GE

აუდიტი: „ტელესკოლის“ განმახორციელებლებმა არ იციან, რამდენი მომხმარებელი ჰყავს პროგრამას და ასრულებს თუ არა ძირითად მოვალეობას

„ტელესკოლის გაკვეთილები სრულიად არ ფარავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სავალდებულო საგნებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის საჭირო უნარების განვითარებას“, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 6 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც დისტანციურ სწავლებასა და მის ეფექტიანობას ეხება.

სახელმწიფო აუდიტი ასკვნის, რომ „ტელესკოლის“ განმახორციელებელი უწყებები არ ფლობენ სრულ და უახლეს ინფორმაციას, რამდენი მომხმარებელი ჰყავს პროგრამას და ასრულებს თუ არა იგი ძირითად მიზანს.

„ტელესკოლის“ გამოყენების შეფასების მიზნით და ზემოაღნიშნული მონაცემების მოსაპოვებლად, აუდიტმა განათლების სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციაც გამოითხოვა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ სამინისტრო აღნიშნულ ციფრებს არ ფლობს. ეს ინფორმაცია არ აქვს არც საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელზეც გადის საგანმანათლებლო პროგრამა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვისაც უცნობია პროექტ „ტელესკოლის“ ნახვადობის სტატისტიკა და რეიტინგები. პროგრამის განმახორციელებელი ერთეულები არ ფლობენ სრულ და უახლეს ინფორმაციას, რამდენი მომხმარებელი ჰყავს პროექტს, რომელი რეგიონის მოსწავლეებისთვის არის პროექტი საინტერესო, რომელი კლასის და რომელი საგნის გაკვეთილები არის მეტად/ნაკლებად ყურებადი მოსწავლეების/მასწავლებლების მიერ, სად არის პროექტის გაუმჯობესების პოტენციალი. სამინისტრო ფლობს ინფორმაციას რეგიონების მიხედვით იმ მოსწავლეების შესახებ, რომლებიც მხოლოდ ტელესკოლით იღებენ განათლებას, თუმცა არ არსებობს მსგავსი მონაცემი საგნების მიხედვით ყურებადობისა და იმ მოსწავლეების შესახებ, რომლებიც იყენებენ ტელესკოლას, როგორც დამხმარე რესურსს. შესაბამისად, არ მიმდინარეობს პროცესის სათანადო მონიტორინგი, რაც აფერხებს პროექტის ეფექტიანობის შეფასებისა და პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობას“, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

დოკუმენტში „ტელესკოლის“ საგნებსა და სილაბუსზეც არის ყურადღება გამახვილებული. აუდიტმა შეისწავლა „ტელესკოლის“ 2020 – 2021 წლებში ჩაწერილი საგნები კლასების მიხედვით და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს შეადარა. პროგრამის ფარგლებში ჩაწერილია როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო საგნის ტელეგაკვეთილები სხვადასხვა კლასებისთვის, თუმცა გადაცემა არ მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ 2 სავალდებულო საგანს:

  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – დაწყებითი და საბაზისო საფეხური;
  • მეორე უცხო ენა – მე-5 და მე-12 კლასები.

აუდიტის მიერ გამოკითხული 52 მასწავლებლიდან, 12 მათგანი სწორედ ამას ასახელებს „ტელესკოლის“ ერთ-ერთ უარყოფით მხარედ.

აუდიტი წერს, რომ პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის მარტი – დეკემბრის მდგომარეობით დასაქმებული იყო სხვადასხვა საგნის 199 მასწავლებელი. მათი შერჩევა საჯარო კონკურსით არ მომხდარა და ისინი ორ ეტაპიანი პროცესის გავლის შემდეგ აიყვანეს:

„პირველ ეტაპზე სამინისტრომ წარმოადგინა პოტენციური მასწავლებლები თბილისის სკოლებიდან და წარუდგინა საზოგადოებრივ მაუწყებელსაც, ხოლო შემდეგ სატელევიზიო ფორმატისთვის შეარჩიეს მასწავლებლები“.

ანგარიშის ავტორთა ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვები განათლებას მხოლოდ „ტელესკოლის“ დახმარებით იღებდნენ: 2019 – 2020 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში 8,564 ბავშვი იღებდა მხოლოდ „ტელესკოლით“ განათლებას, 2020 – 2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში – 3,267 მოსწავლე, ხოლო მე-2 სემესტრში – 2,314 მოსწავლე.

დოკუმენტში ასევე საუბარია სამი ძირითადი საგნის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ინგლისური ენის შესახებ და როგორც აუდიტი წერს, მითითებულ საგნებში „ტელესკოლის“ სილაბუსი სრულიად ფარავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ძირითად მასალას.

მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც განათლებას იღებდნენ მხოლოდ ტელესკოლის საშუალებით, რეგიონების მიხედვით:

„ტელესკოლაზე“ ხელმისაწვდომობა და მისი გამოყენების მაჩვენებლები:

აუდიტის ანგარიშში წერია, რომ გამოკითხვის მიხედვით, რომელიც სამინისტრომ 2019-2020 სასწავლო წლისთვის ჩაატარა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და მოქმედების პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში „ტელესკოლა“ ხელმისაწვდომი არ იყო 8,920 მოსწავლისთვის, რაც ამავე სასწავლო წლის მოსწავლეების 1,7%-ს შეადგენს, ხოლო საგანგებო მდგომარეობის პერიოდში – 6,815 მოსწავლისთვის, რაც ამავე წელს მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 1,3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება აუდიტის გამოკითხვას „ტელესკოლასთან“ დაკავშირებით, ამ გამოკითხვით რამდენიმე ფაქტორი გამოვლინდა:

„ტელესკოლის“ გამოყენება: პროგრამა არასდროს გამოუყენებია 312 გამოკითხული მასწავლებლიდან 52-ს; მე-12 კლასის 183 მოსწავლიდან 56-ს და 1-9 კლასის 81 მოსწავლიდან 23-ს. „ტელესკოლას“, როგორც დამხმარე რესურსს, ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში იყენებს გამოკითხული 312 მასწავლებლიდან 142, ხოლო მომავალში გამოყენებას გეგმავს – 259.

„ტელესკოლის“ თემატიკა: გამოკითხული 144 სრულწლოვანი მოსწავლიდან – 75 და 1-9 კლასის 69 მოსწავლის მშობლიდან 40 თვლის, რომ ნაწილობრივ არსებობს კავშირი „ტელესკოლისა“ და სკოლის გაკვეთილებზე ახსნილ მასალებს შორის. გამოკითხული 145 სრულწლოვანი მოსწავლიდან 86-ისა და 1-9 კლასის 68 მოსწავლის მშობლიდან 54-ის აზრით, „ტელესკოლის“ გაკვეთილზე ახსნილი მასალა იყო გასაგები.

უკუკავშირი: გამოკითხული 139 სრულწლოვანი მოსწავლიდან 55-ს და 1-9 კლასის 65 მოსწავლიდან 29-ს, „ტელესკოლის“ ყურების შემდეგ, ნანახ მასალასთან დაკავშირებით არასოდეს ჰქონია მასწავლებლებთან უკუკავშირი.

აუდიტის სამსახური იშველიებს UNICEF – ისა და საქსტატის მიერ ჩატარებულ კვლევასაც, რომლის მიხედვით, 6-17 წლის ბავშვების 57,3% უყურებდა ან უსმენდა სატელევიზიო გაკვეთილებს სკოლების დახურვის შემდეგ, ხოლო 2021 – 2022 წელს 3,1% უყურებდა ტელესკოლის ყველა გაკვეთლს, 5,1% – ზოგიერთ გაკვეთილს და 91,7% არ იყენებდა ტელესკოლას.

დოკუმენტში მოცემულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის კვლევის შედეგებიც ტელესკოლის გამოყენების შესახებ, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

„სამინისტროს მიერ პანდემიის საპასუხოდ განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, დისტანციური სწავლების პროცესს გააჩნდა გარკვეული ნაკლოვანებები და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვას“, – დასძენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური საკუთარ ანგარიშში.

ამვე თემაზე:

„გახანგრძლივდეს სასწავლო პროცესი და სკოლაში გატარებული დრო 3-4 საათამდე“ – რა გველის, თუ პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს ვერ დავძლევთ

„განათლების სამინისტროს არ აქვს საგანგებო სამოქმედო გეგმა“ – აუდიტმა დისტანციური სწავლების მთავარი პრობლემები დაასახელა

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური