GE

არის თუ არა მასწავლებლის საქმიანობაში ასაკი გადამწყვეტი – სკოლა საპენსიო პოლიტიკის მიღმა

ნებაყოფლობით სამსახურის დათმობა, მაშინ როცა ჩვენს ქვეყანაში დასაქმება სერიოზული პრობლემაა, იშვიათი მოვლენაა. ვერც ვერავის მოსთხოვ, გამოიჩინოს გულისხმიერება და თავისი ადგილი დაგითმოს, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ის.

ხშირად მოისმენთ ახალგაზრდა მასწავლებლობის მსურველებისგან, რომ მათი ადგილი სკოლაში იმიტომ არ არის, რომ ასაკოვანი პედაგოგები პენსიაზე გასვლის მიუხედავად, სამსახურს არ ტოვებენ და მათ ადგილზე ვაკანსია არ ცხადდება.

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში მასწავლებლის პროფესია დაბერდა. მოქმედ პედაგოგთა უმეტესობა – 53% (31 115) 41-დან 60 წლამდეა. აქედან 15 829 მათგანი 41-50 წლიან ასაკობრივ ჯგუფშია,  ხოლო 15 286 კი 51-დან 60 წლამდე. განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 13 525 პენსიონერი მასწავლებელი მუშაობს. მათგან 12 771  საჯარო სკოლაშია დასაქმებული და მასწავლებლების საერთო რაოდენობის 21 %-ს შეადგენს.

იშვიათად ხდება ახალგზარდა კადრების შედინება სკოლაში. ამას აქვს რამდენიმე მიზეზი, მათ შორის ის, რომ მასწავლებლის პროფესია არ არის პოპულარული ახალგაზრდებში, (პროფესიაში შესვლის სირთულისა და მისი დაბალი ანაზღაურების გამო) ან ვისაც აქვს მასწავლებლად მუშაობის სურვილი, მას ამის განხორციელების საშუალება არ აქვს. ვინაიდან სკოლებში ვაკანტური ადგილები არ არის. ან თუ ჩნდება, ხშირ შემთხვევაში, იმავე სკოლის პედაგოგებზე ნაწილდება გამოთავისუფლებული საათები.

EDU.ARIS.GE-ს არაერთხელ მიუძღვნია მასალა ახალგაზრდა სერტიფიცირებული მასწავლებლების დასაქმების პრობლემისთვის. ამჯერად ჩვენ გადავწყვიტეთ, გვეჩვენებინა ორივე მხარის მოსაზრებები. როგორც ახალგაზრდა პედაგოგების, ასევე ასაკოვნების. როგორ უყურებენ ამ საკითხს. ასევე ვისი პასუხისმგებლობაა, რომ ახალგაზრდები სამსახურს ვერ შოულობენ სკოლაში, ასაკოვნები კი ხშირად ვეღარ ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას?

თიკო კახეთელიძემ ინგლისურის ენა 2016 წლის ზაფხულის პედაგოგთა გამოცდების დროს ჩააბარა. მას მერე ცდილობს სკოლაში დასაქმდეს, მაგრამ უშედეგოდ. იგი დამაბრკოლებელ მიზეზად იმასაც მიიჩნევს, რომ სკოლიდან არ მიდიან ასაკოვანი პედაგოგები და ახალგაზრდებს არ უთმობენ გზას.

“ეს რასაკვირველია პრობლემაა. თუმცა მიმაჩნია, რომ ასაკი გამოცდილებას ნიშნავს. მაგრამ ის რაც თანამედროვე ტენდენციებია, თუნდაც კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა, თანამედროვე მიდგომები, რასაც ისინი ძველი მეთოდებით ასწავლიან, ბავშვებისთვის შემდგომში უკვე უნივერსიტეტში სწავლის დროს და რეალურ ცხოვრებაში გამოუსადეგარია. იმიტომ რომ განვითარდა ცხოვრება, წინ წავიდა ტექნოლოგიები. ისინი ფეხს ვერ უწყობენ ამ ყველაფერს. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. პატივსაცემია თუნდაც მათი ასაკი და გამოცდილება, მაგრამ ის, რაც დღევანდელ რეალობას შეესაბამება, მათთვის უკვე ძალიან რთული აღსაქმელი და გასაგებია. მე ასე მგონია”.

თიკო კახეთელიძის თქმით, ასაკოვანი პედაგოგები ვერ აჩვევენ თავიდანვე მოსწავლეებს სათქმელის პრეზენტაციით გადმოცემას. არ შეუძლიათ ინტერნეტში მოიძიონ მასალები, თუ როგორ უნდა დანერგონ სიახლეები. ინგლისური ენის მასწავლებლობის მსურველის თქმით,  ბევრი პედაგოგი, ამ ყველაფერს უსწორებს თვალს და ტოვებს სკოლას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც უჭირთ ხელფასთან განშორება და ამის გამო არიან სკოლაში.

თიკო კახეთელიძე ამბობს, რომ როგორც სოციალურ, ასევე ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავება ასაკოვან პედაგოგს უფრო უჭირს. ის ვერ ტოვებს ამ ყველაფერს და ვერ ერევა საკუთარ თავს და უფრო მეტად არის სტრესის და პრობლემების გარემოცვაში. რაც მისი თქმით, გაკვეთილის ხარისხზე აისახება.

“გაკვეთილი არის ის, რაც იცი და გინდა მისცე ბავშვს, რომ მერე ეს ცოდნა გაიტანოს სკოლის გარეთ და არა – შენი პრობლემები, სოციალური სიდუხჭირე და გასაჭირი, თუნდაც ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხშირად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევთ გაკვეთილის გაცდენა.

„ასაკოვანმა მასწავლებლებმა უნდა გაიაზრონ, რამდენად უღირთ სკოლაში დარჩენა. ერთი მომენტიც არის, როდესაც გეტყობა, რომ არ შეგიძლია ბავშვამდე მიიტანო ის ცოდნა, ის ყველაფერი, რაც ტექნოლოგიების თვალსაზრისით არის მოთხოვნილი, მოქმედებს ბავშვზე, სხვებსაც გადაეცემა და გაკვეთილის ჩატარება უფრო რთული ხდება“, – გვითხრა თიკო კახეთელიძემ.

ბევრ პედაგოგს უთქვამს, რომ სკოლაში დიდი ხნით დარჩენის მიზეზი ბავშვების სიყვარულია. ასაკოვან მასწავლებელს უპირატესობაც გააჩნია. მას ზურგს უმაგრებს წლების გამოცდილება. ამბობს კიდეც განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, რომ “ჩვენი სკოლების ფასადი უნდა იყოს ჭაღარა და რომ ასაკის გამო მასწავლებელი სკოლიდან არ უნდა წავიდეს”.

“სკოლიდან მასწავლებელი ასაკის გამო არ წავა. მასწავლებელი სკოლას დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ კარგ გაკვეთილს არ ჩაატარებს”, – ესაა განათლების მინისტრის პოზიცია.

ვინ ატარებს კარგ გაკვეთილს სკოლაში, ეს ყველაზე უკეთ სკოლის დირექციამ, მშობლებმა და თავად მოსწავლეებმა იციან. ამიტომ განათლების სამინისტრომ მოიხსნა პასუხისმგებლობა და სკოლიდან მასწავლებლის გაშვების საკითხი მთლიანად დირექტორებს გადააბარა. დირექტორები რომ შეზღუდულები არიან პედაგოგების სკოლიდან გაშვებისას, ამას განათლების სფეროს წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ. ვინაიდან გათავისუფლებულ მასწავლებელს სასამართლოში წასვლის უფლება აქვს და უმეტეს შემთხვევაში მოიგებს კიდეც პროცესს. ამას გარდა, საშიშიცაა აგრეთვე თანამშრომლის გათავისუფლება სკოლიდან დირექტორისთვის. ჩვენს ერთ-ერთ ინტერვიუში პედაგოგი იმასაც აღნიშნავდა, რომ დირექტორს მასწავლებელი კახეთის ერთ-ერთ სკოლაში ვენახების გადაწვითაც კი დაემუქრა. ამიტომ სპეციალისტები მასწავლებლების სკოლიდან გაშვების საკითხის თავის თავზე აღებას ისევ სამინისტროს ურჩევენ.

ჩვენ ასაკოვან პედაგოგებსაც ვკითხეთ, რას ფიქრობდნენ ახალგაზრდა მასწავლებლობის მსურველების მიერ მათი მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებზე.

115-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ლილი კეშელავა ამბობს, რომ  გამოცდილი მასწავლებელი სკოლაში უნდა იყოს და არ აქვს მნიშვნელობა ასაკს.

“65-წლამდე ნამდვილად მინდოდა მემუშავა სკოლაში, იმიტომ რომ შემიძლია ჯერ. აზრიც მიჭრის, ფეხიც და გონებაც. ვიმღერებ, ვიცეკვებ და ვასწავლი კიდევაც. სახლში ერთი შვილისგან სამი შვილიშვილი მყავს და ჩემი ხელი იმათ უფრო სჭირდებათ. სიამოვნებით წავალ, მაგრამ ეს მინდა ვთქვა: შეიძლება სერტიფიკატი არ ჰქონდეს მასწავლებელს და სერტიფიკატიანს სჯობდეს!

„საერთოდ, ოჯახშიც უფროსის გარეშე ცხოვრება ვერ მიდის ისე, როგორც გვინდა. მე ვფიქრობ, გამოცდილი მასწავლებელი უნდა იყოს სკოლაში. გუშინდელივით მახსოვს, სკოლაში რომ მივედი და დავიწყე მასწავლებლობა. იქ რომ მე არ დამხვედროდა გამოცდილი პედაგოგი, ძალიან გამიჭირდებოდა.

„მე მოთმენაც შემიძლია, გადახარშვაც. მეტი სიყვარული გამაჩნია ბავშვის მიმართ. ჩემზე კი არ ვამბობ. შეიძლება დაბერდე და უვარგისი იყო. გამოცდილს უფრო მეტი ურთიერთობა და სიყვარული აქვს.

ჩვენ გვიმუშავია უხელფასოდ. ბავშვისთვის არაფერი მომიკლია. წამალი მქონია, თუ საჭმელი, მომიტანია ბავშვთან. ამას ახალგაზრდა ვერ გიზამს, ვერა! მე მშობელსაც ქედს ვუხრი, ბავშვსაც და დიდსაც. ახლები კი ამბობენ: მე ვარ და ჩემი ნაბადიო. ვენაცვალე სუყველას, მაგრამ სერტიფიკიტი არაფერს განსაზღვრავს. განსაზღვრავს შენი პიროვნება, ინტელექტი!”, – გვითხრა ლილი კეშელავამ.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასაკოვანი პედაგოგი არ მიდის სკოლიდან, ღირსეული პენსიის არარსებობაა. ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგს ვენერა ტურიანს  58 წლის მუშაობის სტაჟი აქვს და 180 ლარს იღებს პენისიას. იგი ამბობს, რომ პენსია მინიმალური ხელფასის დონის უნდა იყოს.

„პენსია აუცილებელი პირობაა, თუმცა მასწავლებელს თუ შეუძლია მუშაობა და აქვს ამის უნარი, უნდა დარჩეს სკოლაში. 81 წლის ვარ. საგანში გამოცდა ჩაბარებული მაქვს. ახლა უნდა გავიდე უნარების გამოცდაზე. როდესაც საგანი ჩავაბარე, პროფესიული უნარების გამოცდა გაუქმებული იყო, თორემ მაშინაც გავიდოდი. ახლა აღადგინეს და მზად ვარ, ჩავაბარო.

