ქართული ენა ციფრულ ეპოქაში – „მშობლების თაობას არ ესმის, რაზე საუბრობენ შვილები, მოძალებულია ბარბარიზმები!“
ავტორი: ცირა ბარბაქაძე – მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოეტი, ბლოგერი
ქართული ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით, სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
ქართული ენა და ციფრული ეპოქა – გამოწვევები, საფრთხეები და გამოსავალი:
თანამედროვე საზოგადოება სრულიად განსხვავებულად ფორმირდება ყოველდღიურობაში შემოჭრილი ვირტუალური რეალობით; სამყაროს ვირტუალიზაცია – ეს არის სამყაროს ახალი მდგომარეობა, როდესაც ხდება ძველი სამყაროს გარდაქმნა და ახლის ფორმირება. ვირტუალურ/ციფრულ სამყაროში რეალობის მდგომარეობის ჩანაცვლება ხდება სახეებით, ნიშნებით. იქმნება სრულიად ახალი სემიოტიკური მოდელი ჩვენი თანამონაწილეობით; ენა/მეტყველება, როგორც ურთიერთობის საშუალება, იცვლება სიმულაციური ციფრული პარადიგმის გავლენით.
საინტერესოა, სიმულაციურ რეალობაში რა ემართება ენას?
ციფრულმა ეპოქამ კომუნიკაციის სისტემებიც შეცვალა; გამოხატვის ფორმების შეცვლამ სააზროვნო სისტემებზეც იმოქმედა; ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა სოციალურ ქსელებში. როგორ კონტექსტში ფუნქციონირებს ენა და როგორ იცვლება ის ჩვენ თვალწინ?
მოზღვავებული ინფორმაციის და აჩქარებული დროის პირობებში მინიმალისტური გამოხატვა უკვე დროის და კონტექსტის მოთხოვნა გახდა! მინიმალიზმი კი ადამიანის ცნობიერების ახალი ევოლუციური მდგომარეობაა, რომელიც აქ და ახლა მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ყველას არ შეხებია. უმრავლესობის ნარატივი სოციალურ ქსელებში ისეთივეა, როგორც მანამდე იყო ცხოვრებაში, მაგრამ ბევრი აცნობიერებს, რომ თუ ეკონომიურად, კრეატიულად და შემოქმედებითად არ გამოიყენებს ენას, შესაძლოა, მისი აზრები უკვალოდ შეერთოს ყოველღიური ინფორმაციის ოკეანეს. ენის მინიმალისტური ფუნქციონირება ავითარებს ენას, რადგან მომხმარებელი ბევრს ფიქრობს, არჩევს და ცოტას წერს; ვრცელ პოსტებს, როგორ სიბრძნესაც არ უნდა ქადაგებდეთ, ძალიან ცოტა კითხულობს.
ჩვენ კი გვინდა, რომ გამორჩეულები ვიყოთ. ამ გამორჩეულობას დღეს ციფრულ სამყაროში ცალსახად ჩვენი „კონტენტი“ (შინაარსი) ქმნის და ამ კშინაარსის შემადგენელი – სიტყვები, რომლებიც სულ უფრო მეტად „იკუმშებიან“, რათა ადაპტირდნენ ციფრულ გარემოში.
აი, რას წერს ნორბერტ ბოლცი: „რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობთ, მით უფრო მწირია მნიშვნელოვანი ინფორმაციები, და მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინფორმაციები ინფორმაციების შესახებ. ამას გვთავაზობენ საძიებო სისტემები. ანგლო-საქსონურად ერთი მშვენიერი ტერმინი არსებობს ს: Intelligence Service. დღესდღეობით გუგლი, როგორც ყოველდღიურობის ერთგვარი საიდუმლო სამსახური, სწორედ ინტელექტის ამ მომსახურებას გვთავაზობს. ეს მაშინვე გასაგები გახდება, თუკი გავიაზრებთ, რომ ინტელექტი საძიებო სისტემის უმაღლესი გამოხატულებაა. და როცა საძიებო სივრცე საკმაოდ დიდია, ადამიანი ძიებასა და შემოქმედებითობას ერთმანეთისგან ვეღარ ასხვავებს“.
წარმოიდგინეთ „საფოსტო მტრედების“ და ფოსტალიონების ეპოქა. რამდენი დრო სჭირდებოდა წერილს, რომ ადრესატამდე მიეღწია და შემდეგ პასუხი დაბრუნებულიყო… და ამ დროში (მოლოდინის რეჟიმში) ადამიანი ნელა და დიდხანს ფიქრობდა…. ახლა ჩვენი ყოველდღიურობა გავაანალიზოთ, როგორ ხდება ეს დღეს? კომუნიკაციის საშუალებები ჩვენზეც მოქმედებს და გვაიძულებს, სწრაფად ვიმოქმედოთ. ციფრულობამ შეკუმშა სივრცე და „გლობალურ სოფლად“ (მაკლუენის ტერმინი) აქცია მთელი სამყარო. ისე შეიძლება მონაწილეობდე სხვის საქმეებში, როგორც საკუთარში; მაკლუენის აზრით, კომუნიკაციის ეს ფორმა აყალიბებს ახალ სოციოლოგიურ სტრუქტურას მოცემულ კულტურაში.
ჰიპერტექსტი. სამყაროს გლობალური აღრევა ლექსიკაზეც მოქმედებს. ქართული ენის ტრანსფორმაციას სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს; იცვლება არა მხოლოდ ლექსიკა, არამედ სინტაქსიც; თითქოს (რაღა თითქოს…) სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელი ერთ „კვების ბლოკზეა“ დაერთებული; კომუნიკაციაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ჰიპერტექსტუალური მოცემულობა. მომხმარებელთა პოსტები ხშირად დამოუკიდებელი ტექსტები კი არ არის, არამედ საინფორმაციო გამოშვების ან დღის მთავარი თემის კომენტარებია. რომელიმე აქტუალური თემის შესახებ მიდის უწყვეტი გამოხმაურებები – ყველაფერი ერთ ქვაბში იხარშება. თუ ჩამორჩი სოცქსელების რეალობას, უკვე იბნევი და აღარ იცი, რაზე წერენ ადამიანები, მერე გაოცებული კითხულობ: რა გამოვტოვე? რადგან რომელიმე პოსტი მოვლენას კი არ აღწერს, არამედ აგრძელებს და გამისამართებს მთავარ ამბავზე; და ასე მოგზაურობ ბმულიდან – ბმულზე.
სოციალური ქსელების საკომუნიკაციო სისტემამ ბარბარიზმებიც მოამრავლა ენაში; იმის მიუხედავად, რომ ქართული ინტერფეისიც გვაქვს და ფეისბუქსაც მოვარგეთ ქართული სახელი „პირწიგნაკი“, ჩვენ მაინც დომინანტი ენის ლექსიკას ვირჩევთ და ამით თითქოს უფრო ვიმარტივებთ გამოხატვას.
როგორც განიცდიდა დამპყრობლის ენის გავლენას ქართული ენა, ახლაც ისე ხდება, გლობალური „დამპყრობელი“ თავის ენას ასე შეუმჩნევლად და ჩვენივე ნებით თავს გვახვევს; ახალი თაობა უკვე მათი მშობლებისთვისაც კი გაუგებარ ქართულ ენაზე მეტყველებს; ახალგაზრდები განსაკუთრებული სისწრაფით იღებენ და ავრცელებენ ბარბარიზმებს, რომლებიც ხვალ შეიძლება ენის სრულუფლებიან ლექსიკურ ერთეულებად იქცნენ. თუ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონებში ჩაიხედავთ, ნახავთ, რომ ჩვენ რომ ძირძველი ქართული ლექსიკა გვგონია, ოდესღაც ისინიც სხვა ენებიდან შემოვიდა.
„ენის ისტორია განუყოფელია ერის ისტორიისაგან და ენის ლექსიკა ჟამთააღმწერლის სიზუსტით ასახავს ერის ისტორიულ პერიპეტიებს. სწორედ ამიტომ არის თანამედროვე ქართულ ენაში სპარსული, არაბული და თურქული ნასესხები სიტყვები. ასევე გასაგები უნდა იყოს, რატომ შემოვიდა ამდენი სიტყვა ქართულში რუსული ენიდან, როდესაც ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად ორენოვანი იყო ორი საუკუნის განმავლობაში. ნასესხობა ენისა და ერის ისტორიითაა განპირობებული და სიტყვების ეტიმოლოგიაში აისახება. ქართული ლექსიკის ის ნაწილი, რომელიც ნასესხებია სპარსულიდან, თურქულიდან, არაბულიდან, რუსულიდან, თუ ნებისმიერი სხვა ენიდან ქართული ლექსიკისა და ქართული ენის განუყოფელი ნაწილია, მათი ისტორია კი ასახულია ამ სიტყვების ეტიმოლოგიაში“.
ახალი და ძველი ბარბარიზმები შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ბარბარიზმების ონლაინ ლექსიკონში.
დაბუსტვა – რეკლამის გაკეთება ფეისბუკზე, დაკლიკვა – დაწკაპუნება ინტერნეტ-ბმულზე, დალინკვა – ინტერნეტ-ბმულის შექმნა, გაზიარება; ლინკი – ბმული; სპამი – არასაჭირო ინფორმაცია; დაფორვარდება – შეტყობინების (ძირითადად იმეილის) გადაგზავნა; დალაიქება – მოწონება; დათაგვა – ადამიანის ან ადგილის მონიშვნა; დაჰაიდება – არასასურველი ადამიანის/რეკლამის დამალვა; ფოლოვერი – გამომწერი; დაფოლოუება – გამოწერა; დაპოსტვა – სტატუსის გამოქვეყნება; ემოჯი – ემოციებისა ამსახველი გამოსახულება; სმაილი – ღიმილაკი; დატროლვა – მოტყუება, გასულელება დასპოილერება – შინაარსის წინასწარ თქმა; დაჰაჰავება – დაცინვა ფეისბუკის ემოჯით; დასინვა – შეტყობინების ნახვა პასუხის გარეშე;
„რებელა ქრაშები“, „თამბლერა შეყვარებულები“, „ლუზერები“ და „სტალკერები“ – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ტერმინების, რომლებსაც თინეიჯერები უკვე მშობლიურივით იყენებენ და თანამედროვე მშობლების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს რაზე ლაპარაკობენ მათი შვილები. საბჭოთა საქართველოში დაბადებულ მშობლებს კარგად ესმით, რა დგას რუსული ენიდან შემოტანილი ჟარგონების უკან, თუმცა ინგლისური ენიდან ასეთივე წარმატებით შემოსული არანორმატიული ლექსიკის გაგება უჭირთ“.
იმ დღეს, სოციალურ ქსელში, ერთი ახალგაზრდა მწერალი წერდა: ხალხო, მიშველეთ, ეს „ჯაჯვა“ რაღას ნიშნავს? ქუჩაში მოვისმინე, ერთი ეუბნებოდა მეორეს: – სულ ნუ მჯაჯავო და იმან: – შენთვის რომ კარგი მინდა, იმიტომ გჯაჯავო.
მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა judge – “a public official appointed to decide cases in a court of law”.
როგორც ხედავთ, ქართული ციფრული პლატფორმის ლექსიკა ყოველდღე „მდიდრდება“.
ახალი ლექსიკის მნიშვნელობათა დაზუსტებისთვის სოციალურ ქსელში ჩავატარე გამოკითხვა „ქრაშის მსტალკავებისთვის“ და მრავალგვარი განმარტება მოვისმინე; თანამედროვე საზოგადოება სრულიად განსხვავებულად ფორმირდება ყოველდღიურობაში შემოჭრილი ვირტუალური რეალობით; სამყაროს ვირტუალიზაცია – ეს არის სამყაროს ახალი მდგომარეობა, როდესაც ხდება ძველი სამყაროს გარდაქმნა და ახლის ფორმირება. ვირტუალურ/ციფრულ სამყაროში რეალობის მდგომარეობის ჩანაცვლება ხდება სახეებით, ნიშნებით. იქმნება სრულიად ახალი სემიოტიკური მოდელი ჩვენი თანამონაწილეობით; ენა/მეტყველება, როგორც ურთიერთობის საშუალება, იცვლება სიმულაციური ციფრული პარადიგმის გავლენით.
არის თუ არა ციფრული არსებობა სიმულაცია? ჟან ბოდრიარი წიგნში – „სიმულაკრები და სიმულაციები“ აყალიბებს იმიჯის განვითარების ოთხ ფაზას: 1. ის არის საფუძველ-რეალობის რეფლექსია 2. ის ნიღბავს და აფუჭებს საფუძველ-რეალობას 3. ის ნიღბავს საფუძველ-რეალობის არ ყოფნას 4. ის არ შეიცავს მიმართებას რაიმე რეალობასთან, იმიტომ, რომ ის არის საკუთარი თავის წმინდა სიმულაკრი. ძალიან საინტერესოდ მეჩვენება, „ბოდრიარის გაგრძელება“, ანუ ფსევდო-ბოდრიარის (იგივე გიგი თევზაძე) მეხუთე რიგის სიმულაკრის თეორია. მეხუთე რიგის სიმულაკრი მთლიანად იქვემდებარებს საფუძველ-რეალობას და ფიზიკურის მიზეზად ელექტრონულს აქცევს. თუკი მეოთხე რიგის სიმულაკრი, უბრალოდ, იჭრებოდა რეალობაში და საკუთარი თავით ანაცვლებდა რეალურს და რეალურის მნიშვნელობას, მეხუთე რიგის სიმულაკრი აღადგენს სტატუს-კვოს, ოღონდ – შეტრიალებულად: თვთონ ხდება აღდგენილი და დადეგნლი რეალობის სტატუს-კვოს საფუძველი“ (ფსევდო-ბოდრიარი, გიგი თევზაძე).
მარტივად რომ გადმოვცეთ ეს აზრი, ასე იქნება: ყველაფერი პირიქით, ასინეთა! ჰო და, ამ ამობრუნებულ სიმულაციურ რეალობაში რა ემართება ენას?
დასკვნისთვის:
- ენათა ციფრული პარამეტრები – განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აყენებს ქართულ ენას; მან უნდა შეძლოს სრული დიგიტალიზაცია და ადაპტირდეს ახალ გარემოსთან. არ დაკარგოს განსაკუთრებულობა, მოიგერიოს გადამეტებული ბარბარიზმები და გაიფართოოს ფუნქციები;
- ე.წ. ციფრული ლექსიკა/ბარბარიზმები იმდენად არის მოძალებული ახალ თაობაში, რომ მშობლების თაობას არ ესმის, რაზე საუბრობენ შვილები, იკარგება თაობათა შორის კომუნიკაცია, რაც აღარიბებს ენას; თუ თაობები დაშორდებიან ერთმანეთს და მათ შორის არ იქნება „თანა-ზიარობა“, ვერც ენა განვითარდება და ვერც ერი… მხოლოდ სინერგიას მოაქვს ევოლუცია, რაც ასე სჭირდება დღეს ადამიანს და ენასაც!
- ციფრულ პლატფორმაზე ენა „იზღუდება“, რადგან ვრცელ ტექსტებს არავინ კითხულობს; ციფრულ ეპოქას – „სლოგანების ეპოქასაც“ უწოდებენ; ვერბალურ გამოხატვას დიდი დოზით ანაცვლებს ვიზუალური გამოხატვა; გასაანალიზებელია, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი?
- ენა ყოფს და ენა აერთიანებს… სიძულვილის ენა აფერხებს ენის განვითარებას, რადგან ის არ გულისხმობს დიალოგს და ურთიერთგაგებას; ენას კი კომუნიკაცია ავითარებს; სიძულვილის ენა – ცალმხრივი კომუნიკაციაა!
- ორი ძირითადი ამოცანა აქვს ქართულ ენას: განვითარდეს – გაიფართოოს ფუნქციები, საკომუნიკაციო ველი, გააქტიურდეს მხატვრული და სამეცნიერო აზროვნება და მოხდეს ყველაფრის დოკუმენტირება, გაციფრულება; დღეს თუ ციფრულად არ არსებობ, საერთოდ არ არსებობ!
ასევე იხილეთ:
ნათელა მაღლაკელიძე: არ შეიძლება, ერთი მეთოდით ასწავლო წერა-კითხვა ინგლისურად, ქართულად და რუსულად!