რას მიაქცევს ყურადღებას შეფასების კომისია და როგორ დავწეროთ მასწავლებლის წინსვლისთვის სავალდებულო ხედვა – ინსტრუქციები ტრენერისგან
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის ფარგლებში წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა სკოლის დონეზე სასურველი ფუნქციური მიმართულებები (სწავლა-სწავლება, მართვა-ადმინისტრირება, საგანმანათლებლო კვლევა) უკვე აირჩიეს. ახლა მათ არჩეული ფუნქციის შესაბამისი პროფესიული ხედვის წარდგენის ვალდებულება აქვთ – ელექტრონული ფორმით.
სქემის თანახმად, მასწავლებელმა/სპეციალურმა მასწავლებელმა ელექტრონული სისტემით უნდა წარადგინოს საკუთარი ხედვა სასურველი მიმართულებით ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებით. წარდგენილ განაცხადს განიხილავს შესაბამისი კომისია და აფასებს წარმოდგენილი ხედვის შესაბამისობას კონკრეტული მიმართულებით განსაზღვრულ სკოლის საჭიროებებთან.
კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
რას მიაქცევს ყურადღებას შეფასების კომისია ხედვის დოკუმენტში?
ამ საკითხს ეხმიანება ტრენერი/ სერტიფიცირებული პედაგოგი, მანანა ხვედელიძე და ხედვის წერის ინსტრუქციასთან ერთად, ამ კითხვაზე პასუხსაც გვთავაზობს
შეფასების კომისია ხედვის დოკუმენტში ყურადღებას მიაქცევს შემდეგს:
- არსებული სიტუაციის სიღრმისეული ანალიზი – კონკრეტული მონაცემები და საჭიროებები (და არა ზოგადი ფრაზები).
- SMART მიზნები – მკაფიო, რეალისტური და გაზომვადი ამოცანები.
- სამოქმედო გეგმა & მეთოდოლოგია – თანამედროვე მიდგომები, ციფრული რესურსები და დიფერენცირებული სწავლება.
- კოლეგებთან თანამშრომლობა – გამოცდილების გაზიარება, ვორქშოფები და კათედრული აქტივობები.
ნაწილი I: ვინ წერს პროფესიულ ხედვას?
1. კარიერული წინსვლის მსურველი უფროსი მასწავლებელი (და უფროსი სპეციალური მასწავლებელი): პედაგოგი, რომელმაც წარმატებით დაძლია პროფესიული უნარების გამოცდის შესაბამისი ზღვარი (ან ფლობს დოქტორის ხარისხს) და eSchool-ის სისტემაში აკეთებს განაცხადს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
კარიერული წინსვლის მსურველი წამყვანი მასწავლებელი (და წამყვანი სპეციალური მასწავლებელი): პედაგოგი, რომელმაც პროფესიული უნარების გამოცდაზე გადალახა მენტორისთვის დაწესებული 75%-იანი ზღვარი (ან ფლობს დოქტორის ხარისხს) და ეძებს მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას.
დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პედაგოგები: პირები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად თავისუფლდებიან საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდებისგან და პირდაპირ გადიან პრაქტიკული საქმიანობისა და ხედვის შეფასებას.
ხედვის დოკუმენტს არ წერს: ფუნქციის შესრულების ვალდებულების მქონე წამყვანი და მენტორი მასწავლებლები.
ნაწილი II: რა არ უნდა ჩავწეროთ დოკუმენტში (დახარვეზების თავიდან აცილება)
შეფასების კომისიის მიერ ხედვის დახარვეზებისა და დაბალი ქულის (0–1 ქულა) მიღების ძირითადი მიზეზები უკავშირდება არა ტექნიკურ ხარვეზებს, არამედ შინაარსობრივ შეცდომებსა და არასწორ ლოგიკას:
1. ოფიციალური სტანდარტის ან ფუნქციის აღწერის მშრალი გადმოწერა
შეცდომა: კანონის, სქემის ან პროფესიული სტანდარტიდან ტექსტის პირდაპირი კოპირება.
რატომ დახარვეზდება: ოფიციალური აღწერის გადმოწერა აჩვენებს წყაროს ფორმულირებას, მაგრამ ვერ ახსნის, თუ როგორ ესმის მასწავლებელს ამ ფუნქციის პროფესიული აზრი საკუთარ სასკოლო გარემოში.
სწორი მიდგომა: ოფიციალური შინაარსი განმარტეთ საკუთარი სიტყვებით და დაუკავშირეთ თქვენი სკოლის კონკრეტულ საჭიროებას.
2. ზოგადი, დეკლარაციული ფრაზები შინაარსისა და მონაცემების გარეშე
შეცდომა: ფრაზები: „მინდა ხარისხიანი განათლება“, „ხელს შევუწყობ მოსწავლეთა გაუმჯობესებას“, „ხშირად ვთანამშრომლობ კოლეგებთან“.
რატომ დახარვეზდება: ზოგადი სურვილები არ ქმნის კონკრეტულობას; კომისია ითხოვს ცვლილების ზუსტ შინაარსს, საწყის მონაცემებსა და საქმიანობის კავშირს.
3. ხედვის გადაქცევა ავტობიოგრაფიად ან წარსული მიღწევების ჩამონათვალად
შეცდომა: ტექსტის აგება იმაზე, თუ სად მუშაობდით, რა ტრენინგები გაიარეთ ან რა წარმატებები გქონდათ წარსულში.
რატომ დახარვეზდება: ხედვა არის მომავალზე ორიენტირებული სტრატეგიული დოკუმენტი. წარსული გამოცდილება მოიხმეთ მხოლოდ იმისთვის, რომ დაიმოწმოთ პირადი პრაქტიკის მაგალითი და დაასაბუთოთ მომავალი საქმიანობის გააზრება.
4. ხედვის ჩანაცვლება დეტალური კალენდარული/სამოქმედო გეგმით
შეცდომა: დოკუმენტის აგება მხოლოდ თვეების, ზუსტი თარიღების, რესურსებისა და პასუხისმგებელი პირების დეტალურ ცხრილად.
რატომ დახარვეზდება: ხედვა გვიხსნის ცვლილების პროფესიულ აზრს და საჭიროებას, ხოლო სამოქმედო გეგმა შესრულებას დეტალურ ნაბიჯებად შლის. დეტალურმა კალენდარმა შეიძლება დაფაროს პროფესიული მსჯელობა.
5. მოსწავლეთა და კოლეგათა პერსონალური მონაცემების გამჟღავნება
შეცდომა: მოსწავლეთა სახელების, გვარების ან კოლეგების პერსონალური მონაცემების ჩაწერა.
რატომ დახარვეზდება: ირღვევა კონფიდენციალობისა და მონაცემთა დაცვის ეთიკური სტანდარტი.
სწორი მიდგომა: გამოიყენეთ ანონიმიზებული კოდები ( მოსწავლე 1, მოსწავლე 2), რაოდენობები ან პროცენტული მაჩვენებლები.
6. დაუმტკიცებელი ვარაუდები და არასანდო განზოგადებები
შეცდომა: ერთი შემთხვევითი საუბრის ან პირადი შთაბეჭდილების საფუძველზე მთელ სკოლაზე განზოგადებული დასკვნების გამოტანა.
რატომ დახარვეზდება: საწყისი მონაცემები უნდა იყოს გადამოწმებადი (ტესტების, დაკვირვების, eSchool-ის ბაზის ან კათედრის განხილვის შედეგები).
7. ფოკუსირება მხოლოდ საკუთარ კლასზე
შეცდომა: ხედვის შეზღუდვა მხოლოდ საკუთარი გაკვეთილებითა და საკუთარი კლასის მიღწევებით.
რატომ დახარვეზდება: წამყვანი და მენტორი მასწავლებლის ფუნქცია გულისხმობს გავლენას კოლეგების პრაქტიკასა და სკოლის/სკოლების დონეზე.
8. საქმიანობის/აქტივობის ჩატარების აღრევა შედეგთან
შეცდომა: ფრაზები: „ჩატარდება 3 შეხვედრა“ ან „ჩატარდა ვორქშოფი“ წარმოდგენილია როგორც საბოლოო შედეგი.
რატომ დახარვეზდება: შეხვედრის ჩატარება არის აქტივობა და არა შედეგი. შედეგი არის ის, თუ რა შეიცვალა ამ შეხვედრის შემდეგ კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ან მოსწავლეთა უნარებში.
9. შეფასების ინსტრუმენტის უბრალო დასახელება
შეცდომა: ჩანაწერი: „შედეგს შევაფასებ კითხვარით/ტესტით“.
რატომ დახარვეზდება: მხოლოდ ინსტრუმენტის დასახელება არ გვიჩვენებს შეფასების გზას. უნდა განმარტოთ, რა მონაცემს შეაგროვებს ეს ინსტრუმენტი და როგორ გააანალიზებთ პასუხებს.
10. დაუდასტურებელი რუბრიკებისა და პროცენტული პროგნოზების ჩაწერა
შეცდომა: ტექსტში გარანტირებული პროცენტული ზრდის (მაგ. „მივაღწევ 20%-იან გაუმჯობესებას“) მითითება საწყისი მონაცემების, საზომი ერთეულისა და ინსტრუმენტის დასაბუთების გარეშე.
ნაწილი III: ელექტრონულ სისტემაში (eSchool) წარდგენის წესები
ტექნიკური დახარვეზების თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი ნაბიჯები:
1. ავტორიზაცია: შედით new eSchool-ის სისტემაში თქვენი ოფიციალური ელფოსტის ანგარიშით.
2. მიმართულებისა და ფუნქციის არჩევა: დარწმუნდით, რომ ირჩევთ სწორ მიმართულებას (*სწავლა-სწავლება, მართვა/ადმინისტრირება, საგანმანათლებლო კვლევა*) და იმ ვაკანტურ ფუნქციას, რომელიც გამოცხადებულია თქვენი სკოლის ან რესურსცენტრის დონეზე.
3. ფაილის გადამოწმება: ატვირთვისას გადაამოწმეთ, რომ ნამდვილად შერჩეული მიმართულების შესაბამის საბოლოო ფაილს ტვირთავთ.
4. სტატუსის გადამოწმება: განაცხადის გაგზავნის შემდეგ „ჩემი სქემა“-ს დეტალებში დარწმუნდით, რომ სისტემაში გამოჩნდა სტატუსი „წარდგენილი“.
გახსოვდეთ, მაღალქულიანი ხედვის ფორმულა ეფუძნება ლოგიკურ ჯაჭვს: სკოლის რეალური საჭიროება, კონკრეტული SMART ამოცანა, სამიზნე ჯგუფების აქტიური ჩართულობა, ინსტიტუციური გავლენა, გაზომვადი შედეგის შეფასება.
ხედვის ინსტრუქციები მანანა ხვედელიძისგან:
წერილობითი ინსტრუქცია: ხედვის შედგენისა და წარდგენის ინსტრუქცია კარიერული წინსვლის მსურველი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის
ვიდეოინსტრუქცია: როგორ დავწეროთ და წარვადგინოთ ხედვა შეფასების კომისიასთან
თუ მასწავლებელი ან სპეციალური მასწავლებელი შესაბამისი კომისიისგან მიიღებს პასუხს განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ, მას უფლება მიეცემა, შეასრულოს არჩეული მიმართულების შესაბამისად განსაზღვრული ფუნქცია ერთი სასწავლო წლის განმავლობაში და ამასთან, საქმიანობის განხორციელების პარალელურად, მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი ვალდებული იქნება გაიაროს შესაბამისი დონისა და მიმართულების სპეციალური კურსი.
ხოლო, თუ მასწავლებელი ან სპეციალური მასწავლებელი შესაბამისი კომისიისგან მიიღებს პასუხს განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კომისია ვალდებულია გასცეს არგუმენტირებული უკუკავშირი. უარის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე თემაზე:
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება
-
„ამაზეც არ უნდა შევჩერდეთ“ – პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის პოზიციები საქართველოს ევროპულ EQAR-ში დაბრუნებაზე
by ARIS.GE-განათლება