – counter-argument, I – implication. ეს ხუთი სიტყვა ასე ითარგმნება და ასე უნდა გავიგოთ: თავდაპირველად ესეს ავტორი წამოაყენებს საწყის დებულებას (ამ დროს ის იმავე წესებს იცავს, რომელზედაც წინა აბზაცში ვსაუბრობდით).

თუკი წინა აბზაცში ვისაუბრე დებულების ახსნაზე, რომელიც გამყარებული იქნებოდა სათანადო მაგალითით, უკვე შეცვლილია და ახლა უკვე დებულებას უნდა მოსდევდეს მაგალითი, რომელიც ამ დებულების საილუსტრაციოდ გამოდგება. განსხვავებით წინა აბზაცში წარმოდგენილი წესისა, ახლა უკვე მაგალითს სჭირდება ახსნა-განმარტება, რამდენად მოდის ის შესაბამისობაში დებულებასთან. ე.ი. განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: პირველ შემთხვევაში ჯერ ვმსჯელობთ და ამ მსჯელობას მაგალითით ვამყარებთ, მეორე შემთხვევაში კი დებულებას თან ახლავს მაგალითი, რომელსაც ეს დებულება ეფუძნება და ხდება მოცემული მაგალითის ახსნა. შემდეგი ეტაპი უკვე კონტრ-არგუმენტის მოფიქრებაა, თუმცა, როგორც კი ესეს დასაწყისში ავტორის გამოთქმულ დებულებას საწინააღმდეგო მოსაზრება შეუპირისპირდება, ამ საწინააღმდეგო მოსაზრებასაც სათანადო მაგალითი და შესაბამისი ახსნა დასჭირდება.

და ბოლოს აბრევიატურის ბოლო ასო აღნიშნავს სიტყვას (implication), რომლის არსის გაგებაც ყველაზე მეტად უჭირთ მოსწავლეებს. ეს სიტყვა ითარგმნება როგორც დასკვნა, როლი, მნიშვნელობა, შედეგი. იმისთვის რომ კარგი ესეს დაწერისას აბრევიატურის ბოლო სიტყვის არსი შევასრულოთ, ესეს ავტორს უნდა ავუხსნათ, რომ მან, იმის ნაცვლად რომ ესეს ბოლო აბზაცში მანამდე გამოთქმული მოსაზრებები უბრალოდ შეაჯამოს, აჯობებს, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დაუსვას და მიღებული პასუხები გადმოსცეს დასკვნაში. ეს კითხვები კი ასე გამოიყურება: და მერე რა? თუკი ზემოთქმული (ესეში გამოთქმული მსჯელობა) მისაღებია, მაშინ რა გამომდინარეობს აქედან? რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ მთლიანი სურათიდან ან შემდგომ დასაფიქრებლად რა ტიპის შეკითხვები შეიძლება წამოეჭრას მკითხველს ესეს წაკითხვის შემდეგ?

თუკი ჩვენი მოსწავლე ხუთივე პუნქტს სწორად შეასრულებს, მაშინ მას საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული მაღალი ქულა გარანტირებული ექნება, ხოლო, თუკი ის ამ ხუთი პუნქტიდან მხოლოდ პირველ სამს დააკმაყოფილებს, მაშინ მისი ქულა საშუალოს ვერ ასცდება.

გამოსავალი

წელს პირველად გავაგზავნე საბუთები, რომ საერთაშორისო გამსწორებელი გავმხდარიყავი. სანამ გასწორებას შეუდგებიან, გამსწორებლები საკვალიფიკაციო პროცედურებს გადიან, რათა, გამსწორებლის არაობიექტურობის გამო, მოსწავლეები არ დაზარალდნენ. პირველ საკვალიფიკაციო ტურში კარგი შედეგი ვერ ვაჩვენე, ჩემი გასწორებული ხუთი ესედან მხოლოდ ერთი ქულა დაემთხვა გუნდის ლიდერის დაწერილ ქულას. მეორე საკვალიფიკაციო ტური აღარ გავიარე და დაველოდე ტრენინგს. მას შემდეგ, რაც ტრენერმა აბრევიატურები აგვიხსნა, ჩემთვის უფრო გასაგები გახდა ყველაფერი და თბილისში დაბრუნებულმა მეორე საკვალიფიკაციო ტურში ხუთიდან ოთხი, ხოლო მესამე ტურში ხუთიდან ხუთივე ქულა დავამთხვიე გუნდის ლიდერის ქულას. ამის შემდეგ ოფიციალურ გამსწორებლადაც დამამტკიცეს.

ამ წერილს ისე ვერ დავამთავრებ, თუკი ერთ მიგნებასაც არ გაგიზიარებთ, ტრენერმა რომ გაგვიმხილა: დარწმუნებული ვარ, თქვენს მოსწავლეებსაც, ჩემი მოსწავლეების მსგავსად, ზეპირად საუბარი უკეთ გამოსდით, ვიდრე – წერა. ამიტომაც ისინი, სანამ არგუმენტირებული ესეების წერაზე გადავიდოდნენ, ეგებ სოკრატული დიალოგების წერაში გავავარჯიშოთ.

დიალოგი ძალიან წააგავს დრამას, რადგან პიესებიც ხომ დიალოგის პრინციპზეა აგებული. თუკი ფიქრობთ, სიტყვით „სოკრატული დიალოგი“, შეაშინებთ თქვენ მოსწავლეებს, მაშინ თხოვეთ, რომ მოკლე პიესა დაწერონ. წარმოიდგინონ სიტუაცია (კაფე, გაკვეთილი, სკოლის დერეფანი, ავტობუსის გაჩერება, ექსკურსია, სხდომათა დარბაზი…), პერსონაჟები (მოსწავლე, მასწავლებელი, რეპორტიორი, რესპონდენტი, მშობელი, მინისტრი…), გაათამაშონ, აკამათონ ერთმანეთში ეს პერსონაჟები და შემდეგ „ჩაიწერონ“ ამ წარმოსახვითი პერსონაჟების კამათი. დიალოგი ხომ ის ჟანრია, რომელშიც საშუალება გვეძლევა არაჩვეულებრივად დავაპირისპიროთ ერთმანეთთან მოსაზრებები, არ შეგვეშინდეს უკიდურესი აზრის გამოთქმის, რადგან საჭიროების შემთხვევაში თავს იმით დავიცავთ, რომ რადიკალურ აზრებს შესაბამის პერსონაჟს ვათქმევინებთ და ამ აზრებს ჩვენ ვერ მოგვაწერენ (თუკი გვეშინია რომელიმე შეხედულების ხმამაღლა დაფიქსირება).

მესმის, რომ ეს ყველაფერი მასწავლებლის მსრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ჩვენი მოსწავლეების შედეგი ნამდვილად უნდა გვიღირდეს ამად: სოკრატული დიალოგების წერაში გავარჯიშებული ჩვენი მოსწავლეები შემდეგ ეტაპზე უკვე არგუმენტირებულ ესეებსაც ადვილად დაწერენ. სოკრატული დიალოგები მეც ძალიან მიყვარს, მეც მიცდია ასე წერა და ახლა შევეცდები, დრო და ენერგია არ დავიშურო და ჩემს მოსწავლეებსაც ავუხსნა, როგორ დაწერონ კარგი დიალოგები და შემდეგ უკვე როგორ აქციონ ეს დიალოგები კარგ ესეებად. ვისაც მაგალითი გაინტერესებთ, ამ ლინკზე წლების წინ დაწერილი ჩემი სოკრატული დიალოგის წაკითხვა შეგიძლიათ.

როგორ ვწეროთ ესე – პრაქტიკული რჩევები აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს

როგორ დავწეროთ კარგი ესე – 14 ნაბიჯი

წყარო: mastsavlebeli.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური