„არის დღევანდელი მასწავლებელი მზად იმისთვის, რომ დაუბრუნდეს სკოლაში ენის კურსის სწავლებას?“ – სპეციალისტი დაგეგმილი სიახლის საფრთხეებზე საუბრობს
მას შემდეგ, რაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა, რომ „2025 წლიდან სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება ცალ-ცალკე განხორციელდება“ სასკოლო საზოგადოებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე სამინისტროს არავითარი დამატებითი ინფორმაცია არ გაუჟღერებია. EDU.ARIS.GE-მ ვერც დარგის სპეციალისტებში მოიძია რესპონდენტი, ვისი კომპეტენტური პოზიციის მოსმენითაც უწყება დაინტერესდა. პროფესიულ წრეებში კი უკვე საგაკვეთილო საათების მოსალოდნელ გაზრდასა და იმ ბუნდოვან რეალობაზე ისმის კითხვები, რომლის წინაშეც, შესაძლოა, ამ აუცილებელი ცვლილების შემდეგ ყველა სკოლა დადგეს.
საკითხზე ქართული ენის ცალკე დისციპლინად სწავლების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების აკადემიის წევრი, ილიას უნივერისტეტის მიწვეული პროფესორი ნათელა მაღლაკელიძე, EDU.ARIS.GE-სთან ვრცლად საუბრობს და იმ რისკებსაც მიმოიხილავს, რაც ენის ცალკე საგნად სწავლების გადაწყვეტილებასთან ერთად, სისტემაში ახლა გვიდგას.
– ქალბატონო ნათელა, არცთუ ცოტა ხნის წინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა, რომ დავუბრუნდებით სკოლებში ქართული ენის კურსის ცალკე სწავლებას. რას იტყოდით თქვენ, როგორც საგნის სპეციალისტი, ამის შესახებ _ გვჭირდება ქართულ სკოლებში ქართული ენის (გრამატიკის) ცალკე საგნად სწავლება? ქართული ხომ ქართულენოვანი მოსწავლეებისათვის მშობლიური/პირველი ენაა, ისინი ისედაც აზროვნებენ, მეტყველებენ ამ ენაზე და არის ამისი საჭიროება?
– ამ კითხვამ _ დავუბრუნდეთ თუ არა სკოლებში ქართული ენის ცალკე დისციპლინად სწავლებას _ განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა დღეს, რადგანაც დამტკიცებულია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების (ზ გ ე მ) განახლებული ვარიანტი. ამ დოკუმენტში ხაზგასმით წერია, რომ დღევანდელი სასკოლო განათლების უპირველესი მიზანი „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, ქართული ტრადიციის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდაა“. ამდენად, სასკოლო განათლების ეროვნულ მიზნებზე საუბარი დღეს ძნელია სკოლაში ქართული ენის სწავლების გარეშე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ენაა, ამავე დროს იგი გახლავთ ქვეყნის ეთნიკური უმრავლესობისათვის მშობლიური ენა. აქვე შევნიშნავთ, რომ ენის კურსი ხშირ შემთხვევაში გაიგივებულია მხოლოდ გრამატიკასთან, არადა იგი გრამატიკის გარდა მოიცავს ლექსიკოლოგიის, ორთოგრაფიის (მართლწერის), პუნქტუაციის, პრაქტიკული სტილისტიკის… საკითხებსაც.
ქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლებას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი ცალკე დისციპლინად იყო გამოყოფილი ჩვენს სკოლებში ჯერ კიდევ 1939 წლიდან, როდესაც გამოიცა ა. შანიძის ცნობილი სასკოლო სახელმძღვანელო. ეს სახელმძღვანელო დაედო სწორედ საფუძვლად ამ საგნის სწავლებას სკოლებში. ჩვენმა რეფორმატორებმა კი სასკოლო განათლების რეფორმის დაწყებისთანავე უარი თქვეს ქართული ენის კურსის ცალკე საგნად სწავლებაზე.
ქართული ენის საგაკვეთილო საათები სწორედ რეფორმას შეეწირა. კარგად მახსოვს განათლების რეფორმატორებთან ჩემი პირველი შეხვედრა. ეს იყო რეფორმის დაწყებამდე, 2004 წელს. პირველი, რამაც მაშინ ჩემში პროტესტის გრძნობა გამოიწვია, გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისათვის განკუთვნილი საათების შემცირება – 5 კვირეული საათი (ნაცვლად რეფორმამდელი 7-8 აკადემიური საათისა) და ენის სახელმძღვანელოზე უარის თქმა. ჩემს კითხვაზე, როგორ შეიძლება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება 5 კვირეულ საათში ჩავატიოთ, ენა როგორ ვასწავლოთ სახელმძღვანელოს გარეშე, პასუხი გახლდათ – მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი; რაც შეეხება ენის საკითხებს, იგი საკითხავ ტექსტებთან ინტეგრირებით უნდა ასწავლოთო.
თუ რა შედეგი მივიღეთ ამგვარი „ინტეგრირებით“, ეს კარგად ჩანს თანამედროვე ახალგაზრდების მეტყველებიდან, რომელიც ყოველდღიურად „მდიდრდება“ ახალ-ახალი ბარბარიზმებით, ჟარგონებით, კალკირებული ფორმებით, ხშირ შემთხვევაში ღარიბი აქვთ ლექსიკური მარაგი, აღარაფერს ვიტყვი წერით მეტყველებაზე, პუნქტუაციისა და ორთოგრაფიის ნორმების დარღვევაზე, სტილისტურ ხარვეზებზე. მე წლებია ვასწავლი პირველკურსელებს და კარგად ვიცნობ ამ სირთულეებს. ამის შესახებ მე ადრეც ვისუბრე თქვენს მკითხველებთან.
გრამატიკის სწავლებისას მთავარი მშობლიური ენის კანონზომიერებების შეცნობა, მისი გააზრება და მეტყველებისას მართებული ფორმების გამოყენება გახლავთ. პირველ რიგში მას პრაქტიკული დანიშნულება აქვს, მოსწავლეთა ზეპირი და წერითი მეტყველების დახვეწისაკენ არის მიმართული. გრამატიკული წესის ცოდნისა და მისი გააზრების გარეშე მოსწავლეს უჭირს სიტყვის მართლწერა, წინადადების აგება, განსაკუთრებით სავალალო დღეშია პუნქტუაცია, რომლის საფუძველსაც სინტაქსი წარმოადგენს. ქართული პუნქტუაცია კი მოგეხსენებათ, საკმაოდ რთულია.
„ღრამატიკა არს შემძლებლობა მართლ-უბნობად და წესიერ წერადო“, წერდა ანტონ კათალიკოსი, ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოს ავტორი მე-18 საუკუნეში. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ გრამატიკის სწავლების პირველ დანიშნულებად ჩვენი წინაპრებიც მართლმეტყველებისა და მართლწერის ძირითადი საკითხების დაუფლებასა და სათანდო უნარ-ჩვევების გამომუშავებას თვლიდნენ. ასეა დღესაც.
– რა ვითარება გვაქვს დღეს მშობლიური ენის კურსის სწავლების კუთხით ქართულენოვან სკოლებში? იგი საერთოდ აღარ ისწავლება? მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმაში, როგორც ჩემთვის გახლავთ ცნობილი, ენის საკითხების ხვედრითი წილი გაიზარდა, ამასთანავე მასწავლებელს უფლება მიეცა ცალკე კვირეული საათი გამოეყო ამ მიზნით, ავტორებს დაევალათ ცალ-ცალკე წარმოედგინათ ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები. ამან არ შეცვალა სიტუაცია უკეთესობისკენ?
– ენის კურსს (გრამატიკას) სამივე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში, და აქედან გამომდინარე „ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ სტანდარტში“, არც თუ დიდი ადგილი ეთმობოდა და ფაქტობრივად დაყვანილი გახლდათ ე.წ. „საკომუნიკაციო გრამატიკის“ სწავლებამდე. სასკოლო განთლების ყველა საფეხურზე ენის საკითხები უკავშირდებოდა მხოლოდ საკითხავ ტექსტებზე მუშაობასა და კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციას. არ ხდებოდა„ცოდნის დაგროვება“, მთელი აქცენტი კეთდებოდა საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარებაზე (ხშირ შემთხვევაში სათანადო თეორიული მასალის გაცნობის გარეშე).
დღესაც მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში („საგნობრივ სტანდარტში“) არსად არ არის მითითებული კონკრეტულად ენის რომელ საკითხებს უნდა დაეუფლოს მოსწავლე სწავლების ამა თუ იმ საფეხურზე. აქ მოცემულია მხოლოდ „შედეგები“ სათანადო „ინდიკატორებით“. თუ როდის რა მასალა უნდა ასწავლოს მასწავლებელმა, ეს თავად მისი (და სახელმძღვანელოს ავტორთა) გადასაწყვეტია. სწორედ ამიტომ ენის საკითხთა სწავლების თვალსაზრისით (განსაკუთრებით სწავლების საბაზო საფეხურზე) სკოლებში საკმაოდ ჭრელი სურათი გვაქვს: ზოგან იგი ფაქტიურად აღარც ისწავლება (მასწავლებლები ამას დროის სიმცირით ხსნიან), ზოგან ზერელედ აცნობენ ენის ცალკეულ საკითხებს წესების სახით, ზოგან კი ენის საკითხებს ცალკე კვირეულ საათს უთმობენ და გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად სხვა დამატებით რესურსებსაც იყენებენ… ხშირ შემთხვევაში მასწავლებლისათვის არ არის ნათელი, ენის სასკოლო კურსის გაცნობისას კონკრეტულად გრამატიკის რა საკითხები უნდა ვასწავლოთ, როგორ ვასწავლოთ, როდის ვასწავლოთ (ან საერთოდ ვასწავლოთ თუ არა). რაც შეეხება სწავლების საშუალო საფეხურს, აქ ენის საკითხები სასწავლო პროცესში მთლიანად იგნორირებულია.
მოკლედ რომ ვთქვათ, უმრავლეს შემთხვევაში მასწავლებელი ან საერთოდ ვერ ასწრებს ენის საკითხებზე მუშაობას (ლიტერატურული მასალის კითხვა-დამუშავება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, განსაკუთრებით კი დღეს, როცა ე.წ. „კომპლექსურმა“ დავალებებმა მასწავლებელი კიდევ უფრო შეზღუდა დროში), ან ენის სწავლება შემოიფარგლა მხოლოდ წესების გაცნობითა და დაზეპირებით. საკითხების ის ჩამონათვალი, რომელიც ე ს გ-შია, დარჩა ქაღალდზე.
ახლა უკვე შეგვიძლია პასუხი გავცე თქვენს კითხვას – დავიწყოთ თუ არა სკოლებში გრამატიკის სწავლება?
დიახ, უნდა ვასწავლოთ, ქართული ენა კვლავაც ცალკე საგნად უნდა გამოიყოს ქართულ სკოლაში. ენის კურსში საპატიო ადგილი უნდა დაიკავოს გრამატიკამ. მაგრამ იგი ზედმეტად არ უნდა გადავტვირთოთ თეორიული მასალით და მხოლოდ წესების დაზეპირებამდე არ უნდა დავიყვანოთ. არ იქნებოდა ურიგო, ქართული ენის ახალი საგნობრივი სტანდარტის შექმნისას სამინისტროს სპეციალისტთა ფართო ჯგუფის აზრი გაეთვალისწინებინა.
– იმ მწირი ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც მინისტრმა გაახმოვანა, როგორ ხედავთ პროცესს, რა საფრთხეები შეიძლება იყოს და რამდენად გაუჭირდება სისტემას გადაწყობა?
– პირადად მე მიმაჩნია, რომ მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება არ გახლავთ საკმარისი იმისათვის, რომ სკოლებში აღდგეს ქართული ენის კურსის სწავლება. აქ მთელი რიგი ფაქტორებია გასათვალისწინებელი, პირველ რიგში კი ეს არის ახალი საგნობრივი სტანდარტის (და ამის საფუძველზე სასკოლო სახელმძღვანელოების) შექმნა, რომელშიც სასწავლო მასალა მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შეირჩევა, არ იქნება გადატვირთული მხოლოდ თეორიული საკითხებით და წინა პლანზე წამოიწევს სამეტყველო უნარ-ჩვევები. ენის საკითხების სწავლება არ უნდა იყოს დაყვანილი წესების დაზეპირებაზე. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს ენის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის გამოყენებას (ტრანსფერს – როგორც ახლა უწოდებენ) მთელ სასწავლო პროცესში.
რა იყო რეფორმამდელი სასწავლო პროცესის ძირითადი ნაკლი? – გრამატიკული მასალის დაუფლება ხშირ შემთხვევაში მხოლოდ წესების დაზეპირებით ამოიწურებოდა. მოსწავლემ (უკეთეს შემთხვევაში) თეორიულად იცოდა ამა თუ იმ გრამატიკული კატეგორიის დეფინიცია, მაგალითებსაც სწორად ასახელებდა, მაგრამ ვერ იყენებდა ამ ცოდნას პრაქტიკულად ზეპირსა თუ წერით მეტყველებაში. ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რეფორმირებული სკოლა ადვილად შეელია ქართული ენის კურსის ცალკე დასციპლინად სწავლებას.
– კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ამ მხრივ მასწავლებლების კომპეტენცია, როგორ ფიქრობთ, არ გადაეჩვივნენ პედაგოგები გრამატიკის სიღრმისეულად სწავლებას? ამ კუთხით ხომ არ ექნება საზრუნავი განათლების სამინისტროს?
– ძალიან კარგი და დროული შეკითხვაა. არის დღევანდელი მასწავლებელი მზად იმისთვის, რომ დაუბრუნდეს ენის კურსის სწავლებას? 2006 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში კი შეიცვალა მასწავლებლის მომზადების სისტემა. პედაგოგი საბაზო და საშუალო საფეხურისთვის ფაქტიურად არ მზადდება. ნუ მოვიტყუებთ თავს, ის 60-კრედიტიანი (1-წლიანი) პროგრამა, რომელსაც დღეს ეყრდნობა საგნის მასწავლებლის მომზადება, არ არის საკმარისი (განსაკუთრებით ენაში). ბაკალვრიატის/მაგისტრატურის დონეზე საგნის მასწავლებელი აღარ მზადდება. უფრო მეტიც – დამოკიდებულება ამ პროგრამის მიმართ განსხვავებულია თავად სტუდენტების მხრიდან. საგნობრივი კომპეტენციების გამომუშავება 60 კრედიტის ფარგლებში არ ხდება, ხოლო ის მინიმალური ბარიერი, რომლებიც მასწავლებლობის მსურველებმა გადალახეს საგნის გამოცდაზე, ნამდვილად არ არის საკმარისი პედაგოგობისთვის. პირველ რიგში პედაგოგი უნდა მოვამზადოთ!
– რამდენად მზად იქნებიან დღეს სკოლის მოსწავლეები მსგავსი ცვლილებისთვის, რამდენად არის მზად ქართულენოვანი მოსწავლე სკოლაში ქართული ენის გრამატიკის შესასწავლად და რა მიმართულებით გაუჭირდებათ ყველაზე მეტად თქვენი დაკვირვებით?
– ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა (სტუდენტური აქტივობა პროფესორის მონაწილეობით ავტ.) თბილისისა და რეგიონების რამდენიმე სკოლაში. გვაინტერესებდა როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების აზრი ამ საკითხზე. მოსწავლეები მიუთითებენ, რომ სკოლაში ქართულ ენაში მიღებული ცოდნა ნამდვილად არ არის საკმარისი, რაც მათ პრობლემას უქმნის პირველ რიგში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას მთავარი მოტივატორი მათთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარიერის გადალახვაა. ამიტომაც ისინი საჭიროებენ რეპეტიტორის დახმარებას.
მასწავლებელთა საერთო აზრით კი, გრამატიკა ერთგვარი ხაფანგია კურსდამთავრებულებისა და აბიტურიენტებისათვის, რამდენადაც იგი საშუალო საფეხურზე საერთოდ აღარ ისწავლება; რაც შეეხება საბაზო საფეხურს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იქაც საკმაოდ არაერთგვაროვანი სურათი გვაქვს.
– განსხვავებული სურათი ჩანს არაქართულ სკოლებში ქართული ენის სწავლების თვალსაზრისით. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის არაქართულენოვან მოსახლეობაში ქართული ენის ცოდნა გაუმჯობესებულია. ეთნიკურად არაქართული მოსახლეობის ახალგაზრდობის 93%-მა კარგ დონეზე იცის სახელმწიფო ენა. ამიტომაც სულ მალე ალბათ 1+4 საგანმანათლებლო პროგრამა მათთვის საჭირო აღარ იქნება. ნამდვილად ასეთი პოზიტიურია სიტუაცია?
– პირადად მე მაგ კვლევის შედეგებს არ ვიცნობ, მაგრამ წლებია, ვასწავლი არაქართულენოვანი (ძირითადად აზერბაიჯანული და სომხური) სკოლების კურსდამთავრებულებს და ვიცი, როგორ ფლობენ ისინი სახელმწიფო ენას. სურათი საკმაოდ ჭრელია. ვერ ვიტყვი, რომ მათი უმრავლესობა ფლობს ქართულს C1 დონეზე (სკოლის დამთავრების შემდეგ ეს დონე მოეთხოვებათ). რა თქმა უნდა, ამ კუთხით დღეს ბევრად უკეთესი სურათი გვაქვს, ვიდრე ეს 15-20 წლის იყო. ბოლო წლებში არაქართულ სკოლებში ბევრი რამ შეიცვლა უკეთესობისკენ. მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამ საგანმანათლებლო პროგრამებიდან ყველაზე მეტად 1+4 პროგრამამ გაამართლა და ეს ჩემი სტუდენტების მეტყველებიდანაც ჩანს. ამ პროგრამამ ჩემს სტუდენტებს არა მხოლოდ სახელმწიფო ენა შეასწავლა, არამედ ხელი შეუწყო მათ ინტეგრაციას სამოქალაქო სივრცეში. ძალიან ადრეა ამ პროგრამის გაუქმებაზე ფიქრი.
– საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, უმაღლეს სასწავლებლებში არაჰუმანიტარულ სპეციალობებზეც დაიწყება ქართული ენის კურსის სწავლება. როგორია თქვენი აზრი ამ საკითხის შესახებ?
– ცოტა შორიდან დავიწყებ. 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების შემდეგ მაშინდელმა განათლების სამინისტრომ სპეციალური დადგენილება მიიღო ქართული ენის სწავლების გაუმჯობესების მიზნით. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ ყველა უმაღლეს სასწავლებელში არასპეციალურ ფაკულტეტებზე დაემატა ქართული ენის ზოგადი კურსი. სასწავლო პერიოდი 2 სემესტრს მოიცავდა. პირადად მე მაშინ დავიწყე პედაგოგიური მოღვაწეობა და ერთ-ერთი პირველი მერცხალი ვიყავი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ეს წამოწყება წლების განმავლობაში გრძელდებოდა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. რატომ? ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ ისევ თეორიულ მასალაზე მახვილდებოდა ყურადღება და არა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარება კი 60-კაციან ჯგუფებში ძნელად ხერხდებოდა. ეს წამოწყება დღეს ძალიან დროულია, წინა პლანზე უნდა წამოიწიოს მეტყველების კულტურის საკითხებმა და არა გრამატიკამ. მოკლედ, საფიქრალი და გასაკეთებელი ბევრია.
ასევე იხილეთ:
რა ცვლილებები და სიახლეები ელოდებათ მოსწავლეებს სკოლაში – განათლების მინისტრი გეგმებზე
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება