GE

ასობით უცხოელი სტუდენტი ქართული უნივერსიტეტების დატოვების საფრთხის წინაშე დგას – მიგრაციის კანონის პირველი შედეგი

მიგრაციის შესახებ კანონის გამკაცრების შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უმაღლესი სასწავლებლების უცხოელ სტუდენტებს სასწავლებლების დატოვებისა და საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების საფრთხე ემუქრებათ.

პირველი სექტემბრიდან გამკაცრებული კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობის უფლება საკუთარ ქვეყნებში არსებულ საქართველოს ოფიციალურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში უნდა მოიპოვონ.

აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებზე Aris.ge-განათლებას პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი ელისო ჩაფიძე ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რომ უცხოელი სტუდენტების თემა ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია და მისი მოგვარება საკანონმდებლო ხარვეზის გასწორებით იგეგმება.

სანამ ხელისუფლების მიერ საკითხის გადასაჭრელად დასახულ გზებს გაგაცნობთ, Aris.ge-განათლება დეტალურად წარმოგიდენთ უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსული ახალგაზრდებისთვის წარმოქმნილი პრობლემის არსს. სამედიცინო უნივერსიტეტის 400–მდე სტუდენტს და სხვადასხვა უნივერსიტეტების ასობით კურსანტს, საქართველოს კანონმდებლობა ქვეყანაში დასარჩენად და სწავლის გასაგრძელებლად საემიგრაციო ვიზის აღებას ავალდებულებს. მათ კი ამ ვიზის ასაღებად სამშობლოში დაბრუნება მოუწევთ.

გარდა ვიზისა, უცხოელ სტუდენტებს საქართველოში ბინადრობის უფლებაც სჭირდებათ, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გასცემს. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში ბინადრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ თითოეული სტუდენტის დოკუმენტაცია ინდივიდუალურად განიხილება, ნაწილს კი უარყოფით პასუხს ეუბნებიან. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა საქართველოში სწავლას ის სტუდენტები, რომლებსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ბინადრობის მოთხოვნაზე უარი უთხრეს. როგორც Aris.ge-განათლებას ელისო ჩაფიძემ განუცხადა, ამ საკითხის მოგვარება ოქტომბრის ბოლომდე უნდა მოხერხდეს.

Aris.ge-განათლებას საკუთარი პრობლემის შესახებ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა “აისეტის” სტუდენტი ტევსო მატევოსიანი ესაუბრა. იგი ერთ–ერთია იმ უცხოელ სტუდენტებს შორის, რომელთაც “მიგრაციის შესახებ” კანონის გამკაცრების გამო, საქართველოში ბინადრობის ნებართვაზე უარი უთხრეს. საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში, “აისეტის”სტუდენტს სწავლის შეწყვეტა და საქართველოს დატოვება მოუწევს.

“აისეტში” სასწავლებლად სხვა სტუდენტებთან ერთად ჩამოვედი. არ მაძლევენ უფლებას, საქართველოში ვისწავლო. უნივერსიტეტში ცდილობენ ჩემ დახმარებას, თუმცა დარჩენის გარანტიას ვერ მაძლევენ. თუ ოქტომბრის ბოლომდე ბინადრობის უფლებას არ მომცემენ, სწავლის შეწყვეტა, საქართველოს დატოვება და ჩემ სამშობლოში დაბრუნება მომიწევს”,– განაცხადა ტევსო მატევოსიანმა.

საკითხზე კომენტარს ეკონომიკის საერთშორისო სკოლა “აისეტის” ხელმძღვანელი ერიკ ლევინიც აკეთებს. მისი თქმით, წელს “აისეტმა” 10 უცხოელი სტუდენტი მიიღო. უნივერსიტეტის რექტორის განმარტებით, ბინადრობის მოთხოვნით ათივე სტუდენტის მიერ შეტანილი ყველა აპლიკაცია იდენტური იყო, თუმცა მათგან ნებართვა მხოლოდ 7–მა მიიღო, ორს უარი ეთქვა, ერთის საქმე ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია.

მისივე განმარტებით, კანონში შეტანილმა ცვლილებამ სპეციფიური პრობლემები წარმოქმნა და თუკი საკითხი დროულად არ გადაწყდა, “აისეტი” სომხეთიდან და აზრებაიჯანიდან ჩამოსულ სტუდენტებს ვეღარ მიიღებს.

“აისეტის” სტუდენტებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში არ განმარტავენ. უწყებაში მხოლოდ ბინადრობაზე უარის თქმის შესაძლო საფუძვლებზე საუბრობენ.

საკითხის კომენტირებისას სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურის მოქალაქეებისა და მიგრაციის სამმართველოს უფროსი სოსო გიორგაძე ამბობს, რომ ბინადრობაზე უარის თქმის სხვადასხვა საფუძვლები არსებობს და ამ ნორმებს “მიგრაციის შესახებ” კანონი ადგენს.

“აისეტის” გარდა, საკანონმდებლო ცვლილებებმა პრობლემები კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტს შეუქმნა. სწავლის შეწყვეტის საფრთხის წინაშე საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის 400–მდე სტუდენტი დგას. სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის, ია ავალიანის განცხადებით, სტუდენტები იძულებულები ხდებიან, საემიგრაციო ვიზის ასაღებად სამშობლოში დაბრუნდნენ, რაც მათ სწავლაში ხელს უშლით.

სტუდენტებისთვის სავიზო პრობლემების შექმნას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაშიც ეხმაურებიან. ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი მარკ პულტსი განმარტავს, რომ აღნიშნული დაბრკოლებების შექმნა იმ ხარვეზებს უკავშირდება, რომლებიც “მიგრაციის შესახებ” კანონის შემუშავებისას არ განსაზღვრეს. მისი თქმით, მსგავსი დაბრკოლებების წარმოქმნა მოულოდნელი იყო.

Aris.ge-განათლება შეეცადა გაერკვია, რას გეგმავს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად და გადაიხედება თუ არა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული და უკვე დამტკიცებული “მიგრაციის შესახებ” კანონი.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ ეს თემა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია და საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას საჭიროებს.

მისივე თქმით, საკითხი საბოლოოდ ოქტომბრის ბოლომდე უნდა გადაწყდეს.

დეპუტატების მიერ საკანონმდებლო ცვლილების განუხორციელებლობის შემთხვევაში, უცნობია, გააგრძელებენ თუ არა საქართველოში სწავლას ის სტუდენტები, რომლებსაც სამოქალაქო რეესტრმა ბინადრობის უფლებაზე უარი განუცხადა.

Aris.ge-განათლება გაგაცნობთ “მიგრაციის შესახებ” კანონის იმ ნაწილს, რომელიც ზემოთ აღნიშნული პრობლემის მიზეზი გახდა:

კანონის თანახმად, 24 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე შემოსვლა არ შეეძლებათ. ამასთან, “უცხოელთა და მოქალაქეობის არქმონე პირთა სამართლებრივი მდგომაროების შესახებ კანონში” შეტანილი ცვლილებების თანახმად, 94 ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოში უვიზოდ გაჩერებას, ნაცვლად ადრე განსაზღვრული 360 დღისა, 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.

უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ მხოლოდ ევროპის ქვეყნების, ნატო-ს წევრი, დსთ-ის წევრი და საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეები.

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური