GE

რას ნიშნავს „დაუძლეველი ძალა“ – სოფიო გორგოძის განმარტება აბიტურიენტებს

„ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ის, რომ დროულად გამოცხადდეთ საგამოცდო ცენტრში“, – ამ სიტყვებით 2023 წლის აბიტურიენტებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ, დღეს, 1-ელ ივლისს მიმართა.

NAEC-ის ხელმძღვანელი, მედიისთვის გამართული ღია კარის დღის ფარგლებში, 177-ე საჯარო სკოლის შენობაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს სოფიო გორგოძემ განუცხადა, გარდა იმისა, რომ აბიტურიენტებმა დაგვიანებასთან დაკავშირებით უნდა იფრთხილონ, ისიც არ უნდა დაივიწყონ, რომ რეგისტრაციის მესამე ეტაპი -პროგრამების გადარჩევა, ჯერ კიდევ შეუძლიათ.

„გარდა იმისა, რომ აბიტურიენტები დროულად უნდა გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში, ჩემი კიდევ ერთი გაფრთხილება იქნება ის, რომ რეგისტრაციის მესამე ეტაპი -პროგრამების გადარჩევა, მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ და როცა ეცოდინებათ, რა ქულებით დაასრულეს გამოცდები, აუცილებლად გადახედონ კიდევ ერთხელ საკუთარ არჩევანს. არ მინდა, წელს გვქონდეს ისეთი შემთხვევები, როცა აბიტურიენტებმა ნორმალური ქულები მოიპოვეს გამოცდებზე, მაგრამ ვერსად ჩაირიცხნენ“, – თქვა სოფიო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა EDU.ARIS.GE-ს მკითხველი აბიტურიენტებისთვის ასევე განმარტა, რას ნიშნავს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე საპატიო დაგვიანების მიზეზთა შორის დასახელებული კატეგორია – “დაუძლეველი ძალა”:

„ხანძარი, ზვავი, წყალდიდობა, მიწისძვრა… თუ დაუძლეველ ძალასთან მოუწიათ აბიტურიენტებს გამკლავება, მაშინ უნდა მოგვმართონ განცხადებით და ამ შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლებათ გამოცდაზე დაგვიანება“.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც სოფიო გორგოძეს დავუსვით, საგამოცდო სექტორში კონდიციონერის ტემპერატურას შეხებოდა.

სოფიო გორგოძემ განგვიმარტა, რომ კონკრეტული რეგულაცია, თუ რა ტემპერატურაზე შეიძლება იყოს კონდიციონერი ჩართული, არ არსებობს და შესაბამისი გრადუსი ამინდის მიხედვით რეგულირდება.

„რა ტემპერატურაზე უნდა იყოს ჩართული კონდიციონერი ამასთან დაკავშირებით კონკრეტული რეგულაცია არ გვაქვს. კონდიციონერებს ვრთავთ დილიდან, თუმცა ისეც ხდება ხოლმე, რომ თავად აბიტურიენტები გვთხოვენ გამოვრთოთ, ან დავარეგულიროთ ტემპერატურა. ხშირად იყოფა ხოლმე საგამოცდო სივრცეში მყოფი აბიტურიენტების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და უმრავლესობის აზრი როგორიც იქნება, ისე დარეგულირდება ტემპერატურაც“, – განმარტა NAEC-ის ხელმძღვანელმა.

სოფიო გორგოძემ დამატებით აღნიშნა, რომ საგამოცდო სივრცეში კონდიციონერის ტემპერატურას დამკვირვებელი არეგულირებს, აბიტურიენტმა სწორედ მას უნდა მიმართოს და თუ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება, აქვს გასაჩივრების უფლებაც:

„თუ აბიტურიენტმა პროცედურული დარღვევად მიიჩნია ეს საკითხი, შეუძლია, რომ დაწეროს საჩივრის განცხადება დღის ბოლომდე“.

ასევე იხილეთ:

როდის შეეძლება გამოცდაზე დაგვიანებულ ან გამოუცხადებელ აბიტურიენტს დამატებითი ტესტირება მოითხოვოს – ბრძანება

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური