მასწავლებლის აღიარების, დაფასებისა და მხარდაჭერის როლი სწავლა-სწავლების პროცესში – მაგალითები
ავტორი: ნათია ჭუმბურიძე, თბილისის N186 და N221 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მენტორი მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
შარშან, როცა მან ჩემი გაკვეთილი შეაფასა, აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. მიკვირდა, როგორ ამოიცნო ყველა ის ნიუანსი, რაც წლების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ შევაგროვე და ახლა, გამოცდილების სახით მოსწავლეებთან ვიყენებდი.
ჩემს შემფასებელს აღტაცებით უბრწყინავდა თვალები, მან მხოლოდ გაკვეთილი კი არ დაინახა, არამედ წლების, შემოქმედების, შრომისა და თავდადების შედეგი.
ამ მომენტმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე, მას შემდეგ მომყვება ის ემოცია და ხშირად მაფიქრებს, კონსტრუქციული უკუკავშირის, მასწავლებლის შრომის აღიარებისა და დაფასების მნიშვნელობაზე.
არაერთი მკვლევარი შეისწავლის კონსტრუქციული უკუკავშირის გავლენას მასწავლებლის ეფექტურობასა და მოსწავლეთა შედეგებზე. პროფესორების ჰეტისა (მელბორნის უნივერსიტეტის განათლების ცენტრის ხელმძღვანელი) და ტიმპერლის ოკლენდის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დამსახურებული პროფესორი) მიერ ჩატარებულ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევის „უკუკავშირის ძალა“ 2007) შედეგებში ხაზგასმითაა აღნიშნული კონკრეტული, დროული და დასახულ ამოცანაზე ორიენტირებული უკუკავშირის მნიშვნელობა. ნაშრომში წარმოჩენილია, თუ როგორ შეუძლია მიზანმიმართულ უკუკავშირს მნიშვნელოვნად გაზარდოს მასწავლებლის მუშაობის ხარისხი და მოსწავლეთა მიღწევები.
გარდა ამისა, კლუგერისა (ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) მედიცინის სკოლისა და ლემანის კოლეჯის ასოცირებული პროფესორი) და დენისის (მენეჯმენტის დამსახურებული პროფესორი კვლევამ გამოკვეთა უკუკავშირის მოტივაციური ასპექტებიც. მკვლევრები ხაზს უსვამენ პოზიტიური და კონსტრუქციული უკუკავშირის გადამწყვეტ როლს მასწავლებელთა შორის შინაგანი მოტივაციისა და თვითეფექტურობის ხელშეწყობაშიც.
როგორც ცნობილია, კონსტრუქციული უკუკავშირი პედაგოგებს შორის პროფესიულ ზრდასა და განვითარებას ემსახურება. კონკრეტული და ქმედითი უკუკავშირის მიწოდებით ადმინისტრატორები და კოლეგები მასწავლებლებს უბიძგებენ, დახვეწონ თავიანთი სასწავლო პრაქტიკა, მოარგონ ინტერვენციები მოსწავლეთა საჭიროებებს და განავითარონ სკოლებში ისეთი კულტურა, რომელიც მუდმივ წინსვლასა და განახლებაზე იქნება ორიენტირებული.
აღსანიშნია ისიც, რომ როდესაც მასწავლებელი იღებს კონსტრუქციულ უკუკავშირს კოლეგებისგან, კიდევ ერთხელ იაზრებს გაკვეთილის დროს გამოყენებულ ეფექტურ სასწავლო სტრატეგიებს. ამ უკუკავშირით შეიარაღებულ მასწავლებელს შეუძლია, დაფიქრდეს საკუთარ პრაქტიკაზე, დახვეწოს სწავლების ტექნიკა და გამოიყენოს უახლესი სტრატეგიები მოსწავლეთა ჩართულობისა და სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად.
მახსოვს, როცა პირველად შეაფასეს ჩემი გაკვეთილი, ძალიან ვღელავდი. უკუკავშირისას მიღებულ შენიშვნებზე ვფიქრობდი და ვდარდობდი. რამდენიმე დღის შემდეგ, დავფიქრდი და გადავწყვიტე, მიღებული შენიშვნები მექცია პროფესიული ზრდის შესაძლებლობად. ამისათვის დავიწყე რესურსების მოძიება, რჩევით მივმართე გამოცდილ მასწავლებლებს, პრაქტიკულად შევამოწმე და დავნერგე მიღებული რჩევები. მართლაც, მომდევნო გაკვეთილის შეფასებისას, დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ წინა გაკვეთილზე მიღებული რეკომენდაციები გათვალისწინებული მქონდა. ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება საკუთარ თავზე, რომელსაც მომდევნო არაერთი წარმატება მოჰყვა. საბოლოოდ კი მივიღე შეფასება, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე – აღფრთოვანებული დამსწრე, რომლის შესახებ, ზემოთ გესაუბრეთ.
კონსტრუქციული უკუკავშირის გარდა, აქვე მინდა შევეხო მასწავლებელთა დაფასებისა და აღიარების მნიშვნელობასაც.
ერეზისა (ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი) და გატის (ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი) მიერ ჩატარებულმა კვლევამ (“უკუკავშირის ძიების დინამიური, მრავალ დონიანი მოდელი” 2004) ხაზგასმით გამოავლინა აღიარების მოტივაციური სარგებელი და აჩვენა, თუ როგორ აძლიერებს მასწავლებელთა წვლილის აღიარება შრომით კმაყოფილებას და პროფესიისადმი ერთგულებას.
დამეთანხმებით, რომ როდესაც სკოლა აწყობს პერსონალისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, სადაც აღნიშნავენ მასწავლებლების თავდადებასა და მიღწევებს ისეთი ჟესტებით, როგორებიცაა ჯილდოები, საჯარო აღიარება, მოსწავლეების და მშობლების მადლიერების გამოხატვა, უდავოდ სასიამოვნოა. ასეთ დროს მასწავლებლები გრძნობენ თავს დაფასებულად და უფრო მეტი ენთუზიაზმით აღსავსენი განაგრძობენ მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას.
ამ მოსაზრების დასტურად, არაერთი შემთხვევა მახსენდება. ამჯერად, ტრენინგზე გაცნობილი კოლეგის მონათხრობი მინდა გავიხსენო. ის აღფრთოვანებული, სიყვარულით საუბრობდა სკოლის დირექტორზე, რომელმაც თავისი ქარიზმითა და თბილი მზერით, მალევე მოიგო მასწავლებლების გული.
– “ჩვენს ყოველ აქტივობას, საჯაროდ აღნიშნავდა და არ იშურებდა სამადლობელ სიტყვებს. შეეძლო, ჩვენი მცირე მცდელობაც ეღიარებინა, პოზიტიური უკუკავშირი დაებრუნებინა და ენთუზიაზმით აღვევსეთ.
უსმენდა განურჩევლად ყველას: მასწავლებელს, მოსწავლეს, მშობელს… პირადი მაგალითით მოგვიწოდებდა თანასწორი, მშვიდობიანი და სამართლიანი გარემო შეგვექმნა… სასკოლო კულტურა გაჯანსაღდა… ჩვენ, კოლეგებმა, თითქოს თავიდან აღმოვაჩინეთ ერთმანეთი”, – ამბობდა იგი.
ჩემი გამოცდილებითა და დაკვირვებით, შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც სკოლის ადმინისტრატორები ქმნიან ხელშემწყობ სამუშაო გარემოს, სადაც მასწავლებლები გრძნობენ პატივისცემას, უფლებამოსილებასა და დაფასებას, მშობლები აღიარებენ მასწალებლების შრომის მნიშვნელობას და მხარს უჭერენ მათ, ეს ხელს უწყობს კუთვნილების, თანამშრომლობის და კოლექტიური ეფექტურობის განცდას პედაგოგებს შორის. ისინი უფრო მეტად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ეცნობიან და ნერგავენ საუკეთესო საგანმანათლებლო პრაქტიკას და ეფექტურ სასწავლო სტრატეგიებს, რომლებიც თავის მხრივ ემსახურება მოსწავლეთა მრავალფეროვან საჭიროებებს. თანამშრომლობითი კულტურა, თავის მხრივ, ხელს უწყობს პროფესიულ ზრდასაც, რაც, საბოლოო ჯამში, მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე დადებითად აისახება.
უეინ (დოქტორი, AIR-ის მმართველი მკვლევარი ხელმძღვანელობს პარტნიორობა K-12-ს მასწავლებელთა პროფესიული სწავლების ინოვაციური პროგრამების შემუშავების, გაუმჯობესების, მასშტაბირებისა და გავლენის შესამოწმებლად.) და იანგსის (მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (MSU) აშშ) კვლევამ (“მასწავლებელთა მხარდაჭერა და მასწავლებლის ხარისხი: დირექტორებისა და პროფესიული საზოგადოების როლები” 2003) აჩვენა, რომ სკოლის ადმინისტრატორების მხარდამჭერი ლიდერობა და მშობლებთან თანამშრომლობა დადებით გავლენას ახდენდა მასწავლებლის კეთილდღეობაზე და სამუშაო კმაყოფილებაზე. მასწავლებლებს, რომლებიც გრძნობდნენ აღიარებას, დაფასებას და მხარდაჭერას, აღენიშნებოდათ შრომითი კმაყოფილების მაღალი და სტრესის დაბალი დონე.
გარდა ამისა, ლეიტვუდი (ემერიტუსის პროფესორი ონტარიოს განათლების კვლევის ინსტიტუტში (OISE) ტორონტოს უნივერსიტეტში) ნაშრომმა (“შვიდი ძლიერი მტკიცებულება სკოლის წარმატებული ხელმძღვანელობის შესახებ”. 2008) გამოკვეთა კორელაცია მასწავლებლის აღიარებასა და ორგანიზაციის ეფექტურობას შორის, კვლევის შედეგები აჩვენებს, თუ როგორ უწყობს მადლიერების კულტურა ხელს მასწავლებლის შენარჩუნებას, სამუშაო კმაყოფილებას და საერთო სასკოლო წარმატებას.
ადმინისტრაციისა და კოლეგების მხრიდან აღიარების გარდა, აუცილებელია მშობლების როლის გაცნობიერებაც მასწავლებელთა მუშაობის ხელშეწყობისათვის. ეპშტეინის (განათლების მკვლევარი პროფესორი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, აშშ.) კვლევამ (“სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების პარტნიორობა: მასწავლებლების მომზადება და სკოლების გაუმჯობესება.” 2010) ხაზი გაუსვა მშობლების ჩართულობის პოზიტიურ გავლენას მოსწავლეთა მიღწევებსა და სასკოლო წარმატებაზე. როდესაც მშობლები მასწავლებლის აქტიური პარტნიორები არიან, აძლიერებენ მასწავლებელთა ძალისხმევას, მხარს უჭერენ პოზიტიურ სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას და თანამშრომლობითი სასკოლო საზოგადოების შექმნას.
აღსანიშნია ისიც, რომ ლიზა კნოჩის (პროფესორი ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის ბავშვთა, ახალგაზრდობისა და ოჯახის კვლევების დეპარტამენტში, აშშ.) კვლევა (“მშობლის ჩართულობა, მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა და წიგნიერების ადრეული უნარები დაწყებით სკოლაში”2009) იკვლევს მშობლების ჩართულობისა და მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობის გავლენას დაწყებით სკოლაში წიგნიერების უნარების განვითარებაზე. მშობლისა და მასწავლებლის პოზიტიურმა ურთიერთობამ, რომელიც ვლინდება ურთიერთპატივისცემით, კომუნიკაციით და მხარდაჭერით, შეიძლება ხელი შეუწყოს სკოლის პოზიტიურ კლიმატსაც, რაც, თავის მხრივ, მასწავლებლის სამუშაო კმაყოფილებასა და პროდუქტიულობაზეც აისახება.
და ბოლოს, სინერგია კონსტრუქციულ უკუკავშირს, მასწავლებლის დაფასებასა და მშობლების ჩართულობას შორის ქმნის ძლიერ საფუძველს წარმატებული საგანმანათლებლო საზოგადოების შესაქმნელად.
ვფიქრობ, სტატიაში განხილული ნაშრომები, საინტერესო იქნება სკოლის ხარისხის მართვის, შეფასების გუნდისა და ადმინისტრაციის წევრებისთვის. მათი გათვალისწინება არაერთ სკოლას დაეხმარება წარმატებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებაში. სიმბიოზური ურთიერთობა კონსტრუქციულ უკუკავშირს, დაფასებასა და აღიარებას შორის წარმოადგენს ეფექტური საგანმანათლებლო პრაქტიკის ქვაკუთხედს.
მე, როგორც ამ საზოგადოების ამაყი წევრი, გულწრფელად მადლობელი ვარ ყველა ადმინისტრატორის, კოლეგის, დამკვირვებლისა და მშობლის, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა, ჩემს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.
ასევე იხილეთ:
„ჩემი სათქმელი განათლებაზე“ – EDU.ARIS.GE-ს შეთავაზება საგანმანათლებლო საზოგადოების წევრებს