„აუცილებლად გაიაზრეთ!“ – გია მურღულიას წერილი აბიტურიენტებს პროფესიის არჩევასა და განათლების რეგიონულ გამოფენაზე
EDU.ARIS.GE–ს განათლების რეგიონული გამოფენის ფარგლებში, გადავწყვიტეთ, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და განათლების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის მიგვემართა. ეს ადამიანები უფროსკლასელებს პროფესიის სწორად არჩევისა და მათ შორის, მსგავსი გამოფენებით სწორი ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.
გია მურღულია, განათლების სპეციალისტი, სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორი
პროფესიის არჩევის შესახებ
პროფესიის არჩევა ადამიანის ცხოვრებაში გადასადგმელი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ბევრი თვალსაზრისით, სწორედ ის განსაზღვრავს, როგორნი ვიქნებით ჩვენ მრავალი მომდევნო წლის განმავლობაში – კმაყოფილნი ვიქნებით თუ არა საკუთარი სოციალური სტატუსით, მოგვანიჭებს თუ არა სიამოვნებასა და სიხარულს სამუშაო ადგილზე ყოველდღიური მისვლა, დავიმსახურებთ თუ ვერა ადამიანთა აღიარებასა და მადლობას. სამუშაო, რომელსაც ვასრულებთ, უშუალოდ არის დაკავშირებული ჩვენს განწყობასთან, ინტელექტთან, ემოციასთან. გარკვეული აზრით, ის ჩვენი მეორე “მეა”, რადგან რასაც ადამიანი ქმნის, იმდენადვე წარმოადგენს მას, რამდენადაც საკუთარი გამოსახულება სარკეში.
რაკი ეს საქმე დიდ პერსონალურ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, შევეცდები რამდენიმე რჩევა მივცე ახალგაზრდებს:
1. კარგად განასხვავეთ, რა მოგწონთ და რა შეგიძლიათ – ზოგჯერ პირველი პირდაპირ სრულიადაც არ განაპირობებს მეორეს. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი შესაძლებლობები საკმარისია პროფესიული მიზნის მისაღწევად.
2. შეეცადეთ დაინახოთ და შეაფასოთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება თქვენ მიერ არჩეული პროფესია, უახლოეს მომავალშიც და ხანგრძლივ პერსპექტივაშიც, სამუშაო ადგილის მოძიების თვალსაზრისით – შესაძლოა შესაბამისი საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მოთხოვნის არარსებობამ თქვენი თუნდაც მაღალი კვალიფიკაცია უსარგებლო გახადოს.
3. აუცილებლად გაიაზრეთ, რა სახის სამუშაო გექნებათ ყოველდღიურად შესასრულებელი, როგორც რუტინული, ისე შემოქმედებითი განხრით. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ შესაძლოა თქვენ არანაირი პრობლემა არ გქონდეთ სპეციალური მომზადების თვალსაზრისით და ადვილად გადალახოთ ნებისმიერი პროფესიული პრობლემა, მაგრამ თავად სამუშაო პროცესი არავითარ სიამოვნებას არ განიჭებდეთ. სწორედ ამიტომ კარგი იქნება, მომავალმა ჟურნალისტმა ნახოს, როგორ მზადდება ამა თუ იმ პროფილის გადაცემები; მომავალმა იურისტმა მცირედ მაინც გაიცნოს მოსამართლის, პროკურორისა თუ ადვოკატის პრაქტიკა; მომავალმა მასწავლებელმა შეიცნოს, როგორ იგეგმება აკადემიურად გაკვეთილი ან აღმზრდელობითი პროცესი; მომავალმა ინჟინერმა გაიაზროს, როგორი იქნება, მაგალითად, მშენებლის ერთი სამუშაო დღე და ა.შ. შესაძლოა, ყველაფერ ამის გაცნობამ უკვე მიღებული გადაწყვეტილებაც კი შეგვაცვლევინოს. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ იმას გაცილებით აჯობებს, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინოთ, რომ 4 წელი ბაკალავრიატში ტყუილად გისწავლიათ და არ მოგწონთ ის საქმე, რომელიც არასწორად აირჩიეთ.
4. კარგად შეისწავლეთ ის უმაღლესი სასწავლებელი, რომელშიც ფიქრობთ ბაკალავრის, შემდეგში კი მაგისტრის აკადემიური წოდება მიიღოთ. ნახეთ შესაბამისი პროგრამები, თუ ამის შესაძლებლობა გექნებათ, შეადარეთ სხვა სასწავლებელთა პროგრამებს; აუცილებლად გაიგეთ, როგორია პროფესორთა კორპუსი ან რამდენად უზრუნველყოფილია სათანადო აკადემიური რესურსებით სასწავლებლის ბიბლიოთეკა. ბევრი ამას შესაფერის ყურადღებას არ აქცევს და ფიქრობს, რომ უნივერსიტეტის სტატუსი უკვე თავისთავად ნიშნავს სწავლებისა და პროფესიული მომზადების მაღალ ხარისხს. ეს ასე არ არის – ისევე როგორც სხვა სფეროებში, აქაც არსებობს პრესტიჟის ცნება.
5. შეეცადეთ კარგად გაიცნოთ შესაბამისი უნივერსიტეტის (უნივერსიტეტთა) სოციალური გარემო – რამდენად დაგაკმაყოფილებთ საცხოვრებელი (თუ ის გჭირდებათ), აკადემიურ, შემოქმედებით, სოციალურ თუ სპორტულ ინტერესთა რეალიზების შესაძლებლობები.
ზემოთქმულის გათვალისწინება, ნებისმიერი აბიტურიენტისთვის ფრიად საჭირო და სასარგებლო იქნება, მონაწილეობა მიიღოს შემოთავაზებულ რეგიონულ გამოფენებში, რომელთა ფარგლებშიც შეძლებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღებას მისთვის საინტერესო ყველა საკითხზე.
ცხადია, ეს მას დაეხმარება მართებული არჩევანის გაკეთებაში – სჯობს თავიდანვე სერიოზულად გაიაზრო გადასადგმელი ნაბიჯი, ვიდრე დაგვიანებით მიხვდე, რომ რასაც აკეთებ, შენი საქმე არ არის.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია გამოფენის მონაწილეებისა და ლოკაციის შესახებ
- გამოფენა სწორი არჩევანის გაკეთებაში დამეხმარება – მე-10 კლასელი მარიამი ქუთაისიდან by გამოფენის ამბები
- „სწორი მოლოდინების შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“ – მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს მიმართავს by გამოფენის ამბები
- „გამოფენამ უნდა დაანახოს ახალგაზრდას, რა კარიერული კიბე იშლება მის წინ და სად შეიძლება მიიყვანოს იგი დღეს გაკეთებულმა არჩევანმა“ by გამოფენის ამბები