„სკოლაში უნდა დახვდეს ახალგაზრდას ხანდაზმული მასწავლებელი, რომელიც ასწავლის. მასწავლებელი არ უნდა ბერდებოდეს, რაც არ უნდა ასაკიანი იყოს. ყოველდღე უნდა სწავლობდეს და იმაღლებდეს კვალიფიკაციას. პირველ რიგში, ბავშვი უნდა უყვარდეს მასწავლებელს. უნდა იყოს მისი მეგობარი. უნდა გაუგოს. მხარი დაუჭიროს. პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს. მასწავლებელი არ უნდა ჩამორჩეს, ბავშვებთან ერთად უნდა სწავლობდეს ყველაფერს“, – გვითხრა ვენერა ტურიანმა.

მართალია, მინისტრი ამბობს, რომ ასაკოვან პედაგოგებზე დგას დღეს ჩვენი სკოლა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, მათი დაფასების დრო ჯერ არ მოსულა სახელმწიფოსთვის, რაც ღირსეული პენსიის არარსებობაში გამოიხატება.

ბუნდოვანია, ასევე რას აპირებს სახელმწიფო ახალგაზრდა პედაგოგების დასაქმებასთან მიმართებაში. ერთ-ერთ შეხვედრაზე ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ მუშაობენ საკითხზე, თუ როგორ დაუმოწაფონ გამოცდილ პედაგოგებს ახალგაზრდა მასწავლებლობის მსურველები, რომ მათაც შეაღწიონ სკოლაში, მიიღონ ჯერ გამოცდილება და მერე დასაქმდნენ. თუმცა მინისტრს ამავე დროს არაერთხელ გაუკრიტიკებია ახალგაზრდები. მან ისიც კი აღნიშნა, რომ მათ სკოლაში მუშაობა სხვა სამსახურის პოვნამდე უნდათ და რეალურად არ არის პედაგოგობა მათი მოწოდება.

“მე ვთხოვე, ჩემს კოლეგებს, 10 ახალგაზრდა სერტიფიცირებული პედაგოგის ნომერი ეშოვათ, ამ ათასობით პედაგოგიდან. მიშოვეს და დავურეკე. პედაგოგობის 10 მსურველს ველაპარაკე. 8-მ იცით, რა მითხრა? სანამ სხვა სამსახურს ვიშოვი, მანამ ვიმუშავებ სკოლაშიო. პედაგოგი ჩამოტარებით არ არის! ჩადგმით არის! ანუ ასე არ შეიძლება. სანამ უკეთეს სამსახურს იშოვი, მანამდე რომ გინდა სკოლაში მუშაობა. ის ათასობით ახალგაზრდა და ენერგიული პედაგოგი, რომელსაც უნდა სკოლაში მუშაობა, მითია. ეს არარეალურია. ჩვენ გვჭირდება ათასობით ახალგაზრდა პედაგოგი, განა არ გვჭირდება?! – უბრალოდ, დღეს არ გვყავს. გამოდის, ახალგაზრდამ ჩააბარა რაღაც გამოცდა, რომელმაც რაღაცნაირად დართო ნება, რომ ვითომ პედაგოგია. რატომ არის პედაგოგი, გაუგებარია, ამ გამოცდის ჩაბარების შედეგად!”, – ასეთია საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის პოზიცია სკოლაში ახალგაზრდა კადრების შედინებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულმა განცხადებამ ახალგაზრდა მასწავლებლობის მსურველების დიდი გულისწყრომა გამოიწვია. იმასთან ერთად, რომ ვერ ახერხებენ მუშაობის დაწყებას და ჯერ-ჯერობით არანაირი სამოქმედო გეგმაც არ ჩანს ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამინისტროდან, თურმე გამოცდის ჩაბარებით არ უნდა მიეცეთ სკოლაში შესვლის უფლება. იმ გამოცდის, რომელიც თავად სახელმწიფომ დაუწესა მასწავლებლებს!

10248841_780412695309688_1481201730_nმასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერი კახა ჟღენტი მიიჩნევს, რომ ნამდვილად პრობლემურია პენსიონერი პედაგოგის სკოლაში მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ ის თავს ვერ ართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ დგას პროფესიის დაბერების საშიშროება.

„უმჯობესია, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა კადრი იყოს სკოლაში. ამ ეტაპზე 40-დან 50- წლამდე არის უმეტესობა პედაგოგების, მაგრამ არსებობს შიში, რომ ვინადან ახალგაზრდებში არ არის პოპულარული მასწავლებლობა, უახლოესი 10-15 წლის შემდეგ პროფესია შეიძლება დაბერდეს.

„არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ახალგაზრდა მასწავლებლობის მსურველები ბევრნი არიან. 65-67 ათასიან სისტემაზე ვლაპარაკობთ, კერძო სკოლებიანად და ეგეთი დაუსაქმებელი სულ გვყავს 2-ათასამდე. მე არა მგონია, რომელიმე ქვეყანაში 2-ათასის პრობლემა 65-ათასის ფონზე, ვინმემ დაინახოს მკაფიო ტენდენციად“, – გვითხრა კახა ჟღენტმა.

ჩვენს კითხვაზე, ხედავს თუ არა პრობლემას იმაში, რომ პენსიონერი პედაგოგი ხშირად ვერ იმორჩილებს კლასში ბავშვებს, ნერვული სტრესიც უფრო მეტი აქვს, კახა ჟღენტი გვპასუხობს, რომ ნამდვილად მიაჩნია ეს პრობლემად. თუმცა მისი თქმით, თუ ის კარგი პედაგოგია, უნდა ჰქონდეს საშუალება საკუთარი ნებით დაეხმაროს სკოლას, თუნდაც პენსიაზე გავიდეს და ამისთვის შემოიტანეს სწორედ მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

„ეს ტკივილი, რომ დაბალი პენსიის გამო სახელმწიფო იძულებულია, მკაფიოდ არ გაატაროს საპენსიო ასაკში გასვლის პოლიტიკა, როგორც სავალდებულო ქმედება სკოლასთან მიმართებით, მე მგონია, რომ ცალსახად ჩვენი განათლების სისტემას გარკვეულ პრობლემებს უქმნის“, – ამბობს ის.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერის თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ერთ-ერთი გზა, რომელზეც მიდის მსჯელობა ისაა, რომ მიეცეს ამ მასწავლებლებს სკოლაში მუშაობის საშუალება არა საათების დატვირთვის მიხედვით, არამედ მათი ნიჭის და უნარებიდან გამომდინარე, გარკვეული მიზნობრივი მიმართულებით. მაგალითად, დაეხმარონ დამწყებ მასწავლებლებს; იმუშაონ საკლუბო, ან საწრეო მიმართულებით; იყვნენ სკოლაში და მათი ნიჭი და უნარი სკოლის მიერ იქნას გამოყენებული.

„ხშირად ისინი დიდი დატვირთვით არ მუშაობენ და ინარჩუნებენ ადგილს სამსახურში. მესმის, რომ განსაკუთრებით რეგიონისთვის ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანი შენატანია ოჯახისათვის. მე მაინც მგონია, რომ ეს საერთო ეკონომიურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. იმხელა სისტემაა, რომ მასში უხეში ჩარევა. . . ხომ ნახეთ, გამოცდასთან მიმართებით, შედეგი ვერ მივიღეთ! ეს პრობლემაც კომპლექსურად მოსაგვარებელია. ერთის მხრივ, მოზიდვა ახალი კადრების. მე მაგალითად, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს შეიძლება უფრო იაფიც დაუჯდეს, თუ მიზნობრივ პროგრამას შეიმუშავებს მასწავლებლებისთვის, დამსახურებულ პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კახა ჟღენტმა.

„პედაგოგი ჩამოტარებით არ არის, ჩადგმით არის – ვინც კოლეგებთან არ თანამშრომლობს, სკოლიდან წავა“

სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებლების დეფიციტია

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური